"ოფიციალურად" ქალის გაუპატიურების შემდეგ ტრაგიკულად დაღუპული ლაშა გელანტიას ოჯახი სამართალდამცველებს დანაშაულის პროვოცირებაში ადანაშაულებს

"ოფიციალურად" თინათინ მჭედლიძის გაუპატიურების შემდეგ ტრაგიკულად დაღუპული ლაშა გელანტიას ოჯახი სამართალდამცველებს დანაშაულის პროვოცირებაში ადანაშაულებს და ფაქტის დაუყონებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს.

საქმე იმაშია, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობით, 2012 წლის 9 მარტს პოლიციამ, ვაზისუბნის მე-3 მიკროს, მე-5 კორპუსის, მე-8 სართულზე, ბინა N 24-ში, ლაშა გელანტიას მიერ თინათინ მჭედლიძის გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო, რის შემდეგაც სამართალდამცველები აღნიშნულ მასამართზე გამოცხადნენ და ბინაში მყოფთ კარის გაღება მოსთხოვეს. პოლიციას კარი თინათინ მჭედლიძემ გაუღო, ბინაში შესვლისას ლაშა გელანტია შიგნით აღარ იყო. დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, გელანტიას ცხედარი სახლის ეზოში იპოვნეს.

თავის მხრივ, აღნიშნული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარებათ ლაშა გელანტიას ოჯახის წევრებს, რომლებიც გარდაცვლილის მხრიდან მჭედლიძის გაუპატიურების ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ და სამართალდამცველებს საქმის სიღრმისეულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

როგორც "პირWელს" გარდაცვლილის ძმამ ლევან გელანტიამ განუცხადა, შსს-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებასა და შემდეგ ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოში მისი, როგორც მოწმის სტატუსით დაკითხვისას, სამმართველოს უფროსისგან მიღებულ ინფორმაციას შორის რამდენიმე უზუსტობაა.

"კერძოდ, შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სამართალდამცველებმა ვაზისუბნის მე-3 მიკროს, მე-5 კორპუსის, მე-8 სართულზე, ბინაN24-ში თინათინ მჭედლიძის გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღეს, რის შემდეგაც სამართალდამცველები აღნიშნულ მისამართზე გამოცხადნენ, თუმცა როგორც ჩემი დაკითხვისას გამომძიებელმა განგვიმარტა, რომ თინათინ მჭედლიძემ უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიციაში მისი გაუპატიურების ფაქტზე საჩივარი შეიტანა. ამის შემდეგ მას ექსპერტიზა ჩაუტარდა და სპეცოპერაცია დაიგეგმა, რათა გელანტია ფაქტზე აეყვანათ. მჭედლიძეს ჩამწერი აპარატურა დაუმონტაჟეს და აწ/გარდაცვლილის ბინაში შეუშვეს. ამ დროს პოლიცია დაბლა იმყოფებოდა. ცოტა ხანში კი ქალის კივილის ხმაზე მერვე სართულზე ამოირბინეს და კარზე დააბრახუნეს. კარი მჭედლიძემ გააღო, სახლის დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ლაშა გელანტია უკვე გარდაცვლილ მდგომარეობაში სახლის ეზოში იმყოფებოდა. როგორც გამომძიებელმა გვითხრა: "როგორც ჩანს, ლაშა მერვე სართულიდან მე-7-ზე ჩასვლას აპირებდა, ფეხი დაუცურდა და გადმოვარდაო". აღსანიშნავია, რომ უბედური შემთხვევის დღეს შსს-მ სხვა ვერსია გაავრცელა. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ გელანტია გაქცევის მიზნით, 11 სართულიანი კორპუსის სახურავზე მე-8 სართულიდან აძრომას ცდილობდა. ამდენად, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომელზეც პასუხი არ გვაქვს. მაგალითად, გვაინტერესებს იმ დიალოგის მოსმენა, რომელიც ლაშასა და თინათინ მჭედლიძეს შორის უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიმართა. ან თუ ეს წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია სექსუალური მოძალადის დასაკავებლად იყო გამიზნული, მაშინ გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს, რატომ არ მოხდა პოლიციის განყოფილებაში მისი დაბარება და ბრალის წარდგენის შემთხვევაში დაკავება, თუ ექსპერტიზის დასკვნა მოეპოვებოდათ?! აღსანიშნავია ისიც, რომ ლაშას გასაქცევი არაფერი ჰქონდა, ვინაიდან საკუთარ ბინაში იმყოფებოდა და სტუმრად მანდილოსანი ჰყავდა, რომელიც მასთან პირველად არ ყოფილა. ჩემი ძმა კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა, მოძალადე არასოდეს ყოფილა, პირიქით, შრომისმოყვარე და მიზანმიმართული იყო, ამიტომ ეჭვი გვაქვს, რომ ის დიდი გაუგებრობისა და პროვოცირების მსხვერპლი გახდა და მისი გარდაცვალების მიზეზი დღემდე ბურუსით მოცულია", - განაცხადა "პირWელთან" საუბრისას ლევან გელანტიამ.

