"ნაციონალური მოძრაობა" - 35%, კოალიცია "ქართული ოცნება" - 31%, ყველა სხვა პოლიტიკური სუბიექტი საარჩევნო ბარიერს მიღმა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 35%; კოალიცია "ქართული ოცნება" - 31%; ყველა სხვა პოლიტიკური სუბიექტი საარჩევნო ბარიერს მიღმა - ასეთია ის საარჩევნო რეიტინგი, რომელიც "სოციოლოგიური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა.

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის პარალელურად, საზოგადოებრივი განწყობები "სოციოლოგიური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში შეისწავლა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ამჯერად ე.წ. შიდა კვლევას ეხება, ორგანიზაციის ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი მის შედეგებზე საუბრისგან თავს იკავებს.

აღნიშნული მონაცემები კი "პირWელისთვის" ექსკლუზიურად, ინფორმირებული წყაროსგან, არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

"ეს შიდა კვლევებია, ამიტომ პროფესიულ სტანდარტსა და ეთიკის ნორმებს ვერ დავარღვევთ და მასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გავცემთ. ეს არც ჩვენი ფუნქციაა და არც კვლევის შემკვეთი ორგანიზაციის განზრახვა" - განუცხადა "პირWელს" კაჭკაჭიშვილმა.

სააგენტომ სოციოლოგთან საუბრისას მხოლოდ იმის დაზუსტება შეძლო, რომ "შიდა კვლევის დამკვეთი კოალიცია "ქართული ოცნება" არ არის". ხოლო კითხვაზე, "რამდენად ემთხვევა მათი კვლევის შედეგები, ცოტა ხნის წინ NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს?" - კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ "მათი კვლევის შედეგები NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს არ ემთხვევა".

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელმაც პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია. "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემთ ხმას?", გამოკითხულთა იმ ნაწილს შორის, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 47%; მეორე არჩევანი - 2%; "კოალიცია ქართული ოცნება" - 10%; მეორე არჩევანი - 3%; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 3%; მეორე არჩევანი - 8%;

ცნობისთვის, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" სოციოლოგიური კვლევა გასული წლის ნოემბერშიც, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაკვეთით ჩაატარა. მაშინდელი შედეგების თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 36.0% მხარს "ნაციონალური მოძრაობას" დაუჭერდა, 32%-ბიძინა ივანიშვილის გაერთიანებას, 4,3% - "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას".