პარტიების ფინანსურ მენეჯერებს კონსულტაციებს კონტროლის პალატის აუდიტები გაუწევენ
კანონში ,,კონტროლის პალატის შესახებ'' ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, კონტროლის პალატისთვის არაგეგმიური აუდიტის მოთხოვნის უფლება პრეზიდენტს და პროკურატურას ჩამოერთმევა, მაგრამ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს _ პარლამენტს გადაეცემა. ამ ცვლილებამდე, კანონის მოქმედი რედაქციით, კონტროლის პალატა არაგეგმურ აუდიტს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის, საქართველოს მთავარი პროკურორის, ან მისი მოადგილის მიმართვის და კონტროლის პალატის პრეზიდიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე ატარებდა. ახალი კანონპროექტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უკვე განიხილა. ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო სუბიექტებს აუდიტის ჩატარების მოთხოვნის უფლება, მორიგი სესიის მიმდინარეობისას, მხოლოდ ერთხელ ექნებათ. რაც მთავარია, 30 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს ცვლილებათა პაკეტი ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ'' კანონში. ცვლილებებზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი და კამპანიის _ ,,ეს შენ გეხება'' მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები შეთანხმდნენ. ამ და სხვა საკითხებზე, ,,ვერსიასთან'' ექსკლუზიურ ინტერვიუში კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილი საუბრობს:
_ ბატონო ლევან, როგორ შეაფასებთ ცვლილებათა პაკეტს ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ'', რა არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი?
_ მივესალმები დებულებებს, რომლებიც ამ კანონპროექტში არის დასახული იმდენად, რამდენადაც ჩვენ თავად ვიყავით რამდენიმე ნოვაციის ინიციატორები. პირველი ინიციატივა კონტროლის პალატის მანდატისა და სადავო, 26-ე პრიმა მუხლის (ეს მუხლი დაკავშირებული პირების დეფინიციას მოიცავს _ ავტ.) ცალკეული დებულებების დაზუსტებას ეხება. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ჩვენც აქტიურად ვთანამშრომლობდითYამ პროცესში. ჩვენი ინიციატივაა ისიც, რომ შესაბამისი სუბიექტები კონტროლის პალატამ კი არ დააჯარიმოს, არამედ _ ეს საკითხი სასამართლოს სამსჯავროზე გავიტანოთ და შესაბამისად, სასამართლომ დასაჯოს. ჩვენ, ანუ კონტროლის პალატა, მხოლოდ და მხოლოდ დარღვევას დავაფიქსირებთ, რის შედეგადაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს უკვე სასამართლო მიიღებს. ვფიქრობ, ეს პოზიტიური ცვლილებებია კანონში. მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება ყადაღასთან დაკავშირებულ თემებსაც, რომლის მიხედვითაც, ყადაღას მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა მივმართოთ, რომელიც აღმოჩენილი დანაშაულის პირდაპირპროპორციული უნდა იყოს. ამავდროულად, სასამართლოსაც შეზღუდული ვადები უნდა ჰქონდეს, საკითხის განხილვა 48 საათში უნდა შეძლოს, რადგან პარტიების ფინანსური ინტერესები დიდი ხნის განმავლობაში არ დაზარალდეს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პროცედურებს არ გადაყვეს. გარდა ამისა, პოზიტიურია მთელი რიგი სხვა ინიციატივებიც, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს და დააკონკრეტებს ამ კანონის დებულებებს. როგორც გაცხადდა, არასამთავრობო ორგანიზაციებიც იზიარებენ ცვლილებების ამ ახალ კანონპროექტს და ვფიქრობ, ეს ყველაფერი უფრო გამჭვირვალეს გახდის პროცესს.
_ ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ'' კანონში კიდევ ერთი ცვლილების შეტანას აპირებთ, რაც ორიოდე კვირის წინ, პარლამენტში თქვენი ვიზიტისას გაახმოვანეთ. ვგულისხმობ იმ კონსულტაციებს, რაც კონტროლის პალატის აუდიტებმა პოლიტიკური პარტიების ფინანსურ მენეჯერებს უნდა გაუწიონ, რათა ფინანსური დოკუმენტები უშეცდომოდ შეავსონ. როგორ ფიქრობთ, ამით პარტიების საქმიანობაში, ანუ შიდა სამზარეულოში, კონტროლის პალატა პირდაპირი ხომ არ ჩაერევა?
