უქმი მიწების მფლობელებს დააჯარიმებენ

უქმი მიწების მფლობელებს დააჯარიმებენ

დაუმუშავებელი მიწების ჩამორთმევას, მთავრობამ მათი მფლობელების დაჯარიმება არჩია. საერთოდ, ჯარიმების გამოწერა ნაციონალურ ხელისუფლებას კარგად გამოსდის და რჯულზე უმტკიცეს ჩვეულებას არც აქ უღალატეს. 5 ჰექტარზე მეტი დაუმუშავებელი მიწის მფლობელს მომავალი წლიდან სოლიდური გადასახადის გადახდა მოუწევს. ამას პრეზიდენტის დავალებით მიმდინარე საქართველოს სასურსათო დამოუკიდებლობის გეგმა ითვალისწინებს. გეგმაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მუშაობა უკვე დაიწყო.

 

კვეზერელის უწყებაში დარწმუნებულნი არიან, რომ დღეს მიწების დიდი ნაწილი ისეთი ხალხის ხელშია, ვინც არაა დაინტერესებული მისი დამუშავებით. ამიტომ მომავალი წლიდან ასეთი მიწის მფლობელს გადასახადი დაეკისრება და იძულებული გახდება მიწა თავად დაამუშაოს, იჯარით გასცეს ან გაასხვისოს. მთავრობის გეგმის თანახმადვე შეიქმნება მიწის ბანკი და საინფორმაციო ცენტრი, რათა ინვესტორებმა მარტივად შეძლონ სასურველი მიწის ნაკვეთის შეძენა.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლიდან ფისკალური ღონისძიებების გატარებაც დაიწყება, რაც მიწის გადასახადის ზრდაში გამოიხატება.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთი არ უნდა არსებობდეს. პრეზიდენტის თქმით, ამისათვის მთავრობამ რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა - ქვეყანაში შემოიტანა იაპონური ტრაქტორები, მორწყვის პრობლემა მოაგვარა და სათანადო საგადასახადო კოდექსი მიიღო.

 

„მიწის დამუშავება უკვე დაიწყო, მაგრამ ამას სჭირდება რამდენიმე ფაქტორი. პირველი ეს არის მექანიზაცია, იცით, რომ შემოვიდა იაპონური ტრაქტორები, მაგრამ საერთო ჯამში 3000-ზე მეტია შემოტანილი და გვინდა კიდევ დამატებით 1500-ის შემოტანა და ეს მექანიზაციის პრობლემას გადაწყვეტს. ჩვენ ასევე გვქონდა მელიორაციის, მორწყვის პრობლემა და ეს პრობლემაც მინიმუმის დონეზე დავიყვანეთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა და მიწის დაუმუშავებლობის პრობლემაში შევარდანაძის პრეზიდენტობის პერიოდს დასდო ბრალი.

 

მის თქმით, ძველმა ჩინოვნიკებმა ნაკვეთები დაისაკუთრეს და ახლა მისი დამუშავების ნაცვლად, სარფიანად გაყიდვას ცდილობენ.

 

„გარდა ამისა, მიწის დამუშავებისთვის აუცილებელია ეკონომიკური გარემო. ბევრი მიწაა დაუმუშავებელი იმიტომ, რომ შევარდნაძის დროს პროკურორებმა, გამგებლებმა, მინისტრის მოადგილებმა დაირიგეს მიწები, ახლა აზის ამ მიწას და ელოდება, რომ ფასი მოემატოს და იქნებ ვინმე უცხოელს მიყიდოს. ეს არ გამოვა. მიწა დაუმუშავებელი არ უნდა იყოს. ახლა საგადასახადო კოდექსი იძლევა საშუალებას ამ საკითხს მივუტრიალდეთ და მიწა შესანახი არ უნდა იყოს, თუ გადასახადს გადაიხდი და არ დაამუშავებ მაშინ მაზოხისტი უნდა იყო. ან ხელები დაიკაპიწე და იშრომე, ან მიეცი საშუალება იმას ვისაც შრომა უნდა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

სხვათა შორის, ექსპერტები მთავრობის ასეთ გადაწყვეტილებას ემხრობიან. მათი აზრით, მიწა იმის ხელში უნდა იყოს, ვინც მისგან გარკვეულ სარგებელს აძლევს როგორც ქვეყანას, ასევე საკუთარ თავსაც. ამიტომ თუკი სადმე დაუმუშავებელი და წლობით მიტოვებული ფართობებია, სჯობს იგი რეალური მფლობელის ხელში გადავიდეს. გონივრული და მიზანმიმართული პოლიტიკის შემთხვევაში, სოფლის მეურნეობასაც გარკვეული სტიმული მიეცემა.