"ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება!!!"

"მაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საფრთხე ემუქრება და შეიძლება მაშინ განხორციელდეს, როცა ის რეგიონებს ესტუმრება. რა თქმა უნდა, სრულად ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ასეთი განცხადება წარმოშობს. მაგრამ ვალდებული ვარ, ამ ინფორმაციაზე ვილაპარაკო ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, რადგან მისი არც გადამოწმების შესაძლებლობა არსებობს და არც იმის გარანტი, რომ წყაროს იდენტიფიცირების შემთხვევაში დანაშაულებრივი განზრახვის ავტორები შეიზღუდებიან და არ შეილახება წყაროს უფლებები და უსაფრთხოება.

ცხადია, არსებობს იმის ალბათობა, რომ წყაროს მიერ ინფორმაციის გავრცელება ირიბ მიზნებს ემსახურებოდეს, ამისთვის აუცილებელია ინფორმაციის სანდოობის დადგენა, თუმცა, სანდოობის ხარისხის დადგენის შეუძლებლობამ არ უნდა შეიწიროს სავარაუდო საფრთხის მნიშვნელობა.

რადგან ქართულ რეალობაში არსებობს ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუფოვის დაღუპვის გამოუძიებელი საქმე, რადგან გამოუძიებელია "მასტერასა" და უვაის ახმადობის ფარული ჩანაწერები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთაზე, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრის ფარული ჩანაწერი ბელორუსში პოლიტიკური მკვლელობის განზრახვის შესახებ, ვფიქრობ, არაა გადაჭარბებული ვარაუდი, რომ ჩემი წყაროსგან მიღებული ინფორმაცია კეთილსინდისიერი სიგნალი შეიძლება იყოს.

ცხადია, სრულად ვერ გამოვრიცხავ, რომ წყაროს ჩემთან დაკავშირება რაიმე სახის ინსინუირების მოტივით იყო განპირობებული, მაგრამ, თუ ეს განზრახვა რეალურად არსებობს, ამ ინფორმაციის გავრცელებას შეუძლია პრევენციული როლი შეასრულოს, რამაც გადამაწყვეტინა ამ განცხადების გაკეთება".

ეს სკანდალური განცხადება საქართველოდან დევნილმა ჟურნალისტმა, ვახტანგ კომახიძემ ორშაბათს, გვიან ღამით, საკუთარ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა. "ალია", რა თქმა უნდა, დეტალებით დაინტერესდა და ვახტანგ კომახიძეს შვეიცარიაში დაუკავშირდა:

- ვახო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. მე, რა თქმა უნდა არ მოგთხოვ დაასახელო ინფორმაციის წყარო, მაგრამ რამდენად სანდო და სარწმუნოა შენთვის ამ ადამიანის მიერ მოწოდებული ინფორმაცია?
- ჩვენი პროფესიული მოვალეობაა, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად გადავამოწმოთ, მაგრამ განცხადებაში სწორედ ეს აღვნიშნე, რომ გადამოწმების ტექნიკური შესაძლებლობა არ არსებობს. რაც შეეხება წყაროს საიმედოობას, რა თქმა უნდა, არსებობს შეფასების მეტ-ნაკლებად საიმედო კრიტერიუმები. რადგან განცხადება გამოვაქვეყნე, ეს იმას ნიშნავს, რომ წყარო არ იყო უმნიშვნელო.

- განცხადებაში აქცენტი გაკეთებულია ივანიშვილის რეგიონებში გასვლაზე. კონკრეტულად შეგიძლიათ გვითხრათ, რა შუაშია რეგიონები და რა მეთოდით შეიძლება განახორციელოს ხელისუფლებამ ივანიშვილის ლიკვიდაცია? ტერაქტი, მოწამვლა, თითქოს ბუნებრივი სიკვდილის იმიტაცია...
- რა თქმა უნდა, რეგიონები შემთხვევით არ მიხსენებია. მეტს ვერაფერს ვიტყვი.

