“მოხარული გახლავართ რომ მრავალწლიანი მუშაობა დამიფასდა და ამ საპატიო ჯილდოს ლაუერატი გავხდი. კოკოშკა მსოფლიო ხელოვნების ისტორიის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მან მხატვრობის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.” - განაცხადა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე იოკო ონომ.
ოსკარ კოკოშკას (1886-1980) სახელობის პრემია ავსტრიის მთავრობამ მხატვრის გარდაცვალების წელს დააწესა. ის მსოფლიოს გამოჩენილ ხელოვანებს ორ წელიწადში ერთხელ გადაეცემათ.
1981 წელს ამ ჯილდოს პირველი მფლობელი ჰანს ჰარტუნგი გახდა. მომდევნო წლებში ის მარიო მერცს, გერჰარდ რიხტერს, ანეს მარტენს, იანის კუნელისს, ჯონ ბალდესარის, ილია კაბაკოვს, მარტა როსლერსა და უილიამ კენტრიჯს გადაეცათ. 2010 წელს ჯილდო მხატვარმა რაიმონდ პეტიბონმა დაიმსახურა.
საინტერესოა, რომ ქალბატონი იოკო ორჯერ უკვე იყო გამორჩეული. 2009 წელს ონოს ვენეციური ბიენალეს საპატიო „ოქროს ქანდაკება“ გადაეცა. ეს პრიზი ხელოვნებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის ერგო.
გასულ წელს იოკო ონოს ჰიროსიმას თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მიერ დაწესებული ჯილდო გადაეცა. ეს პატივი ონომ თანამედროვე ხელოვნებაში დიდი ღვაწლისათვის და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების საქმეში გაწეული წვლილისათვის დაიმსახურა.
იოკო ონო მსოფლიოში კონცეპტუალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელია. ამის გარდა, თავის დროზე დიდ წარმატებებს მიაღწია, როგორც კინორეჟისორმა და მწერალმა.
ჯონ ლენონის ქვრივი ამჟამად მეტად დაკავებულია, რადგან საკუთარი ავტობიოგრაფიის წერას შეუდგა. მასში დეტალურად იქნება განხილული მისი ურთიერთობა როგორც ჯონ ლენონთან, ასევე ანსამბლ „ბითლზის“ დანარჩენ წევრებთან. თავის დროზე, იაპონელ ქალბატონს ბრალს სდებდნენ, რომ მან ხელი შეუწყო ჯგუფის დაშლას. საკუთარ მემუარებში იოკო ონო შეეცდება, რომ ეს მოსაზრება გააბათილოს და ჯგუფში წარმოშობილი განხეთქილების ნამდვილ მიზეზებზე ისაუბრებს. ეს ავტობიოგრაფია დღის სინათლეს 2015 წლის დასაწყისში იხილავს.