ბრიტანული მუსიკალური გამოცემა “New Musical Express”-ის ცნობით, მიმდინარე წლის 21 ივნისს ბერმუდის კუნძულებზე ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ჯონ ლენონის ხსოვნის კონცერტი გაიმართება.
1980 წელს ლენონი ამ კუნძულოვან სახელმწიფოში ისვენებდა. იქ ყოფნისას რამდენიმე ცნობილი კომპოზიცია დაწერა, მათ შორის “Woman” და “Watching the Wheels”.
ბერმუდის კუნძულებზე მცხოვრებმა მუსიკალურმა პროდიუსერმა ტონი ბრენონმა ჯონ ლენონის ხსოვნის საპატივცემულოდ რამდენიმე ღონისძიების ჩატარება გადაწყვიტა. კონცერტის გარდა, ქვეყნის დედაქალაქში ლენონის ძეგლი გაიხსნება, ადგილობრივ ბოტანიკურ ბაღში კი მუსიკოსის სახელობის ხეივანი გაშენდება.
ბრენდონს განზრახული აქვს რომ სპეციალური მუსიკალური ალბომიც გამოუშვას, რომელშიც ლენონისა და “The Beatles”-ის ცნობილი კომპოზიციების ქოუვერ ვერსიები განთავსდება. ამ დისკის ჩაწერაში მაქსი პრისტი, ბეილი აუტერბრიჯი, პოლ კერაკი, ჰიზერ ნოვა, რებეკა ფოლკენბერი, ნიკ კრისტოფერი და სხვა მუსიკოს-შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
ამის გარდა გაყიდვაში გამოვა წიგნი “John Lennon's Island Story”, რომელიც სახელგანთქმული მუსიკოსის ბერმუდაზე სტუმრობას დეტალურად გაიხსენებს. მასში განთავსებული იქნება ფოტოგრაფი გრემ ფოსტერის მიერ გადაღებული მასალაც.