ქეთა თოფურია: დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი თბილისში, თუ მექნებოდა ასეთივე სამუშაო პირობები და ანაზღაურება

ქეთა თოფურია: დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი თბილისში, თუ მექნებოდა ასეთივე სამუშაო პირობები და ანაზღაურება

მიმდინარე წლის 23 თებერვალს მოსკოვში, ლუჟნიკების სტადიონზე, რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე სხვა მომღერლებთან ერთად ქართველმა შემსრულებელმა ქეთა თოფურიამაც იმღერა.

მომღერლის ამ ნაბიჯს საქართველოში დიდი გამოხმაურება, პროტესტი და „გმობა“ მოჰყვა.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რუსეთში მოვაწე ქართველმა მომღერალმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმით აღნიშნავს, პოლიტიკაში არასდროს ჩარეულა და არც შემდგომშ აპირებს ამას. ჟურნალისტების არასწორი დამოკიდებულებებით უკმაყოფილო მომღერალი განცხადებაში ამბობს, რომ  ზოგჯერ თავისივე ინტერვიუებიდან შინაარსის გამოტანაც კი უჭირს:

„მესმის, რომ უნდათ, გააკეთონ სკანდალური სიუჟეტები, მყვირალა სათაურებით გაყიდონ ჟურნალ-გაზეთები, მაგრამ ამისათვის ჩემი ნათქვამის დამახინჯება, გადაკეთება, დაჭრა, კონტექსტიდან ამოღება და ისე მიწოდება მკითხველისთვის, არ შეიძლება. მირეკავენ და მისვამენ პროვოკაციულ კითხვებს. შემდეგ ისე დაჭრიან ჩემს ნათქვამს, რომ მე თვითონაც ვერ გამომაქვს შინაარსი, აღარაფერს ვამბობ მკითხველზე.“

როგორც ქეთა აღნიშნავს მისი ინტერვიუს ტექსტების აზრი იკარგება და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს  მას არ აეღლვებს საკუთარი ქვეყნის ბედი. „მე მიყვარს ჩემი ხალხი და  ქვეყანა, ჩემი საქართველო,  ამაში დამერწმუნება ყველა, ვინც კარგად მიცნობს და იცის ჩემი დამოკიდებულება ჩემი სამშობლოს მიმართ, სადაც დავიბადე, გავიზარდე, ჩამოვყალიბდი პიროვნებად, ადამიანად, დავეუფლე ჩემს პროფესიას. სადაც ცხოვრობენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები, ჩემი მეგობრები, კოლეგები, ნათესავები, სადაც ყოველთვის მომიხარია, ყოველ მეორე თვეს... უმორჩილესად გთხოვთ, მინდა ყველას მოგაწვდინოთ ჩემი ხმა და გულწრფელად გთხოვოთ, არ მინდა გავხდე ამ პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლი, ნუ ჩამრევთ პოლიტიკაში, რადგან ეს არასოდეს ყოფილა ჩემი საქმე და არც არასოდეს იქნება. მე ვარ მომღერალი, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა პროფესიული წარმატების მისაღწევად, მსმენელის კეთილგანწყობის და სიყვარულის მოსაპოვებლად, მომღერალი, რომელიც მღერის ხალხისთვის და არა პოლიტიკისთვის“ - განაცხადა ქეთა თოფურიამ.

რაც შეეხება, მისი 23 თებერვლის გამოსვლას ადგილობრივ სადღესასწაულო კონცერტზე, მომღერალი ამბობს: „ჩვენ არ ვართ არანაირ პოლიტიკურ თუ მითუმეტეს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულები. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩემს ძვირფას ქართველ ხალხს - მე ვარ ქართველი,  მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო, რომელთანაც მთელი ჩემი ცხოვრება მაკავშირებს, უბრალოდ ამჟამად ვმუშაობ აქ, სადაც მყავს პროდიუსერები, რომლებიც თვითონ წყვეტენ ჩვენი საკონცერტო გამოსვლების განრიგს - თუ სად, როდის და რომელ ღონისძიებაზე უნდა ვიმღერო... გულწრფელად გეტყვით, უდიდესი სიამოვნებით დავბრუნდებოდი ჩემს თბილისში, თუ მექნებოდა ასეთივე სამუშაო პირობები და ანაზღაურება, მაგრამ ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვიცი, ეს შეუძლებელია... ამიტომ არავინ სთქვას, რომ ჩემს ადგილას ჩემოდნებს ჩაალაგებდა, შვიდ წლიან დაუღალავ შრომას, უძილობას დაივიწყებდა და დაუფიქრებლად იტყოდა უარს ყველაფერზე... ვერავინ დამაჯერებს ამას... რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს, მას პირადად ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია და ძალიან დიდ პატივს ვცემ. პოლიტიკა და პოლიტიკური შეხედულებები კი სულ სხვა თემაა, რომელშიც მე არასოდეს ჩავრეულვარ და არც ოდესმე ჩავერევი“, - აღნიშნულია ქეთა თოფურიას განცხადებაში.