მოქალაქეობის ჩამორთმევა მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომ ივანიშვილს გაურთულდეს პოლიტიკურ აქტორად ჩამოყალიბებისა და მოქმედების შესაძლებლობა. შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ, ჩემი აზრით, არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, ივანიშვილს აღუდგება მოქალაქეობა თუ არა. მოქალაქეობააღდგენილ ივანიშვილს ზუსტად იმავე ხარისხით შეუქმნის ხელისუფლება წინააღმდეგობებს, როგორითაც მოქალაქეობაჩამორთმეულს უქმნის დღეს", - აცხადებს სოციოლოგიის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მასშტაბური სტრატეგია ოპოზიციურ კოალიციაში ჯერჯერობით არ ჩანს" / `ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას ხელისუფლება არა მარცხად, არამედ პლუსად წარმოაჩენს" / `საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა პოლიტიკურ თემაზე არასოდეს ყოფილა ისეთი რთული, როგორიც ამ ბოლო წლებშია".
"ჯერჯერობით ხელისუფლების ხელშია მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა, რომლის საშუალებითაც ყოველთვის შეუძლია თეთრის შავად გასაღება. ამიტომაც თუნდაც ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას ხელისუფლება არა მარცხად, არამედ პლუსად წარმოაჩენს და ახლა ამ რეალობის გათვალისწინებით აამუშავებს დამაბრკოლებელ მექანიზმებს. ავტორიტარულ რეჟიმებში ხელისუფლების მარცხსა და წარმატებას შორის განსხვავება პირობითია, უფრო სწორად, იჩქმალება ხელისუფლების მარცხის ობიექტური რეპრეზენტაცია და ყველაფერი წარმოჩნდება როგორც წარმატებული პოლიტიკის კომპონენტი. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მაგალითს, როდესაც ხელისუფლებას გულწრფელად უღიარებია თავისი მარცხი საზოგადოების წინაშე - 2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იაგო კაჭკაჭიშვილი.
"როგორ შეიძლება ამ წრის გარღვევა? ოპოზიციამ უნდა შეძლოს საზოგადოებასთან მჭიდრო და ეფექტური საკომუნიკაციო და საინფორმაციო სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება. საქართველოს საზოგადოების ყველაზე ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი თბილისშია თავმოყრილი, ხელისუფლებას ტრადიციულად ყველაზე მეტად სწორედ თბილისში უჭირს და თბილისში აგებს. ცხადია, არა იმიტომ, რომ დედაქალაქში ყველაზე ჭკვიანი ამომრჩევლები ცხოვრობენ, არამედ იმიტომ, რომ აქაური ამომრჩეველი ყველაზე ინფორმირებულია და მოვლენების სხვადასხვა კუთხით განხილვის შესაძლებლობა აქვს. საჭიროა ალტერნატიული ინფორმაციის მიტანა მოქალაქეებამდე, რაც შეიძლება ინტენსიურად და მასშტაბურად. მაგრამ ასეთი მასშტაბური სტრატეგია ოპოზიციურ კოალიციაში ჯერჯერობით არ ჩანს", - მიიჩნევს რესპონდენტი
"ომბუდსმენის ნამდვილად მწვავე და თამამ განცხადებებს ხელისუფლება შედარებით მშვიდად ხვდება და მისთვის საბედისწეროდ არ აღიქვამს, რადგან ეს განცხადებები რადიკალური არ არის და არსებული პრობლემების გამოსწორებისთვის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოხატავს. ომბუდსმენი პოლიტიკური (ვიწრო, ანუ პარტიული გაგებით) ფიგურა არ არის და ამიტომ მისი ოპოზიციონერობა ხელისუფლებისათვის ნაკლებად გამაღიზიანებელია. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ხელისუფლებისთვის მიუღებელი მაშინ გახდა, როდესაც პოლიტიკური, კერძოდ, ხელისუფლების შეცვლისკენ მიმართული განცხადებების გაკეთება დაიწყო, ანუ გამოვიდა ინსტიტუციური ჩარჩოებიდან და ხელისუფლებასთან მოთანამშრომლე ფიგურიდან მეამბოხე ფიგურად გადაიქცა. ვიდრე სახალხო დამცველი ინსტიტუციურ ჩარჩოებში რჩება, ის ხელისუფლებისთვის ნაკლებად პრობლემურია. იგივე ითქმის არასამთავრობო სექტორისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებაზეც. ცხადია, ეს სულაც არ ნიშნავს როგორც სახალხო დამცველის, ისე არასამთავრობო სექტორის როლის დაკნინებას. ასეთი ინსტიტუტების აქტივობა უაღრესად მნიშვნელოვანია ევოლუციური ცვლილებების პროვოცირებისთვის. უბრალოდ, ისინი ყოველთვის შეიძლება მსხვერპლად შეიწიროს ავტორიტარულმა რეჟიმმა და აქციოს "ხმად მღაღადებლისა", - დასძენს იაგო კაჭკაჭიშვილი.
