,,ჩემი ეს ფრაზა მას შემდეგ ამოქექეს, რაც ,,ქართულ ოცნებაში'' დამინახეს!''

,,ჩემი ეს ფრაზა მას შემდეგ ამოქექეს, რაც ,,ქართულ ოცნებაში'' დამინახეს!''

რა თანხის გადახდა მოუწევს ივანიშვილის პარტიაში საწევროს სახით, რაზე უთხრა უარი ნინო ბურჯანაძეს და რა არის მანანა კობახიძის ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილის გუნდში პოპულარული ადვოკატების სერიოზული მობილიზაციაა. ირაკლი სესიაშვილის რჩევით, მათ რიცხვშია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის'', ორგანიზაცია ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვისა'' და ,,საზოგადოებრივი დამცველის'' დამფუძნებელი და წევრი მანანა კობახიძეც. როგორც ტერორისტებისა და ჯაშუშების გახმაურებული საქმეების წამყვანი ადვოკატი ამბობს, ივანიშვილთან გულისკარნახმა და შინაგანმა ხმამ მიიყვანა, ზუსტად იცის, როგორ უნდა შეცვალოს სასამართლო სისტემა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში და ისიც იცის, რომ მილიარდერი ლიდერისთვის პარტიული საწევროს გადახდა მოუწევს. ,,ვერსიის'' კითხვებს ხან ემოციურად, ხან ენერგიულად, ხანაც ოდნავ მკაცრი ტონით მანანა კობახიძე პასუხობს: 

- რაც ფილარმონიაში, მოძრაობა ,,ქართული ოცნების'' დაფუძნებაზე ვთქვი, ესაა ჩემი ცხოვრების რეალობაც. ცხოვრებაში ორჯერ ვნახე ატირებული მამაკაცი: ერთი მევლუდ სვანიძე, რომლის ავტომანქანიდან რამდენიმე წლის წინ მილიონნახევარი ამოიღეს და დღესაც ვერ გაუგია, რისთვის იხდის სასჯელს და მეორე _ ,,ოცნების'' ოფისში. ჩემთან ერთი ცისფერთვალება, თეთრთმიანი მოხუცი მოვიდა, მეოთხე სტადიის სიმსივნით, რომელსაც ძალიან უნდოდა სიცოცხლე ოქტომბრამდე, რათა ამ ხელისუფლების წასვლას მოსწრებოდა. ჯერ ისევ ჯანზე ვარო, ცრემლები წამოუვიდა და მთხოვა, ოქტომბრამდე მაცოცხლეთ, ან გაზეთებს დავარიგებ, ან უბანზე აგიტატორი ვიქნები, იქნებ, რამეში გამოგადგეთო. ნუცუბიძეზე ცხოვრობს და როცა ჩვენი ყველა ოფისი გაიხსნება, რაღაცაში მართლა აუცილებლად ჩავრთავ.  

- უკვე დაგიწყიათ ემოციური პოლიტიკის ,,კეთება''. რატომ შეელიეთ ცხოვრების მთავარ საქმეს, ადვოკატობას და რატომ გახდით პარტიული?  

- მანამდე პედაგოგი ვიყავი, ლექციებს ახლაც ვკითხულობ. მერე ჩემი ბიოგრაფია მთლიანად შევცვალე და 2001 წლიდან ადვოკატობა დავიწყე. ყველა პრობლემურ საქმეში პირადად ვერთვებოდი. როცა საქმე სასამართლოში მიგაქვს და მთელი შენი შუამდგომლობებითა და დასაბუთებებით, უბრალოდ, ვერაფერს აღწევ, მერე ყველაფერს ასე გულგრილად, მარტო ადვოკატის ,,მუნდირითა'' და პროფესიული სიმშვიდით ვეღარ ხვდები. გიწევს ფიქრი, სადაა პრობლემა, რა უნდა შეიცვალოს და გინდა არ გინდა, მაინც პოლიტიკასთან მიდიხარ.  

10 წელია, ამაზე ფიქრობთ და ელოდებით მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილს? დავიჯერო, პოლიტიკური პარტიებიდან შემოთავაზებები აქამდე არ გქონიათ?  

