ჯეიმს მაკარტნი “Cavern”-ში კონცერტს ჩაატარებს

ჯეიმს მაკარტნი “Cavern”-ში კონცერტს ჩაატარებს

ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, მიმდინარე წლის 3 აპრილს პოლ მაკარტნის ვაჟიშვილი ჯეიმსი, ლეგენდარულ კლუბ “Cavern”-ში კონცერტს ჩაატარებს.

“მოუთმენლად ველოდები ამ კლუბში კონცერტის დაწყებას. ამ ადგილთან მამაჩემსა და “The Beatles”-ს არაერთი შესანიშნავი მოგონება აკავშირებთ. ცოტა ხნის წინ კლუბიდან დამიკავშირდნენ და სცენაზე ასვლა მთხოვეს. ეს ჩემთვის დიდი პატივია” – განაცხადა ჯეიმს მაკარტნიმ.

“The Beatles”-ის წევრები ლივერპულში მდებარე ამ კლუბში კონცერტებს წინა საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ატარებდნენ. საერთო ჯამში ჯგუფს ამ ადგილას 300-მდე კონცერტი აქვს გამართული.

1973 წელს კლუბი რამდენიმე წლით დაიხურა. შემდეგ სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა და ამჟამად ქალაქ ლივერპულის ერთ-ერთ ღირთშესანიშნაობას წარმოადგენს.

1999 წელს სერ პოლმა  “Covern”-ში სპეციალური კონცერტი ჩაატარა, რომელიც მისი სტუდიური ჩანაწერის “Run Devil Run”-ის გამოსვლას მიეძღვნა.

34 წლის ჯეიმს მაკარტნიმ ცხოვრებაში სახელოვანი მამის პროფესია აირჩია. ისიც მუსიკოსია და სერ პოლის არაერთი დისკის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა. მიმდინარე წლის 2 აპრილს ჯეიმსი ლონდონში კონცერტს ჩაატარებს, ლივერპულში გამოსვლის შემდეგ კი დუბლინში გადაფრინდება და იქაურ სცენაზეც ვიხილავთ.