"ბევრჯერ ვთქვი და დავწერე: საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა პოლიტიკურ თემაზე არასოდეს ყოფილა ისეთი რთული, როგორიც ამ ბოლო წლებშია. ამის მიზეზია არაგულწრფელი რესპონდენტების რიცხვის ზრდა, რასაც, თავის მხრივ, ოპოზიციური განწყობის გამოხატვის შიში განაპირობებს. სოციოლოგებს გვიხდება რესპონდენტთა ანონიმურობის სხვადასხვა, ზოგჯერ ქართულ რეალობაში აქამდე არააპრობირებული მეთოდების გამოყენება, რაც გაზრდიდა მათი გულწრფელობისა და შესაბამისად, გამოკითხვის შედეგების ობიექტურობის ხარისხს. ენდიაის ბოლო გამოკითხვაში საყურადღებოა ის შედეგი, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური პრეფერენციის უქონელთა წილი თითქმის 40%-ს აღწევს. აქ შედიან ისინი, რომელთაც ჯერაც არ მიუღიათ გადაწყვეტილება, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერენ მხარს არჩევნებში, თუმცა, შედიან ისინიც, ვისაც არჩევანი გაკეთებული აქვთ, მაგრამ ამას მალავენ (ასეთთა წილი, სულ მცირე, 40%-ის ნახევარს უნდა შეადგენდეს). ცხადია, საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დამალვის მოტივი მმართველი პარტიის ამომრჩეველს არ შეიძლება ჰქონდეს, ეს უმთავრესად ოპოზიციური ამომრჩეველია.", - განმარტავს სოციოლოგი.
"ფაქტია, რომ ენდიაის კვლევამ ვერ მოახერხა ოპოზიციურად განწყობილი რესპონდენტების განწყობის ადეკვატურად წარმოჩენა. და რას ვიღებთ? - რეალობის შეუსაბამო სურათს. რაც მთავარია, საზოგადოება აქცენტს პოლიტიკური არჩევანის დამმალველ დიდ ჯგუფზე კი არ აკეთებს, არამედ იმ 10%-ზე, რომელიც ოპოზიციურ პარტიათა კოალიციას მმართველი პარტიისაგან დიდი დისტანციით აშორებს. ამგვარი არაადეკვატური სურათი საზოგადოებრივ ცნობიერებაზეც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს კვლავ რადიკალიზმისკენ ან იმედგაცრუებისკენ უბიძგებს. ამგვარი კვლევები ვერ ჩაითვლება სასარგებლოდ საზოგადოების პოლიტიკური კულტურისა და დემოკრატიულობის ზრდისათვის. გარდა ამისა, ჩემთვის მიუღებელია, რომ მოქალაქეებს, რომელთა წყალობითაც იძენენ ლეგიტიმაციას პოლიტიკური პარტიები, გამოკითხვის შედეგების გამჟღავნების ღირსადაც არ თვლიან. ეს სოციოლოგიურ კვლევებს საზოგადოებაში ნეგატიური განწყობისა და დაძაბულობის ზრდის ინსტრუმენტად აქცევს", - დაასკვნის იაგო კაჭკაჭიშვილი.