_ არა, არამც და არამც! ჩვენ პარტიებს იმას კი არ შევუმოწმებთ, რატომ დახარჯეს გარკვეული რაოდენობის თანხა ამა თუ იმ მიზნების, ან გადაწყვეტილებებისათვის. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ პოლიტიკური პარტიების ფინანსების გამჭვირვალობა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა სახსრებით ფინანსდება ესა თუ ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რა შემოწირულობებს ღებულობს და შემდგომ, რაში ხარჯავს. საზოგადოებას ამ ინფორმაციის მიმართ განსაკუთრებული საჯარო ინტერესი გააჩნია და ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის აუდიტორული ინსტიტუციებიც ამ ტიპის ფუნქციას ახორციელებენ. დიახ, გეთანხმებით, აქ ძნელია, გაავლო გამყოფი ხაზი პოლიტიკასა და რეალურ პროფესიონალურ საქმიანობას შორის, თუმცა ეს იქნება ჩვენი მთავარი გამოწვევა უახლოესი თვეების განმავლობაში. თუ გახოვთ, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პირველი საქმიანობა, სწორედ მმართველი პარტიის მისამართით გამოთქმულ კონკრეტულ განცხადებებს (კონტროლის პალატას საეჭვოდ მოეჩვენა ,,ნაციონალური მოძრაობის'' ანგარიშზე, ფიზიკური პირებისგან შემოწირული 95 000 000 ლარი, რაც პალატის რეკომენდაციით, მმართველმა პარტიამ ბიუჯეტში გადარიცხა _ ავტ.) უკავშირდებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოითქვა კონკრეტული წინადადებები და განხადებები ოპოზიციური პარტიების მისამართითაც. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის უნდა იყოს და იქნება კიდეც თანაბარი მიდგომები, შესაბამისად, აუდიტორულ საქმიანობასაც სწორედ ასეთი ობიექტურობისა და პროფესიონალიზმის პრინციპიდან გამომდინარე განვახორციელებთ.
_ სულ მალე განხორციელდება რეფორმა და კონტროლის პალატის ნაცვლად, თქვენ უწყებას ,,აუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატა'' დაერქმევა. კონკრეტულად, რას ნიშნავს ეს რეფორმა, კონტროლის პალატა თავის ფუნქციას იცვლის?
_ არა, აქ საუბარია იმაზე, რომ კონტროლის პალატის ძველი, ეგრეთ წოდებული სარევიზიო და სადამსჯელო ფუნქციიდან ახალ ფუნქციაზე უნდა გადავიდეს, რომელიც საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების მიზნით, აუდიტს და რეკომენდაციების გაცემას გულისხმობს მთავრობისთვის. მარტივად, გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ბუღალტრული გატარებების კონტროლიდან, კონტროლის პალატა რეალურად უნდა გადავიდეს მმართველობითი რეკომენდაციების გაცემაზე, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოს მთავრობამ თავისი საქმიანობა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მართვის, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრიობისა და ასევე ეკონომიურად ხარჯვის მიმართულებებით. წამყვანი, საერთაშორისო აუდიტორული ინსტიტუციები სწორედ ამ პრინციპებს იზიარებენ და ვფიქრობ, ჩვენთვისაც სწორედ ეს პრინციპები იქნება რელევანტური (მნიშვნელოვანი, ფასეული) იმდენად, რამდენადაც გაცხადებული გვაქვს, რომ კონტროლის პალატის რეფორმების მთავარი მიზანი, ამ უწყების აუდიტორულ, საექსპერტო-ანალიტიკურ ორგანოდ ჩამოყალიბებაა. საბოლოო ჯამში, აუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატა უკეთესი მმართველობის განსახორციელებლად, მთავრობის ძალიან კარგი მრჩეველი იქნება.
_ სამინისტროებს, საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო პროგრამებს ხომ ისევ შეამოწმებთ?
_ რა თქმა უნდა, აუცილებლად შევამოწმებთ.