ორი დღის წინ მუსიკოსმა რუსული ოპოზიციური მოძრაობის მონაწილეებს შემდეგი შინაარსის გზავნილი გამოუგზავნა.
“პიტერ გებრიელი გახლავართ ლონდონიდან და ჩემი სახელი იმ მრავალრიცხოვან ადამიანებს შორის მინდა მოიხსენიოთ, რომლებიც რუსეთში აგორებულ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობენ. ინგლისიდან თქვენს დაუღალავ ბრძოლას თვალს აღფრთოვანებული ვადევნებ. დიდი გამბედაობაა საჭირო რომ დღევანდელ რუსეთში ქუჩაში გამოხვიდე და სიმართლის თქმის არ შეგეშინდეს. ვიცი რომ თქვენმა მთავრობამ განსხვავებული აზროვნების გამო არაერთი თქვენი თანამემამულე სამაგალითოდ დასაჯა. ანა პოლიტკოვსკაია, სტანისლავ მარკელოვი, ნატაშა ესტემიროვა, სერგეი მაგნიტსკი დღეს ცოცხლები აღარ არიან. პუტინის სადამსჯელო ორგანოებმა ლონდონში ალექსანდრე ლიტვინენკოც კი არ დაინდეს.
რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდები. თქვენ ნამდვილი გმირები ბრძანდებით. როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ათასობით ადამიანი საჯაროდ უსტვენს და მის გადადგომას მოითხოვს, ქვეყანაში კრიზისული მდგომარეობაა. ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში მოსახლეობა ქვეყნის მთავრობის გვერდით უნდა იდგეს. სამწუხაროდ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება საკუთარ ხალხს დიდი მანძილით დაშორდა. მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში გაყალბების შედეგად ალბათ პუტინი გაიმარჯვებს, მაგრამ თქვენს მთავარ მიღწევად ხალხის გამოფხიზლება მიმაჩნია. რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს დიქტატურის პირობებში ცხოვრება აღარ სურს. თქვენი დაუნდობელი ბრძოლით ახალი დემოკრატიული რუსეთის მშენებლობას საფუძველს უყრით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ლონდონიდან. გისურვებთ წარმატებებს და მუდამ თქვენს გვერდით მიგულეთ. თქვენი პიტერ გებრიელი”.
საინტერესოა რომ ცოტა ხნის წინ მოსკოვში “Genesis”-ის დამაარსებლის კონცერტები უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პოლიტიკური მოსაზრების გამო გებრიელმა რუსეთის დედაქალაქში დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა. თავის დროზე ანალოგიური მიზეზის გამო მოსკოვში კონცერტების ჩატარება ჯგუფებს “Radiohead” და “U2”-საც არ სურდათ, მაგრამ ამის შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებიათ. ბონომ და მისმა ჯგუფმა მოსკოვში კონცერტებიც გამართა და სხვადასხვა პრეს-კონფერენციებზე პოლიტიკაზე საუბარს თავი აარიდა.
პიტერ გებრიელის განცხადება პირველი არ გახლავთ როდესაც მსოფლიოში გამოჩენილი მუსიკოსები ამა თუ იმ პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ ილაშქრებენ. “Beastie Boys”, “Radiohead” და “Red Hot Chili Peppers” ტიბეტის დამოუკიდებლობისათვის დაუღალავად იბრძვიან, ცოტა ხნის წინ კი ბრიტანელებმა კევინ სპეისიმ, ჯად ლოუმ და ტომ სტოპარდმა ბელორუსულ ოპოზიციურ მოძრაობას სოლიდარობა გამოუცხადეს.