- მოდით, არაფერს დავმალავ - მივიღე შემოთავაზება ნინო ბურჯანაძისგან: თუ ოდესმე გადაწყვეტ პოლიტიკაში წასვლას, მოხარული ვიქნები, ჩემ გუნდში რომ გიხილოო. დღესაც დიდი მადლობა მას ამ სიტყვებისთვის, რომელიც 26 მაისის მოვლენების დროს მითხრა. მაშინ აქციაზე დარბეულ ათობით კაცს ვიცავდი.  

მერე, რატომ უთხარით უარი ნინო ბურჯანაძეს და სულ ცოტა ხანში, რატომ დათანხმდით ბიძინა ივანიშვილს?  

- ამასაც პირდაპირ ვიტყვი - ეს ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის პიროვნებამ გადამადგმევინა. მესიანიზმს კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, მაგრამ ივანიშვილის იმედი და შინაგანი მხარდაჭერა გამიჩნდა, თუმცა არც იმ წუთას მიფიქრია, მოდი, გავიქცევი და პოლიტიკოსი გავხდები-მეთქი. არის ასეთი გამოთქმა _ გულმა აქეთ გამომიწია! ჰოდა, მეც რაღაც შინაგანმა ხმამ მიბიძგა პოლიტიკაში წასვლისკენ, ამიტომ როცა შემოთავაზება მივიღე, ბევრი აღარც მიფიქრია, ისე დავთანხმდი. მივხვდი, რომ ივანიშვილის პარტიაში ბევრი კარგი საქმის კეთება შემიძლია და არამხოლოდ, როგორც ადვოკატს.  

- თქვენ გუნდში იმდენი ადვოკატია და ყველა ისე აქტიურადაა ჩართული ივანიშვილთან დაკავშირებულ სხვადასხვა დავაში, მიკვირს, როგორც ადვოკატი, თქვენ რატომ არაფრით ხართ დაკავებული, არც ხელფასს იღებთ...  

- როცა ადვოკატების ჯგუფი ჩამოყალიბდა, ჯერ კიდევ ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლში'' ვიყავი, ასევე გახლდით ,,ევრაზიის ფონდის'' მიერ დაფინანსებული სერიოზული პროექტის დირექტორი. ჩემ საქმეს ვაკეთებდი და ალბათ, არც აუცილებლობა იყო ივანიშვილის სასამართლო საქმეებში ჩართვისა. ან ფული რაში უნდა ამეღო, მისთვის საადვოკატო მომსახურება არ გამიწევია. პირიქით, როგორც პარტიის წევრი, როცა წესდება დაიწერება, ვალდებული ვიქნები, საწევრო გადავიხადო. აბა, პარტიამ რაღაცით ხომ უნდა იარსებოს? ასე რომ, ივანიშვილი ფულს პარტიაში ყოფნისთვის არავის უხდის. ალბათ, ვიყავი წარმატებული ჩემ პროფესიაში და ახლა რა ,,მემუქრება'', არ ვიცი, რადგან პოლიტიკა დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ხალხს უყვარხარ, როგორც უფლებადამცველი, გაფასებს, შენთან არავითარი პრეტეზია არ აქვს, მით უმეტეს, როცა ბევრს უფასოდაც ემსახურები. ამ დროს, შეიძლება, ერთი პოლიტიკური განცხადება გააკეთო და იმდენად არ მოეწონოს, მთელი შენი სიკეთე გადაიფაროს. გავრისკე იმიტომ, რომ მივხვდი _ მე პროფესია დავკარგე ამ ქვეყანაში, ჩემი ადგილი სასამართლო დარბაზში აღარ დარჩა. ბედნიერი ვიქნები, თუ მოქმედი ხელისუფლების გასტუმრებაში მონაწილეობას მივიღებ. 

- ესაა თქვენი ოცნება? 

- ჩემი ოცნება ისაა, საქართველო მართლა დემოკრატიული, თავისუფალი და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული იყოს. ხალხი შიმშლითა და სიცივით არ იხოცებოდეს და ,,საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული, ყოფილი ერი'' არ გავხდეთ, _ ჭაბუა ამირეჯიბის ეს ფრაზა ძალიან მიყვარს. 

- და ამ ყველაფერს თუ აისრულებთ, წახვალთ პოლიტიკიდან? 

