"21 წლის ბავშვების ადგილი პარლამენტში არ არის... სააკაშვილმა ბუჩქებში რომ გააგზავნა ახალგაზრდები, იქიდან ჩასვამენ ვინმეს სიაში"

"21 წლის ადამიანების დეპუტატებად არჩევის ინიციატორი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი. როგორც კი ეს სიახლე გავიგე, მაშინვე ვთქვი, რომ კარგი იქნება, თუ დედის მუცლიდანვე გახდებიან ადამიანები პარლამენტის წევრები. დარწმუნებული ვარ, ეს საქართველოს ძალიან წაადგება", - აცხადებს დეპუტატი გია ცაგარეიშვილი გაზეთ"ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ცაგარეიშვილი: 21 წლის ბავშვების ადგილი პარლამენტში არ არის! / რატომ მოჰყავს სააკაშვილს დეპუტატები ქუთაისში. 

"როგორც ჩანს, ნაციონალები უმიზნებენ იმ სეგმენტს, რომელთა ასაკიც 21-დან 25 წლამდეა. დღევანდელი ნორმით 25 წელს მიღწეულ ადამიანს შეუძლია გახდეს პარლამენტის წევრი. პირადად მე არ მგონია, გამართლებული იყოს 21 წლის გოგონას ან ბიჭის მოხვედრა პარლამენტში. ამ ასაკის ახალგაზრდებს არანაირი გამოცდილება არ აქვთ დეპუტატობისთვის. ეს ყველაფერი აუცილებელია პარლამენტის წევრისთვის. გამოცდილება მოდის წლებთან ერთად. ისევე როგორც ცოდნა. იგივე შეიძლება ითქვას ზრდილობაზეც: გადახედეთ სხდომათა დარბაზს და მიხვდებით, რა საჭიროა დღეს ეს ყველაფერი. ყველანი კარგად ვხედავთ, როგორ იქცევიან "ძველგაზრდა" ადამიანები სხდომათა დარბაზში. წარმომიდგენია, როგორ მოიქცევიან 21 წლის ასაკის ახალგაზრდები. ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ამ ასაკის ელექტორატის გულის მოგება სურს. თანაც ალბათ ვიღაცების დეპუტატის მანდატით დაჯილდოება გადაწყვიტეს. ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილის ახირებაა. ერთხელ ბატონმა სააკაშვილმა თქვა: ჩემი ნება რომ იყოს, 4 და 5 წლის ბავშვებსაც ჩავრთავდი პოლიტიკაშიო..." - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ცაგარეიშვილი.

"21 წლის ხალხის პარლამენტში შემოსვლა მიმაჩნია გაუთვლელ და გაუმართლებელ გადაწყვეტილებად. ამ საკითხთან დაკავშირებით შეიქმნა კომისია. დაიწყება ამ საკითხის საჯაროდ განხილვა. კარგა ხანია, ამგვარ კომისიებში აღარ ვმუშაობ, რადგანაც იქ მუშაობას აზრი არ აქვს. ახლა გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო - უბრალოდ, ძალიან მაინტერესებს მათი არგუმენტები. მაინტერესებს, რით ახსნიან ამ გაუმართლებელ გადაწყვეტილებას, ეტყობა ისინი აპირებენ აქ ხალხი პატრიოტთა ბანაკებიდან შემოიყვანონ. სააკაშვილმა ბუჩქებში რომ გააგზავნა ახალგაზრდები, იქიდან ამოაძრობენ ვინმეს და ჩასვამენ სიაში. არ არის გამორიცხული, ნაციონალების საარჩევნო სიაში რომელიმე ახალგაზრდა ზონდერი მოხვდეს. დიდი შანსები აქვთ სტუდკავშირის - იგივე კომკავშირის წარმომადგენლებსაც, განსაკუთრებით იმათ, რომლებიც სტუდენტებს აუდიტორიაში სცემენ. ეტყობა, ასეთი ხალხი დეპუტატის მანდატით უნდა დააჯილდოონ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"თუ ახალგაზრდების თანამონაწილეობა სურთ, ამისთვის უამრავი საშუალებაა. 200-ზე მეტი პარტიაა ამ ქვეყანაში. ბევრ პარტიას ახალგაზრდული ფრთა აქვს. ჩვენ "თავისუფალ დემოკრატებსაც" გვყავს ახალგაზრდული ფრთა - 500-600-მდე ბავშვია. ეს გამოჩნდა კიდეც ჩვენ საქალაქო კონფერენციაზე. არიან ბრწყინვალე ახალგაზრდები. ისინი ახლა სწავლობენ. ადამიანები, როგორც წესი, ამ ასაკში იღებენ უმაღლეს განათლებას. ამ ასაკში უმაღლესის დამთავრებას ახალგაზრდები ვერ მოასწრებენ. ჩემი აზრით, დაუშვებელია პარლამენტში არასრული უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი მოხვდეს. პარლამენტში არასრული უმაღლესი განათლების მქონე დეპუტატები დღესაც არიან, ოღონდ მათაც აქვთ დიპლომები - ზოგს წნორის უნივერსიტეტის დიპლომი აქვს, ზოგს ხონის ან ბაღდათის უმაღლესი სასწავლებლის, არიან ისეთებიც, თბილისში სარდაფებში გახსნილი სასწავლებლების დიპლომი აქვთ.... წინა მოწვევის პარლამენტში ისეთი დეპუტატიც მინახავს, რომელის "ძ"-სა და "ხ"-ს ვერ არჩევდა ერთმანეთისგან, სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ. იყვნენ ისეთებიც და ახლაც არიან, იუნესკო ქვეყანა რომ ეგონათ და რუკაზე ეძებდნენ", - დასძენს გია ცაგარეიშვილი.

"სააკაშვილი ქუთაისში დიდი ღრეობის მოწყობას აპირებს. დიდი იმერული პურ-მარილის გაშლა იგეგმება. და ახლა ამის ლეგალიზება გეგმავენ. მას ადრე ძალიან საინტერესო ფრაზა წამოსცდა. როგორც წესი, რაღაც წამოსცდება და შემდეგ მის განხორციელებას იწყებს. ახლაც, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც კანონის ძალის ნორმატიული აქტია, შეაქვთ ცვლილება, სადაც წერენ, რომ 1-ელი მაისიდან შეიძლება სხდომები მოეწყოს როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში. მან თქვა, 2012 წლის 26 მაისს უნდა შევხვდე ქუთაისში. მართლა საყველპუროდ ხომ არ წაიყვანდა ამ ხალხს. ამიტომაც რეგლამენტში შეაქვთ ცვლილება. ეჭვი მაქვს, ბოშათა ბანაკივით წაასხამს დეპუტატებს ქუთაისში. მას დაუოკებელი მიდრეკილება აქვს სხდომების სახურავზე გამართვის. პარლამენტის სხდომებსაც სახურავზე მოაწყობენ", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას "რატომ სახურავზე?" - პასუხობს:

"მე გახლდით წინა კვირას ხონში, გამოვიარე და დავათვალიერე ის ტერიტორია, სადაც პარლამენტის შენობა შენდება, იქ არის დიდი სამშენებლო პოლიგონი, მიდის მშენებლობა, ამიტომაც მიუწევთ სხდომის სახურავზე გამართვა. სხვებისა არ ვიცი, მე პირადად არ წავალ. ქუთაისში პარლამენტის გადატანა, გარდა იმისა, რომ უკანონობაა, ამორალური საქციელიცაა, რადგან ეს მხოლოდ სააკაშვილის ახირებაა. მას ამის შესახებ არავისთვის უკითხავს აზრი".