გამოჩენილი ფილოსოფოსი, ლინგვისტი, რომანისტი, დრამატურგი, კინორეჟისორი, გაზეთების და ჟურნალების მესვეტე, მსახიობი, მხატვარი და პოლიტიკური მოღვაწე პიერ პაოლო პაზოლინი განსაკუთრებით ცნობილი თავისი ფილმებით: „აკატონე“, „მათეს სახარება“, „დეკამერონი“, „კენტერბერიული მოთხრობები“ გახდა. პაზოლინი საკუთარ თავს „კათოლიკე მარქსისტს“ უწოდებდა. თავისი შემოქმედებით თანამედროვე საზოგადოებაში გემოვნების უქონლობაზე მიუთითებდა.
დღეს გენიალური იტალიელი კინორეჟისორის, პოეტის, მწერალისა და ინტელექტუალის 90 წლის იუბილეა.
პიერ პაოლო პაზოლინი 1922 ლის 5 მარტს ქალაქ ბოლონიაში დაიბადა. პაზოლინის მამა ფაშისტი იყო. პაზოლინის ოჯახი წარმოშობით იტალიის ჩრდილო აღმოსავლეთის მხრიდან – ფრიულიდან იყო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, რეტო-რომანულ დიალექტზე, ფრიულანოზე მეტყველებს. მოგვიანებით პაზოლინიმ საკუთარი გამოხატვის ფორმად რომის გარეუბნების უხეში ენა აირჩია. ბავშვობის დიდი ნაწილი მან დედამისის მშობლიურ მხარეში – კაზარსა დელა დელიციაში, ვენეციის ჩრდილო-აღმოსავლეთით გაატარა. ამ პერიოდში ის დაინტერესებული იყო ამ რეგიონის დიალექტით.
მდიდარი გლეხის ოჯახიდან გამოსული, მოკრძალებული და სათნოებით აღსავსე დედისა და გაღატაკებულ, არისტოკრატიული წარმომავლობის ამპარტავან და ფაშისტ მამას შორის არსებულმა მუდმივმა უსიამოვნებამ პაზოლინის ადრეულ ასაკშივე ჩამოუყალიბა ურყევი პოზიცია, რომელიც ყოველთვის ჩაგრულთა, დამცირებულთა, განდევნილთა და მარგინალთა თანადგომაში გამოიხატება.
თითქმის ყოველი მისი ფილმი სკანდალს იწვევდა. ფილმებს ასამართლებდნენ, საბოლოოდ კი მაღალმხატვრულ ნაწარმოებებად აღიარებდნენ, რომელთაც თვით ვატიკანი აჯილდოვებდა ქრისტიანული იდეებისა და ჰუმანურობისათვის. პარადოქსულობა და წინააღმდეგობრიობა პაზოლინის ცხოვრების მუდმივი განმსაზღვრელი იყო. როგორც თავად აღნიშნავდა, კონფლიქტური ხასიათი უკვე თავად მის სახელში იყო ჩადებული პიერ-პაოლო რადიკალურად განსხვავებული წმინდანების – პეტრესა და პავლეს საპატივცემულოდ დაარქვეს.
“ყოველთვის მკიცხავდნენ არა იმდენად როგორც ჰომოსექსუალს, არამედ როგორც მწერალს, რომლის მიდრეკილებებით შანტაჟირებასაც ვერ ახერხებდნენ; ვერ ახერხებდნენ ამგვარად ეიძულებინათ ჩამდგარიყო საერთო მწკრივში. სინამდვილეში სკანდალი გამოწვეული იყო არა მარტო იმიტომ, რომ არ ვმალავდი ჩემს მამათმავლობას, არამედ იმითაც, რომ საერთოდ არაფერს ვუვლიდი დუმილით გვერდს. სიძულვილსა და შეურაცხყოფას იმით უფრო ვიწვევდი , რომ სიტყვის თავისუფლების უფლებას ვიყენებდი, ვიდრე სექსუალური გადახრებით, სხვაგვარად რომ ვთქვა, მოქმედ ნორმებთან შეუთავსებლობით..” – ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