- არ მოგატყუებთ, არ ვიცი. მოდი, ჯერ გავიმარჯვოთ არჩევნებში, მოვიდეთ უმრავლესობით და მერე ვნახოთ. ადვოკატის პოზიიციდან გეტყვით _ იცით, ძალიან ძნელია, ადამიანს მუდმივად აუხსნა, რომ მე, როგორც ადვოკატს, სამართლებრივად კი არ შემეშალა რამე, არამედ არ არსებობს სასამართლოს ნება და ისევ იქამდე მიდიხარ, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. ამ ქვეყანაში რომ ნორმალური სამართლიანი სასამართლო ყოფილიყო, პოლიტიკაში არასდროს წავიდოდი. ესაა ჩემი მოტივაციაც - ქვეყანაში აღდგეს სამართლიანი სამართალი!  

ამაზე ყველა საუბრობს, თანაც ყოველთვის ამ ფრაზებით. დამიკონკრეტეთ, რას ნიშნავს ,,სამართლიანი სამართალი'' და ის ძალიან კონკრეტული ცვლილებები ჩამომითვალეთ, რასაც სასამართლო სისტემა საჭიროებს? 

- ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის სამართლებრივი შედეგები: სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმების მოუქნელობა, მძიმედ დაავადებულ პატიმართა სასჯელისგან გათავისუფლების არაეფექტური პროცედურა. საკანონმდებლო დონეზე უნდა გაფართოვდეს ადვოკატის უფლებები, შეიქმნას მისი დაცვის მექანიზმები, დასჯადი იყოს ადვოკატის საქმიანობისთვის უკანონო ხელშეშლა! უნდა დაწესდეს სისხლის სამართლის დანაშაულთა გამოძიების უფრო კონკრეტული ვადები, რათა თაროზე არ აღმოჩნდეს საქმეები, რომელთა გახსნის ინტერესი პროკურატურას არ აქვს. არ ავუღებთ რევანშს მოსამართლეებს და ყველას სახლში არ გავუშვებთ, თუმცა არიან ისეთებიც, ვთქვათ, ბატონი ჩემია, გირგვლიანის საქმეზე, როცა სადავოც არაფერია. კანონში არის მუხლი, რომ მოსამართლე არ უნდა დაისაჯოს გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ მაშინ რა ვქნათ, როცა შიშის თვალებით გამოაქვთ ის გადაწყვეტილება, ,,კოპი პეისტით'', რაც პროკურორის კაბინეტში იწერება?! რაც შეეხება პროკურატურის უკიდეგანო ფარგლებს, იგი აღმასრულებლის როლიდან უნდა გამოვიდეს და არამც და არამც არ უნდა იყოს ინსტიტუტი, რომელიც შეიჭრება და ,,ჩაიჭრება'' მართლმსაჯულებაში. აი, ესაა შესაცვლელი, პირველ რიგში. თორემ, ხომ იცით, ხელისუფლება რყვნის ადამიანს, აბსოლუტური კი - აბსოლუტურად.  

- მერედა, რა გარანტია გაქვთ, რომ თქვენ ეგ არ გემუქრებათ? თან დღეს უკვე გიჭირთ იმის თქმა, როდის დაუბრუნდებით ადვოკატობას.  

- ადამიანი სულ შიშის ქვეშ უნდა იყოს, რადგან პოლიტიკაში მისი თითოეული სიტყვა და ნაბიჯი, შესაძლოა, ისევ მის წინააღმდეგ გამოიყენონ. მაგრამ თუ არ გარისკე და დაელოდე, შენ გასაკეთებელს სხვა როდის გააკეთებს, არაფერი გამოვა. რისკი უკვე გაწეული მაქვს, ჩემი წილი პასუხისმგებლობაც ავიღე.  

- ყველამ ვიცით, რომ ,,ქართული ოცნების'' გამო ბევრი იდევნება, ციხეშიც უშვებენ და სამსახურსაც აკარგვინებენ. ხალხი არ იკითხავს, ინფორმაციაც აქვთ, ამხელა ფინანსებიც, ამდენი მაგარი ადვოკატიც ჰყავთ და თუ ახლა ვერ დაუცავთ თავიანთი მხარდამჭერები, არჩევნების დროს როგორღა დაიცავენო?  

- უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზი, ნომრით: 5 91 005 005. მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ იმ შემთხვევაში, თუ მათ ჩვენ გამო სამართლებრივ პრობლემებს შეუქმნიან. იურისტები აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას და ნამდვილად არ დავტოვებთ მათ განსაცდელში. ახლა შევხედოთYმოქმედ კანონს, თუკი ,,ოცნება'' ვიღაცისთვის ქირაობს ადვოკატს, გამოდის, ამით ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა და შეიძლება, ის ადამიანიცა და ,,ოცნების'' წევრიც დასაჯონ სამწლიანი პატიმრობით. ერთხელ, ჩვენთან მოვიდა ადამიანი, რომელმაც მძიმედ ავადმყოფი შვილისთვის ოპერაციისა და წამლის ფული ითხოვა. ჩვენ რომ ივანიშვილის ფონდს არც შევეხოთ და ფული საკუთარი ჯიბიდან ამოვიღოთ, ესეც დანაშაულია! ერთადერთი, რაც ახლა მოქალაქეს შეიძლება მივცეთ, ესაა კეპები და მაისურები. ამომრჩეველმა კარგად უნდა გაიგოს, რომ ეს ჩვენი ბრალი არაა.  

 - ახალახან ერთი თქვენი ფრაზა გახდა ძალიან პოპულარული. ლამის ერთი წლის წინანდელ ინტერვიუში მოგყავთ აშშ-ს დეპარტამენტის შეფასება, რომ მართლმადიდებლობა საქართველოს განვითარებას აფერხებს. ასე აშენებს ივანიშვილი ევროპულ დემოკრატიასო? უპასუხეთ ოპონენტებს.  

- ჩემი ეს ფრაზა მას შემდეგ ამოქექეს, რაც ,,ქართულ ოცნებაში'' დამინახეს. საქმე ეხებოდა ,,კავკასიაზე'' მომხდარ ინციდენტს, როცა ახალგაზრდები დააკავეს ეთერის ჩაშლისთვის. მე ამ ბიჭებს ვიცავდი. დავინახე, რომ საქმეში, რეალურად, არც ერთი მტკიცებულება არ იყო მათ წინააღმდეგ და, სხვათა შორის, იმ კონკრეტული გადაცემის წამყვანი დაზარალებულადაც არ იქნა ცნობილი. სამაგიეროდ, როგორი თემა გაშალა ხელისუფლებამ? ჩვენ ვებრძვით იმათ, ვინც რელიგიურ თუ სექსუალურ უმცირესობებს ჩაგრავს. აი, როგორი დემოკრატები ვართო და აშშ-ს დეპარტამენტს დაურეპორტეს, ნახეთ, რა კარგები ვართო. ასეთი დემოკრატია არავის სჭირდება! 

- ახლა ისე არ გაგიგონ, რომ სექსუალურ და რელიგიურ უმცირესობებს არ დაიცავთ.  

 - გთხოვთ, ეს ჩამონათვალი დაწეროთ - პირველი მამაკაცი, რომელაც ღიად განაცხადა თავისი სექსუალური განსხვავებულობის შესახებ, იყო ჯანრი დოხნაძე, რომელმაც დახმარება მთხოვა. შეიძლება, არ ვიყო რაღაცის პროპაგანდისა და აშკარა წაქეზების მომხრე, რადგან ვარ და ვიქნები ქრისტიანი, მაგრამ როცა ვინმეს ჩემი დაცვა სჭირდება, მისი სქესი და რელიგია ჩემთვის აღარაა საინტერესო. ადვოკატი თუ ვარ, ნარკობარიგასაც დავიცავ, რეციდივისტსაც და გამაუპატიურებელსაც! აბა, კაცს რომ ხელოვნური სუნთქვა სჭირდება, ექიმმა უნდა თქვას, ფუ, მეზიზღებაო?! დაწერეთ ეს ჩამონათვალიც - მე ვარ ნუგზარ ბოჭორიშვილის ადვოკატი, ჩეჩენი ტერორისტი ალიევიც დამიცავს, ირანელი ჯაშუში ფაშა ბაიკიც, იგორ გიორგაძის პარტიის მოხრეებიც, ცოტნე გამსახურდიას ადვოკატიც მე ვიყავი, ირაკლი ბათიაშვილის საქმე მე მაქვს სტრასბურგში, საკონსტიტუციოში ვიცავდი სულხან მოლაშვილს, დამიცავს ეკა ალფაიძე, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, დიღმის მთელ კომლებს ვიცავდი მიწების ჩამორთმევის ცნობილ საქმეზე, გია უჩავასაც ვიცავდი, სხვათა შორის, ოღონდ სულ ორი დღით. დამიცავს ათეულობით დევნილი პუტინის წინააღმდეგ, მათ შორის, ოსი კოზაევაც და კიდეც დავიცავ ყველას, ვისაც ჩემი დაცვა დასჭირდება!