პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზებისთვის გადასახლების ტკივილი კარგად ნაცნობია, ამიტომ მიკვირს, რომ ორი საუკუნის შემდეგ თვითონ იმავეს აკეთებენ

პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზებისთვის გადასახლების ტკივილი კარგად ნაცნობია, ამიტომ მიკვირს, რომ ორი საუკუნის შემდეგ თვითონ იმავეს აკეთებენ

1864 წლის 21 მაისი არის ტრაგედია კავკასიელი ხალხების ისტორიაში, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნის დღის შეფასებისას განუცხადა. 

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, 1964 წელს 21 მაისის კრასნაია პოლიანაზე რუსულ-კავკასიური ომი ადიღელების, უბიხების და აფხაზების დამარცხებით დასრულდა, რასაც ამ ხალხისთვის ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. 

”ამ ხალხების ნაწილი ფიზიკურად გაანადგურეს, დიდი ნაწილი კი იძულებით გადაასახლეს ოსმალეთის იმპერიასა და ახლო აღმოსავლეთში. მხოლოდ აფხაზეთიდან 1864-1877 წლებში 100 ათასზე მეტ აფხაზს იძულებით დაატოვებინეს საკუთარი სახლი. გადასახლების ტკივილი კარგად არის ნაცნობი აფხაზი საზოგადოებისთვის და ამიტომ მიკვირს, რომ ახლა ორი საუკუნის შემდეგ იგივეს თვითონ აკეთებენ და არ აძლევენ ეთნიკურად ქართველებს მშობლიურ აფხაზეთში და საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას. დღევანდელ დღეს მინდა პატივი მივაგო კავკასიური ომების მსხვეპლთა ხსოვნას და იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენი დევნილი მოსახლეობა უახლოეს მომავალში საკუთარ სახლებში შეძლებს ღირსეულად დაბრუნებას“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. 

1864 წლის 21 მაისის კრასნაია პოლიანაზე რუსულ-კავკასიური ომი ადიღელების, უბიხების და აფხაზების დამარცხებით დასრულდა, რასაც ამ ხალხის მასობრივი გადასახლება მოჰყვა. მუჰაჯირობის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუკაცრიელდა. 

გადასახლებულ მუჰაჯირ აფხაზთა რაოდენობა თურქეთში 100 ათას აღწევს, არაბულ ქვეყნებში - დაახლოებით 15 ათასს. გარდა აფაზებისა, დაახლოებით 150 000 ქართველ მუსლიმს მოუწია სამშობლოს დატოვება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან და სამცხე-ჯავახეთიდან.