- ივანიშვილის ლიკვიდაციამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დესტაბილიზაცია, მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლა და რევოლუცია. აწყობს ეს ყველაფერი ხელისუფლებას?
- ერთ ისტორიას გავიხსენებ. უშიშროების სამინისტროში მუშაობის დროს მერაბიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ წამეღო სამინისტროდან ასაფეთქებელი მოწყობილობები და ამეფეთქებინა ერთ-ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. მიზეზი კი მხოლოდ ის იყო, რომ არსებობდა ეჭვი ამ ქარხანაში კონტრაბანდული ნავთობის შეტანაზე. რა თქმა უნდა, ქარხანა არ ამიფეთქებია და სამინისტროდანაც წამოვედი, მაგრამ ეს ფაქტი ჩემთვის თვალსაჩინო მაგალითია, რომ ამ ადამიანებს არაადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ.
მიმაჩნია, რომ ზურაბ ჟვანიას "დაღუპვაც" კონტრპროდუქტიული იყო, მაგრამ ხელისუფლების პოლიტიკურ წარმოდგენაში განსხვავებული სურათია. მე გაკეთებული მაქვს ფილმი პრემიერ-მინისტრის დაღუპვის საქმეზე და დარწმუნებით ვიცი, რომ საქმე სრულიად ფალსიფიცირებულია და ფალსიფიცირებულია მხოლოდ მკვლელობის შენიღბვის მიზნით. ხანდახან რთულია, გონებით ახსნა მოუძებნო უგუნურებას. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებისთვის საფრთხე იქნება არჩევნებამდეც და არჩევნებში მისი დამარცხების შემთხვევაშიც. აქედან გამომდინარე, უგუნურების პროგნოზირება ძალიან რთულია.

- გქონდათ თუ არა ამ თემაზე საუბარი ივანიშვილთან და თუ ის ამ თემით დაინტერესდება, გაუმხელთ თუ არა იმ დეტალებს, რომელსაც საჯაროდ ვერ აკონკრეტებთ?
- ივანიშვილთან ჯერ არასოდეს მქონია საუბარი, მაგრამ ჩემი აზრით, ამ თემაზე კომუნიკაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ, "თემით დაინტერესება". რა თქმა უნდა, პირადად ბიძინა ივანიშვილი ვერ შემხვდება, მაგრამ თუ მისი წარმომადგენელი შემხვდება, შემიძლია უფრო კონკრეტული დეტალები გავუმხილო.

ამის შემდეგ "ალია" კომენტარისთვის გია ხუხაშვილს დაუკავშირდა:

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და, სამწუხაროდ, ქვეყანაში ჩვენ ისეთი მძიმე გამოცდილება გვაქვს, რომ, რა თქმა უნდა, გამოსარიცხი აქ არაფერი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ შესაძლოა, არსებობდნენ ცხელი თავები ამ ქვეყანაში, რომლებიც პრობლემას წყვეტენ აი, ასეთი მეთოდებით, როდესაც სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ. ეს ინფორმაცია გამოსარიცხი ნამდვილად არ არის. ვახოს კომპეტენციასა და მის გამოცდილებაში ეჭვი არ მეპარება და ნამდვილად საინტერესო იქნებოდა, კონკრეტულად რა ინფორმაციაზეა საუბარი. ბიძინა ივანიშვილი რომ გაიგებს ამის შესახებ, ჩვენ შევიტყობთ მის რეაქციასაც და ნამდვილად საინტერესო იქნებოდა, თუ მისი წარმომადგენელი დაინტერესდებოდა ამ თემით. ეს უდავოდ ძალიან საყურადღებო ინფორმაციაა და ალბათ, მეტი უნდა გავიგოთ. საერთოდ, ტერორის თემა პოლიტიკაში, ეს არის უმძიმესი თემა და არაერთხელ მოხვედრილა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანი პოლიტიკაში ძალიან ცუდად არის დაცული.

- ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია, ფაქტია, რომ გამოიწვევს სერიოზულ დესტაბილიზაციას, ხალხის სერიოზულ აგრესიას, რამაც შეიძლება ამ ხელისუფლების გადაგდება, ანუ რევოლუციის გზით მოშორება განაპირობოს... რამდენად აწყობს ხელისუფლებას ამის გაკეთება?
- მე არ ვიცი, რა გზაზეა საუბარი, შეიძლება ისეთ გზაზეა საუბარი, სადაც ხელისუფლება შეეცდება, რომ, ასე ვთქვათ, თვითონ არ გამოჩნდეს და რაღაც მესამე მხარეს დაჰბრალდეს ეს ყველაფერი. პოლიტიკური ტერორი - ეს ხომ არ არის, მარტივი თემა...