გარდა ამისა, ოჯახისთვის ასევე გაუგებარია, რატომ აიყვანა პოლიციამ თინათინ მჭედლიძე ოპერატიულ ძებნაზე.

"გამომძიებელმა განგვიმარტა, რომ მჭედლიძეზე ძებნის გამოცხადება მან პირადად გადაწყვიტა, რათა შიშის ან ქართული მენტალიტეტის (სირცხვილი) გამო მჭედლიძე საქართველოდან არ წავიდეს. თუმცა უცნაურია, დაზარალებული რატომ უნდა გაიქცეს? ასევე ჩვენ გვაინტერესებს ვნახოთ ექსპერტიზის დასკვნა, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი გაუპატიურების ფაქტს, მაგრამ სამართლებრივად, არც ამაზე მიგვიწვდება ხელი", - აღნიშნა ლევან გელანტიამ.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შსს-ს სამინისტროს ოფიციალური განცხადების გარდა თითქმის არაფერია ცნობილი, კითხვები კი ძალიან ბევრია, ამიტომ როდის და სად გაიცნო ლაშა გელანტიამ თინათინ მჭედლიძე და რა ურთიერთობა ჰქონდა მასთან, "პირWელს" გარდაცვლილის ძმა ლევან გელანტია დეტალურად ესაუბრა, რომელმაც ძმის პირადი ცხოვრების შესახებ თავად გარდაცვლილისგან იცოდა:

"3 მარტს ლაშას დაბადების დღე იყო და მეგობრებთან ერთად ვაზისუბნის მე-3 მიკროში, მე-5 კორპუსის, მე-8 სართულზე თავის ბინაში ადიოდა. სახლში ასვლამდე მაღაზიაში შეიარა და მეგობრებს ოდნავ ჩამორჩა. ამ დროს ბიჭებთან ვიღაც ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის გოგო მივიდა და ჰკითხა - ამ კორპუსში ბინა ხომ არ ქირავდებაო. ბიჭებმა უპასუხეს, ჩვენ აქაურები არ ვართ და შეიძლება, იმან იცოდესო და ლაშაზე მიუთითეს. ამასობაში ძმაკაცებს ლაშაც წამოეწია და როცა სიტუაცია გაიგო, უცხო გოგოს აუხსნა, რომ დაახლოებით, 15 დღეში ის და თავისი 18 წლის სტუდენტი მეუღლე სხვა ბინაში გადადიოდნენ და თუ ბინა მოეწონებოდა, შეეძლო სახლის პატრონისგან ექირავებინა. ამის შემდეგ უცხო გოგო წავიდა და დაიბარა, რომ ცოტა ხანში დაბრუნდებოდა და ბინას დაათვალიერებდა. ბიჭები სახლში ავიდნენ და ქეიფი დაიწყეს. რამდენიმე ხნის შემდეგ თიკო მჭედლიძე კიდევ ერთ გოგოსთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ბინაში მობრუნდა, რომელიც მისი თქმით, მული და შვილი იყო და სახლის დათვალიერება დაიწყო. ყველა ოთახის დათვალიერების შემდეგ ისინი წავიდნენ, ბიჭებმა კი ქეიფი განაგრძეს. დაახლოებით, ორ დღეში ლაშას კართან მჭედლიძის წერილი დახვდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მას ბინის ნახვა კიდევ ერთხელ სურდა და ლაშას სთხოვდა, მითითებულ ნომერზე დაერეკა. ჩემმა ძმამაც დაურეკა და შეთანხმდნენ, რომ თიკო მჭედლიძე ბინის სანახავად ისევ ამოვიდოდა. 6 მარტს, როგორც ლაშამ მომიყვა, თიკო მჭედლიძის სახლში მოსვლისას, მეუღლე უნივერსიტეტში იყო და ის ბინაში მარტო დახვდა. მჭედლიძემ ყველა ოთახი საგულდაგულოდ დაათვალიერა, წასვლას კი არ ჩქარობდაო. ლაშამ თურმე ყავა შესთავაზა, შემდეგ - ღვინოც, რაზეც გოგოს უარი არ უთქვამს. ბუნებრივია, ლაშა ზრდასრული მამაკაცი იყო, თან ალკოჰოლმაც იმოქმედა და იმ დღეს მათ შორის სექსუალური კავშირი დამყარდა. მეორე დღეს კი ლაშამ თიკო მჭედლიძისგან "სმს" მიიღო, რომელშიც ის წერდა, რომ მიეწერა, თითქოს ლაშამ ის გააუპატიურა, რაზეც ლაშასგან უარი მიიღო. შემდეგ კი იმ გოგომ მოწერა, რომ ოჯახს დაუნგრევდა. ამ შეტყობინების შემდეგ ლაშა აფორიაქდა, ეშინოდა, ახლადმოყვანილ მეუღლეს, რომელიც ორი თვის ორსულია, ეს ამბავი არ გაეგო და უსიამოვნება არ ჰქონოდა. თიკო კი პერიოდულად წერდა და შეხვედრას სთხოვდა. ლაშამ გადაწყვიტა უკანასკნელად შეხვედროდა - "თუ ფული უნდა მივცემ, მოვიშორებ და შანტაჟსაც ავცდებიო". საბოლოოდ, 9 მარტს თიკო მჭედლიძე ლაშასთან ბინაში ისევ ავიდა. რა დიალოგი გაიმართა მათ შორის უცნობია, თუმცა ფაქტი ყველამ იცის. ჩემს ძმას აწი ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ სამართალი უნდა აღსრულდეს. არ მინდა, საზოგადოებამ დაიჯეროს, რომ ლაშა მოძალადე იყო და ის არავის ეცოდებოდეს. ლაშას 18 წლის მეუღლე დარჩა, რომელიც სექტემბერში შვილს გაუჩენს. ჩემი ძმა მოძალადე არ იყო და გამორიცხულია, რომ მას მჭედლიძეზე ძალა ეხმარა, თან - საკუთარ სახლში", - განაცხადა ლევან გელანტიამ.

"პირWელი" თინათინ მჭედლიძის ბიოგრაფიითაც დაინტერესდა. როგორც გაირკვა, 22 წლის თიკო მჭედლიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს. ფაკულტეტის დეკანმა ის დადებით სტუდენტად დაახასიათა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სტუდენტის პირადი ინფორმაციის გაცემა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება, მჭედლიძის სასწავლო ბარათზე დეტალური ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

თუმცა როგორც სააგენტომ წყაროზე დაყრდნობით გაარკვია, 9 მარტის შემდეგ ის უნივერსიტეტში მისულა და დირექციაში დაუბარებია, რომ "პირადი პრობლემების გამო, დროებით ვერ ივლიდა და გაცდენილი საათები საპატიოდ ჩაეთვალათ".

ასევე "პირWელთან" საუბრისას თინათინ მჭედლიძის ერთ-ერთმა კურსელმა განაცხადა, რომ ბოლო თვეებში ის ძალიან შეიცვალა, რაც მეგობრებსაც უკვირდათ.

"ბოლო დროს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ძალიან თამამ და გამომწვევ ფოტოებს დებდა, რაც გვიკვირდა. ისე სწავლით კი კარგად სწავლობდა", - აღნიშნა მან.

Facebook-ზე მჭედლიძეს საკუთარი პროფილი დახურული აქვს, თუმცა როგორც მეგობრებისგან გავიგეთ, მან თამამი ფოტოები წაშალა და პროფილი შეცვალა.

რაც შეეხება ოფიციალურ ინფორმაციას, როგორც "პირWელს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება.

"თუმცა, ეს ისეთი ფაქტია, რომ უფლება არ მაქვს, დეტალებზე ვისაუბრო", - განაცხადეს შსს-ში.