”თავისუფალი დემოკრატები” პროკურატურასთან საპროტესტო აქციას გამართავს

”თავისუფალი დემოკრატები” პროკურატურასთან საპროტესტო აქციას გამართავს

”თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. კაბელების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს იწყებს. პარტიის ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ხუთი უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ გამოტანილი პატიმრობის განაჩენი ”თავისუფალი დემოკრატების” დღის წესრიგს ცვლის.
მისივე განმარტებით, პირველი აქცია დღეს, 14:00 საათზე, პროკურატურასთან გაიმართება და მას გამაფრთხილებელი ხასიათი ექნება. 
”ჩვენ არ მივატოვებთ უდანაშაულო ადამიანებს, მათ ოჯახებს. ვპირდები საზოგადოებას, რომ ყველა ღონეს ვიხმართ ამ ადამიანების ციხიდან დასახსნელად. ჩვენ კონსტიტუციური ნორმების სრული დაცვით და კანონიერი გზით, მათ შორის აქციებით ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის. ხუთი ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული, რა თქმა უნდა, ცვლის ჩვენი პარტიის დღის წესრიგს”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.