ჰომოსექსუალობა 1975 წელს მომხდარი ერთ-ერთი უსასტიკესი მკვლელობის მიზეზი გახდა – ყველა წმინდანისა და მიცვალებულის დღეს პიერ პაოლო პაზოლინის აკუწული სხეული რომის გარეუბანში, ოსტიის ერთ-ერთ ბუნკერში იპოვნეს. ეს ის ადგილი გახლდათ, სადაც რეჟისორი „სიყვარულის საძებნელად ხშირად დაეხეტებოდა მარტო“. იდუმალებით მოცული მკვლელობა… – ამბობდნენ, რომ პაზოლინიმ თითქოს თავად გამოიწვია მოწამეობრივი სიკვდილი, რითაც საბოლოოდ გაამართლა „მათეს სახარებაში“ გამოყვანილ მეამბოხე ქრისტესთან იდენტიფიკაცია, რადგან მისი აზრით: „ან სიკვდილის საშუალებით უნდა გამოხატო საკუთარი თავი, ან უნდა იყო უკვდავი, ბოლომდე გამოუთქმელი.“
ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მკვლელობას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა – სამოცდაათიანი წლების იტალიაში ნეო-ფაშისტების მკვეთრი გააქტიურება შეინიშნებოდა, რომელთაც რამდენჯერმე დაარბიეს კიდეც პაზოლინის სახლი. სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ დამკვეთები. უკვე დახურულ პროცესს, შარშან დამნაშავის ახალი აღიარება მოჰყვა, რამაც საბოლოოდ დაადასტურა ეჭვები: მკვლელები ( როგორც აღმოჩნდა, ის ერთი კი არა, ოთხი იყო) გაშმაგებულნი ურტყამდნნ რეჟისორს და თან დასძახოდნენ: „ესეც შენ, დამპალო კომუნისტო, შენი კომუნისტური იდეებისთვის“.
პაზოლინის პერსონაჟების საზოგადოებისგან განდევნილი ადამიანები არიან, რომლებიც მდიდარ შინაგან სამყაროს ინახავენ ( მართალია, ცუდსაც და კარგსაც, აგრესიულსაც და ჰუმანურსაც, მაგრამ აარაერთგვაროვანს, ცოცხალს). პაზოლინის ფილმების უმეტესობა იმ დროსა და სივრცეს აღადგენს, რომელთაც ცივილიზაციის რეპრესია და სისტემატიზაცია ჯერ არ შეხებია. „პირველყოფილ ბარბაროსობაში არის რაღაც წმინდა, კარგი და სისასტიიკის გამოვლენა უკიდურესად იშვიათია. ასეა თუ ისე, რაც უფრო პირველყოფილია, მით ნაკლებად ანგარებიანი, ანგარიშიანი, აგრესიული და ტერორისტულია“ – ამბობდა პაზოლინი ერთ-ერთ ინტერვიუში. მისი აზრით, თანამედროვე კაპიტალისტურ სამყაროში სიყვარულიც გათვლით ხდება, ადამიანის ყველაზე ინტიმურიც ნორმირებულია. ამიტომაც ევლინება ტიპიურ მსხვილბურჟუაზიულ ოჯახს ღმერთი (თუ ანგელოზი) ადამიანური სახით „თეორემაში“, ისე, როგორც თავის დროზე დიონისე მოევლინა ხალხს, რათა შეახსენოს ადამიანებს, რომ იცხოვრონ და უყვარდეთ. უყვარდეთ ყოველგვარი ანგარებისა და საზოგადოებრივი ნორმების, ჩარჩოების გარეშე, ისე, როგორც მისი „სიცოცხლის ტრილოგიაში“, რომლის შესახებაც პაზოლინი წერდა: „მე ვაჩვენებ ფეოდალურ სამყაროს, სადაც ეროსი განსაკუთრებული სიღრმით, სიშმაგითა და ბედნიერებით განიცდება.“სადაც ყველა ადამიანს, თვით ყველაზე მდაბიოს ჩათვლით, საკუთარი ღირსების შეგრძნება გააჩნია. მე ვაცოცხლებ ამ სამყაროს და გეუბნებით, გიყვებით, გახსენებთ, როგორი იყო ეს სამყარო“…
ის სამყარო კი სადაც პაზოლინი ცხოვრობდა და ჩვენც ვაგრძელებთ ცხოვრებას, სიყვარულისგან ძალზე გაუცხოებული და ქსენოფობიურია.
„სიკვდილის ანგელოზმა“, როგორც მას ხშირად უწოდებენ ხოლმე, ანდერძად „სალო“ დაგვიტოვა და უკანასკნელად გაგვაფრთხილა: „თქვენი თავის ნუ შეგეშინდებათ, ბოლოს და ბოლოს შეიძლება დაიღუპოთ, მაგრამ ვინა თქვა, რომ სიკვდილია –ყველაფრის დასასრული?“