"პირველი, ვინც სააკაშვილს ზურგში პოლიტიკურ მახვილს ჩასცემს ბრუტუსივით ზურგში, მერაბიშვილი იქნება"

"ამომრჩეველთა ლიგაში" თავი იმ ადამიანებმა მოიყარეს, ვის კისერზეც წლების განმავლობაში არაერთმა ბრძოლამ გადაიარა, ვისაც ამ კრიმინალურმა რეჟიმმა უამრავი ტკივილი მიაყენა. კარგად გვესმის, გველის ისტორიული არჩევნები, რომლითაც ქვეყნის ბედი გადაწყდება. "ამომრჩეველთა ლიგა" პოლიტიკურ წარმონაქმნად არ გადაიქცევა - ეს რომ გვნდომოდა, პოლიტიკურ ორგანიზაციას შევქმნიდით. ჩვენი განვლილი გზის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, სად იყო სწორი ჩვენი მოქმედება და სად - არა, ვფიქრობთ, რომ დღეს ჩვენი ადგილი საზოგადოებრივ მოძრაობაშია. ახალმა გარემოებებმა, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ბევრი რამ არსებითად შეცვალა", - აცხადებს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "პოლიტიკურად მომაკვდავი სააკაშვილის ბოლო კითხვა იქნება: შენც, ვანო?!" / "პირველი, ვინც სააკაშვილს ზურგში პოლიტიკურ მახვილს ჩასცემს ბრუტუსივით ზურგში, მერაბიშვილი იქნება".

"ამჟამინდელ ვითარებაში, როდესაც ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდა, რომელიც ყველა ასპექტში ჯაბნის "ნაციონალურ მოძრაობას" და შეუდარებლად უფრო დიდი პოტენციალი აქვს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი გამოცდილება სწორედ იქ არის საჭირო, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ქართველ საზოგადოებას, ეს არის საარჩევნო ინფრასტრუქტურა და პროცესი, სადაც ყველაზე მეტად ვლინდება ხელისუფლების ბოროტმოქმედება - ხალხის დაშინება, მოსყიდვა, გაყალბება, კარუსელები და ა.შ. მიგვაჩნია, რომ პროცესში რაც შეიძლება მასობრივად უნდა ჩაერთოს ხალხი, ეს უნდა იქცეს საერთო-სახალხო მოძრაობად, ვაპირებთ ჩვენი კავშირების გამოყენებას არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ვიცით, რა ხერხებსა და მეთოდებს მიმართავენ, არჩევნების გასაყალბებლად, ვიცით ისიც, ვინ არიან ამ გაყალბების ორგანიზატორები რეგიონებში, შესაბამისად, ჩვენი მოქმედება აუცილებლად მოიტანს შედეგს. "ამომრჩეველთა ლიგა" არსებობს ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მისი შტაბბინა ბრიუსელში მდებარეობს და თითქმის ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს არჩევნებისას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგა ხაინდრავა.

"ურთიერთობის საკითხზე კოალიცია `ქართულ ოცნებას" ჯერჯერობით არ დავლაპარაკებივართ. მათზეა დამოკიდებული, რა გზას აირჩევენ ჩვენთან საურთიერთობოდ. მე არც აქამდე დამიმალავს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას ძალიან დადებითად ვაფასებ. ჩვენი ამოცანა მათი ხელშეწყობაა, ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის ხელშეწყობა, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მიგვაჩნია, რომ ის ხმებიც უნდა იყოს დაცული, რომელსაც "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემენ, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი თავქარიანი ადამიანები კიდევ არიან ამ ქვეყანაში", - განაგრძობს რესპონდენტი.

"თუ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას არ მისცემენ, ისინი შემოდგომამდეც ვერ მიაღწევენ - ამ ფლიდი ნავაროს კვლევითაც კი მოსახლეობის 70% მოითხოვს, რომ ივანიშვილს მოქალაქეობა აღუდგეს. საინტერესოც აღარ არის ამ რეიტინგებსა და ნავაროსნაირ სუბიექტებზე ლაპარაკი. ნათქვამია, ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო, ამ ხელისუფლების წარმომადგენლები კი ყველანი ჯოჯოხეთის მოციქულები არიან. ეს პოლიტიკური რეიტინგები კი არა, ციფრებით მანიპულაციაა! მინდა, ნავაროს მივმართო და ვუთხრა: მიჩივლოს, რადგან მე მას ქრთამის აღებასა და ანგარებაში ვადანაშაულებ!" - აცხადებს გოგა ხაინდრავა და შეკითხვას - "შვეიცარიაში გადახვეწილმა ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს სააკაშვილის ხელისუფლებისგან საფრთხე ემუქრება. მან ასევე გაიხსენა ბადრი პატარკაციშვილისა და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საეჭვო გარემოებები", - პასუხობს:

