ლივერპული იუბილესათვის ემზადება

ლივერპული იუბილესათვის ემზადება

მიმდინარე წლის აგვისტოში ინგლისის ქალაქ ლივერპულში “The Beatles”-ის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. ეს ღონისძიება ლეგენდარული ჯგუფის დაარსებიდან 50 წლისთავს ეძღვნება.

“The Beatles”-ის ჩამოყალიბების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ჯონ ლენონმა და პოლ მაკარტნიმ სასცენო გამოსვლა წინა საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყეს. “The Beatles”-ის ოფიციალური დაარსების თარიღად ჯგუფიდან პიტ ბესტის გაგდების შემდეგ მედოლე რინგო სტარის აყვანის დრო სახელდება. ეს ფაქტი 1962 წლის აგვისტოში დაფიქსირდა.

მიმდინარე წლის 18 აგვისტოს “ჰალმ-ჰოლის” საკონცერტო დარბაზში, ლივერპულის მაცხოვრებლები რინგო სტარის ჯგუფში პირველი გამოსვლის იუბილეს აღნიშნავენ. მეორე დღეს ლეგენდარულ კლუბ “ქევერნში” კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართება. ამ კონცერტზე ლივერპულელი მუსიკოსები “The Beatles”-ის პოპულარულ კომპოზიციებს შეასრულებენ. ამ დარბაზში ჯგუფს სხვადასხვა დროს 292 კონცერტი აქვს ჩატარებული.

22-დან 28 აგვისტომდე მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ლივერპულში რამდენიმე ასეული ჯგუფი ჩამოვა. ისინი “The Beatles”-ის ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.

5-7 ოქტომბერს ქალაქში ჯგუფის პირველი სინგლის “Love Me Do”-ს გამოსვლის იუბილეს იზეიმებენ. 9 დეკემბერს ჯონ ლენონის ტრაგიკულად დაღუპვიდან 32 წელი სრულდება და ადგილობრივ ეკლესიაში სპეციალურ წირვას აღავლენენ.

ზემოთდასახელებული ღონისძიებების გარდა, 22 და 23 ივნისს ლივერპულის სამეფო ორკესტრი სპეციალური პროგრამით ორ კონცერტს ჩაატარებს. მუსიკოსები ჯგუფის არაერთ პოპულარულ კომპოზიციას შეასრულებენ.

ამის გარდა მთელი წლის განმავლობაში კლუბ “ქევერნში” შაბათობით “The Beatles”-ის ხსოვნის საღამოები ჩატარდება.