"ერთი თვის წინ კოკა გუნცაძის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგას" გუშუნ ძმები გაჩეჩილაძეები, გოგა ხაინდრავა და გია ყარყარაშვილი შეუერთდნენ. მოძრაობის წევრების თქმით, "ამომრჩეველთა ლიგის" მთავარი მიზანი სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაა. როგორც გუშინდელ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, 28 აპრილს, "ამომრჩეველთა ლიგა" სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მშვიდობიან მანიფესტაციასაც გამართავს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ძმები გაჩეჩილაძეები, გოგა ხაინდრავა და ყარყარაშვილი "არაპოლიტიკურ" "ლიგას" უერთდებიან.
"ძმები გაჩეჩილაძეების, გია ყარყარაშვილისა და გოგა ხაინდრავას გარდა, ამომრჩეველთა ლიგას" სხვა ცნობილი ადამიანებიც შეუერთდნენ: მსახიობი ზაზა პაპუაშვილი, ყოფილი რაგბისტი ბიძინა გეგიძე, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი და სხვები. "ამომრჩევლები ვერთიანდებით, რათა გავთავისუფლდეთ ძალადობისგან, უსამართლობისგან, ხელისუფლების უზურპაციისგან, სიცრუით გამოწვეული უიმედობისგან. ვერთიანდებით, რათა შევაჩეროთ ხელისუფლების ბატონობა პიროვნებაზე, დავიცვათ საკუთარი ღირსება, თავისუფლება და მომავალი" , - ვკითხულობთ მოძრაობის მიმართვაში. როგორც "ლიგის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კოკა გუნცაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, ორგანიზაციის მთავარი მიზანი ამომრჩევლებს შორის არსებული შიშის სინდრომის დაძლევისა და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისთვის ბრძოლაა. "სადამკვირვებლო ჯგუფებსაც შევქმნით და მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანს დავაკვირდებით", - განაცხადა კოკა გუნცაძემ. ის "სოლიდარობის ფონდის" შექმნის ინიციატივითაც გამოვიდა, რისი მიზანიც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი მოქალაქეების დახმარება იქნება", - აღნიშნავს გამოცემა. "ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მსახიობი ნანა შონიაა. მისი თქმით, ეს საზოგადოებრივი მოძრაობა არაერთ აქტივობას განახორციელებს: "ვფიქრობთ, რომ დღეს არსებული საარჩევნო გარემო უსამართლო და არადემოკრატიულია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად იმუშავებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებითაც", - ამბობს შონია. "დიდი ხანია არც ტელეეთერით გამოვსულვარ და არც პრესის ფურცლებით მიმიმართავს საზოგადოებისთვის. ალბათ იმიტომ, რომ რაც სათქმელი მქონდა, ვთქვი. მინდა გითხრათ, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩემი პოზიცია არც ერთი წამით არ შემიცვლია, "ამომრჩეველთა ლიგას" კი მთელი გულით ვუერთდები", - აღნიშნა "უცნობმა" გია გაჩეჩილაძემ. მისმა ძმამ კი საზოგადოებას 28 აპრილს დაგეგმილ აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდა. ლევან გაჩეჩილაძის თქმით, აქციის მთავარი მიზანი სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა იქნება", - დასძენს გამოცემა. "რამდენიმეთვიანი გაუჩინარების შემდეგ პოლიტიკურ ასპარეზზე კვლავ გამოჩნდა ლევან გაჩეჩილაძე. პრესაში ბოლო ხანს აქტიურად საუბრობდნენ, რომ გაჩეჩილაძე მესამე ძალის ერთ-ერთი ლიდერი გახდებოდა. ეს მესამე ძალა კი ნინო ბურჯანაძეს, ეროვნულ ფორუნს და ძმებ გაჩეჩილაძეებს უნდა შეექმნათ. ასეთი ძალის გაჩენა ივანიშვილის ინტესებში არ შედიოდა. როგორც ამბობენ, სწორედ ამიტომ დათანხმდა ივანიშვილი თავის კოალიციაში ეროვნული ფორუმის შეშვებას - თავიდან ოცნების კარი ფორუმისთვისაც დაკეტილი იყო, მაგრამ მერე ეს კარი გაიღო. ოცნების კარი, სავარაუდოდ, "ამომრჩეველთა ლიგისთვისაც" გაიღება. ლევან გაჩეჩილაძის გარდა "ამომრჩეველთა ლიგაში" მისი ძმა გია გაჩეჩილაძეც წევრიანდება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის მეცხრე არხზე პოლიტიკურ შოუსაც წაიყვანს. ძმებ გაჩეჩილაძეების გარდა, ლიგაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავაც წევრიანდებიან", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკაში ბრუნდება / გახდება თუ არა "ამომრჩეველთა ლიგა" კოალიცია "ქართული ოცნების" დანამატი. "როცა ლიგა ასპარეზზე გამოჩნდა, კოკა გუნცაძემ პოლიტიკურ მიზნებზე არაფერი თქვა. მხოლოდ იმის პირობა მოგვცა, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მისცემდა. არჩევნების უსმართლოდ ჩატარების შემთხვევაში სათანადო ზომებით იმუქრება ბიძინა ივანიშვილიც - მისი თქმით, თუ არჩევნები გაყალბდება, ის ხალხს ქუჩაში გამოიყვანს. არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ქუჩაში ხალხის გამოყვანით იმუქრება "ამომრჩეველთა ლიგაც" - საინტერესოა ეს ორი ორგანიზაცია ერთად გააპროტესტებს თუ ცალ-ცალკე არჩევნების შედეგებს. მათ შესაძლო თანამშრომლობაზე რეალური სურათი ახლო მომავალში გამოიკვეთება", - აღნიშნავს გამოცემა. "ორშაბათს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, საიდანაც სულ ცოტა ხნის წინათ ამ ხელისუფლებამ 40 მსახიობი გამოაგდო, საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგის" პრეზენტაცია გაიმართა. თეატრის შესასვლელთან ტევა არ იყო. დარბაზში უკლებლივ ყველა გასასვლელი და შემოსასვლელი ხალხით იყო გაჭედილი..." წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით ლევან გაჩეჩილაძე: "ეს არის ჩემი საქართველო და ეს არის რისთვისაც ვიბრძოლებ!" გია ყარყარაშვილი: "პირობას გაძლევთ, თუ საჭირო იქნება, ავდგები სკამიდან!" / რა ხდებოდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში "ამომრჩეველთა ლიგის" პრეზენტაციაზე. "ჩემს თავს ხშირად ვუსვამ კითხვას - ზედმეტად ხომ არ ვაქტიურობ-მეთქი. მე ისეთი ცხოვრება მაქვს გავლილი, ამაზე ასჯერ უარესი მინახავს და ათასჯერ უარესი გადამხდენია, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ ყველა ადამიანი თავისი სამშობლოს სამსახურში უნდა იყოს... გუშინწინ სწორედ ამ დარბაზში კიდევ ერთხელ მომაყენეს შეურაცხყოფა და აქ ჩაატარეს ღონისძიება, რომლის მიზანი იმ ადამიანების მოქრთამვაა, ვინც უარყოფს, რომ გია ყარყარაშვილი არის ვეტერანთა გაერთიანების ხელმძღვანელი. რაც მახარებს ის არის, რომ ჩემს უარმყოფლებს ძალიან ძვირ ფასად ყიდულობენ და იაფი არ ვღირვარ. წარმოუდგენელ თანხებს უხდიან, თუმცა გუშინწინ ამ დარბაზში მხოლოდ 150 ვეტერანის შეკრება მოახერხეს. პირდაპირ ქრთამავდნენ და ეუბნებოდნენ - ვინც გია ყარყარაშვილს უარყოფს, ექნება სოციალური დახმარება და ა.შ. არჩევნები ახლოვდება და ახალ გაახსენდათ ვეტერანები, თორემ როცა ურტყამდნენ, მაშინ არ იყო ვეტერანი ღირებული... დღეს მივიღე გადაწყვეტილება გავერთიანდე იმ ორგანიზაციაში, რომელმაც ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღირსოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება", - განაცხადა გია ყარყარაშვილმა და პირობა დადო, რომ "თუ საჭირო იქნება, ადგება სკამიდან" - აღნიშნავს გამოცემა. |