ვებ-გვერდი “Deadline”-ს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ცნობილი მუსიკოსი ოზი ოსბორნი და მისი ოჯახის წევრები ახალ ამპლუაში მოგვევლინებიან. სახელოვანი როკმენი თოჯინური სერიალი “The F'n Osbournes”-ის მთავარი მომქმედი პერსონაჟი გახდება.
ახალი სერიალი სავარაუდოდ 20 ეპიზოდისაგან იქნება შემდგარი. მისი პროდიუსერები ოსბორნის მეუღლე შერონი და ვაჟიშვილი ჯეკი იქნებიან. სურათს კანადური ტელეკომპანია “Cuppa Coffee Studio” გადაიღებს.
ამჟამად ზემოთდასახელებული სტუდია ამ პროექტის განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების საშუალებებს ეძებს. თოჯინური სერიალის გადაღება სავარაუდოდ მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. ცნობილია რომ მთავარ პერსონაჟებს ოზი და მისი ოჯახის წევრები გაახმოვანებენ.
საინტერესოა, რომ რამდენიმე წლის წინ მუსიკალური ტელეარხი “MTV”-ის ეთერით რეალითი-შოუ “ოსბორნების ოჯახი” გადიოდა. სერიალი ზედიზედ ოთხი სეზონის განმავლობაში არსებობდა და მას მაყურებელთა დიდი აუდიტორია ჰყავდა. 2002 წლის მარტიდან სამი წლის განმავლობაში დღის სინათლე ამ სახალისო სერიალის 52 ეპიზოდმა იხილა.