"ნაცნი წავლენ და წამოვლენ, ქართველნი დარჩებიანო"

"ამ ჯგუფებს დავარქმევდი "პარტიულ გვარდიას", რომლის ლეგალიზაციასაც ცდილობენ. მმართველი პარტიის წარმომადგენელ ნუგზარ წიკლაურს არ დაეზარა საშინელი ფრაზის თქმა, რომ სამოქალაქო ომს სჭირდება ორი მხარე: ჩვენ ვართ ერთი მხარე, სადაა მეორე მხარეო. ანუ ხელისუფლად ვერ აღიქვამენ თავის თავს: ამბობენ, ჩვენ მხარე ვართ და არა ხელისუფალიო. უკაცრავად და ამ მენტალიტეტის ხალხი რომ ხელისუფლებაში გვეყოლება და თან ყველაფრის გამაჟღერებელი, თან შეფუთულ-შელამაზებული ტყუილებით, ეს უკვე ყველაფერზე მიუთითებს", - აცხადებს ყოფილი სამხედრო, გვარდიის მაიორი მალხაზ თოფურია გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ნაცნი წავლენ და წამოვლენ, ქართველნი დარჩებიანო" / "ამ ჯგუფს დავარქმევდი "პარტიულ გვარდიას", რომლის ლეგალიზაციასაც ცდილობენ". 

"იმ დაქირავებულ ხალხში, რამდენადაც ვიცი, ძალიან ბევრი ნაბრძოლი ხალხია, საკმაოდ გამოცდილი ხალხი. ამ ჯგუფებში მოხვედრა სხვადასხვა მეთოდით ხდება და მოდით, ისიც ვთქვათ, რომ ცხოვრებამ გვანახვა: ხალხი, რომელსაც ტყვიისა და ბრძოლის არ ეშინოდა, ეკონომიკურმა გაჭირვებამ გატეხა. ვფიქრობ, ეს ჯგუფები მაინც არ იქნება ხელისუფლებისთვის ეფექტური. იქ ისეთი ხალხიცააა, რომელიც პრობაციონერია და ციხეში შებრუნება არ უნდა. ეუბნებიან: მორჩება შენი პრობაციონერობა, ციხეში არ შეგაბრუნებთო. ხელფასებად სახელდება 700-1200 ლარი და ამ ხალხის მდგომარეობაშიც შეიძლება შესვლა, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა მაინც ქართველი პატრიოტია და ვეჭვობ, ისინი ხელისუფლების საჭიროებას გამოადგნენ და არა თავად ქვეყანას. მინდა გავმიჯნო, რადგანაც ხელისუფლება უკვე თავად გაემიჯნა სახელმწიფოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მალხაზ თოფურია. 

"იმდენი ტვინი არ ჰყოფნით, რომ იცოდნენ, ჩაჩიბაიას გარეშეც გავრცელდებოდა ეს ამბავი. დამიჯერეთ, ზუგდიდი ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ქალაქია, რომ იქ მოსახლეობის 80% ჩაჩიბაიაა. მაგრამ კამერულ სისტემაში ჰყავთ ეს ქალაქი და ზონის ტიპის დასახლებად არის ქცეული, სადაც განსაზღვრულია: ნაბიჯი მარცხნივ, ნაბიჯი მარჯვნივ და ამისთვის ადამიანი ან ციხეში ჯდება ან იხვრიტება. ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რას იგონებს, თვითონ არ იცის. გაოგნებული ვარ: იმდენად არიან დარწმუნებული, რომ ზუგდიდი მაგათია - თურმე ვერ წარმოედგინათ, რომ "მათი" ზუგდიდიდან ინფორმაცია გაჟონავდა. სასაცილოა, დადიანის ქალაქში რომ მხოლოდ მიშისტები გაზრდილიყვნენ. ახალაიებს ჰგონიათ, რომ მთელი ზუგდიდი მაგათია. არ არის მასე", - განაგრძობს ყოფილი გვარდიის მაიორი.

"ხელისუფლებას არსებული შეიარაღებული ძალის ეშინია. ეს არსებული შეიარაღებული ძალა კი არის შეიარაღებული სტრუქტურები, რომლებსაც აღარ ენდობიან. პოლიცია ცოტა მძიმე შემთხვევაა, მაგრამ შეიარაღებული ძალები ყოველთვის ხალხის იყო. რა ცუდი ხელისუფალიც უნდა მყავდეს, უცხო ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში ყველა ერთად დავდგებით. ბობოხიძეს წამოცდა და ნახეთ, მანამდეც მივალთ, ბოლოს ნაციონალები იტყვიან, ამერიკამ გაგვყიდაო", - დასძენს მალხაზ თოფურია.