"ამ სამწუხარო პრეცედენტების გათვალისწინებით, ადამიანმა საფრთხეებზე რომ არ იფიქროს, გიჟი უნდა იყოს. ეს მეც მეხება და ბიძინა ივანიშვილსაც. იმიტომ ვცემ ასეთ დიდ პატივს მას და იმიტომ მივიჩნევ, რომ ის ამ ქვეყნის საუკეთესო მოქალაქეა - ბიძინა ივანიშვილს მშვენივრად ესმოდა, რა საფრთხეს შეუქმნიდა თავსაც და ოჯახსაც პოლიტიკაში ჩართვით, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც გადადგა. ირაკლი ოქრუაშვილმა სახალხოდ აღიარა, როგორ სთხოვა სააკაშვილმა პატარკაციშვილის მოცილება, მე ამ შემთხვევაში ოქრუაშვილის მჯერა. გარდა ამისა, გვახსოვს "მასტერას" მოლაპარაკებები ჩეჩენ "ბოევიკებთან" და კოდუას ბნელი საქმიანობა. შედეგად კი ბადრი პატარკაციშვილი ცოცხალი აღარ არის, მისი გარდაცვალება კი ძალიან წააგავს მკვლელობას. რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას, უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ ის მოკლეს. ასეთი საფრთხეები არსებობს დღესაც და ეს იცის ბიძინა ივანიშვილმაც".

"თუმცა ვითარება შეცვლილია, ასპარეზზე სულ სხვა წონის ფალავანია გამოსული. თანაც მსოფლიო, აშშ-ის ადმინისტრაცია გამოფხიზლდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამერიკის ახლი ელჩის პირველივე გამოსვლა იყო სრულიად უპრეცედენტო. სწორედ ამიტომ დაეუფლა ბოკერიას უპერსპექტივობის განცდა, რაც ბოლო ხანს ძალიან შესამჩნევია. მას, სხვებისგან განსხვავებით, კარგად ესმის, რომ მისი პოლიტიკური მომავალი ბნელი და სრულიად უპერსპექტივოა. მერაბიშვილის საქმე ცოტა სხვანაირადაა. როგორც წესი, ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობენ, ადვილად პოულობენ ხოლმე თავშესაფარს. მერაბიშვილი რომ რუსეთის დაზვერვაზე მუშაობდა, ამაში ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი, რაც შეეხება ამერიკის დაზვერვას, ამერიკის დაზვერვის თანამშრომლები მერაბიშვილის ოფისში სხედან და, ალბათ, გამოუძებნიან ადგილს უცხოეთში მოღვაწეობისთვის. თუმცა პირველი, ვინც სააკაშვილს ზურგში პოლიტიკურ მახვილს ჩასცემს ბრუტუსივით ზურგში, მერაბიშვილი იქნება. პოლიტიკურად მომაკვდავი სააკაშვილის ბოლო კითხვა კი იქნება: "შენც, ვანო?!" - დასძენსრესპონდენტი

"... განხეთქილების ნიშნები სახელისუფლებო გუნდში როგორ არ ჩანს - ნუგზარ წიკლაური რომ გეყოლება პროპაგანდისტი და მის მჭევრმეტყველებაზე იქნება დაფუძნებული რომელიმე პარტიის პოლიტიკური მომავალი, რა მონოლითურობაზე შეიძლება ლაპარაკი? იცით, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალი 3-ჯერ გაიზარდა? კატასტროფულ ვალს გვიტოვებენ "ნაცმოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი. სხვათა შორის, ნაცმოძრაობის მხარდამჭერებს მინდა, ვუთხრა: ეს ვალი თქვენი შვილების გადასახდელიცაა. ნუ ჰგონიათ, დღეს ნაცმოძრაობის გადაყრილ კაპიკებს რომ ეხარბებიან, ეგ ფული ცხოვრების ბოლომდე ეყოთ".