"საპარლამენტო უმრავლესობამ ბაღათურიას მოთხოვნა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის წევრების ქონებრივ მდგომარეობას შეისწავლიდა, ჩააგდო. მიზეზად ისევ ცნობილი ნათქვამი დასახელდა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს "მასკარადის გამართვა უნდა და ამას არ დაუშვებენ". არადა, ჯონდი ბაღათურია საკმაოდ საინტერესო ფაქტებზე საუბრობს. იმ განცხადებებს კი, რაც აქამდე გაუკეთებია პრეზიდენტის ოჯახის წევრების კორუფციული გზით ნაშოვნ ქონებასთან დაკავშირებით, ახლა ისიც დაემატა, რომ როგორც ბაღათურია აცხადებს, პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა სადავო დოკუმენტი გააყალბეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საჯარო რეესტრი პრეზიდენტის ოჯახის ქონებაზე მონაცემებს ცვლის? / პარლამენტში პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩავარდა.
"29 თებერვალს, ანუ პრეზიდენტთან შემდგარი დებატების მეორე დღეს, "კლასიკური მუსიკის ასოციაციამ", რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იყო როგორც პრეზიდენტის მეუღლის, დედის და სიდედრის საკუთრება და რომელმაც ივანიშვილისგან უკანონოდ მიიღო 1 100 000 ლარი, შეიტანა საჯარო რეესტრში განცხადება და დამფუძნებელ ოქმში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. ეს განცხადება იმავე დღესვე დაკმაყოფილდა და დამფუძნებელთა ოქმში სამივე დამფუძნებელი გაქრა. როგორც ჩანს, ვერ გაითვალისწინეს, რომ ჩვენ გვაქვს ძველი ამონაწერი, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ დამფუძნებლები არიან პრეზიდენტის სიდედრი, დედა და მეუღლე. შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერ გაექცევიან და უფრო მეტიც, ეს გარკვეულწილად უარესიც არის, რადგან ჩანს კვალის წაშლის მცდელობა პრეზიდენტის მხრიდან. მაგრამ პრეზიდენტი ამ ხაფანგიდან თავს ვერ დაიძვრენს და იგი შეცდომას შეცდომაზე უშვებს", - ამბობს ჯონდი ბაღათურია. ამ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის კითხვები, რაც იუსტიციისა და შს მინისტრებს გაეგზავნა, ეხებოდა პრეზიდენტის განკარგულებებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება პრეზიდენტის ოჯახის წევრის, მისი დედის საკუთრებაში გადავიდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"პრეზიდენტის დედა გიული ალასანია განათლების სფეროში მონოპოლისტია. მან ქონება შვილის გაპრეზიდენტების შემდეგ იშოვა... საქართველოში ორი მონოპოლისტური კლანი ჩამოყალიბდა - ერთს თურქული კაპიტალით პრეზიდენტის დედა ხელმძღვანელობს, მეორეს - რუსული კაპიტალით ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე", - ეს განცხადება ბაღათურიამ 21 მარტს გააკეთა და გიული ალასანიას საქმიანობის სქემა წარმოადგინა. მისი თქმით, გიული ალასანია, რომელიც 2004 წლამდე რიგითი მეცნიერი იყო, სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ საქართველოს უნივერსიტეტს აფუძნებს, სადაც გიული ალასანიას და მანანა სანაძეს, რომელიც მისი მეგობარია, თითოეულს 37,5%-იანი წილი აქვს, 12,5-12,5% კი პრეზიდენტის ბიძაშვილ ნიკოლოზ ალასანიას და ედუარდ რობერტს რაუპს ეკუთვნით. ბაღათურიამ პრეზენტაციაზე სლაიდები და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი წარმოადგინა, რომელიც გიული ალასანიას მიერ სხვადასხვა დაწესებულების ფლობას ეხება - წარმოადგინა რეესტრიდან ამონაწერი, რომელის მიხედვით შპს საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო სკოლის და შპს საქართველოს უნივერსიტეტის სპორტული სკოლის (რომელთა 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს უნივერსიტეტია) დირექტორები გიული ალასანია და მანანა სანაძე არიან" - დასძენს გამოცემა.
"საქართველოს უნივერსიტეტის ავეჯიც ამავე უნივერსიტეტის მფლობელობაშია. შპს კაფე "ხადილი", რომელიც, ბაღათურიას წარმომადგენელთა დაკვირვებით, ყოველდღიურად დაახლოებით 1000-1500 სტუმარ მასპინძლობს, ასევე საქართველოს უნივერსიტეტის მფლობელობაშია. ბაღათურიამ ასევე წარმოადგინა რეესტრიდან ამონაწერი, რომლის მიხედვით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში საქართველოს უნივერსიტეტის წილი 14%-ია. მან ჯერ კიდევ პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენისას პარლამენტში წარმოადგინა პრეზიდენტის განკარგულება, რომლის მიხედვით, შავი ზღვის საერთაშორსიო უნივერსიტეტს, რომლის დამფუძნებელი და პრორექტორი გიული ალასანაიაა, პრეზიდენტმა 10 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი გადასცა. ბაღათურიას თქმით, სწორედ შავი ზღვის უნივერსიტეტი არის რგოლი, რომელითაც პრეზიდენტის ოჯახი უცხოურ კაპიტალს უკავშირდება და მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის კაპიტალთან პრეზიდენტის ოჯახის კავშირი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია", - წერს სტატიის ავტორი.
"ამ სქემის უკან თურქი მოქალაქე ფეთჰულაჰ გიულენი დგას, რომელიც საკუთარ ვებ გვერდზე (რომელიც ქართულადაც არის გაკეთებული) თავს ისლამის მქადაგებელს უწოდებს. ის რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების მონაწილეა და ამის გამო თურქეთში არაერთგზის იყო დაკავებული. გიულენი მდიდარი ადამიანია და მისი ბიზნესკომპანია "ჩაღლარი" შავი ზღვის უნივერსიტეტში ფინანსური კაპიტალით არის შესული. გარდა ამისა ეს კომპანია საქართველოში რამდენიმე სასწავლო დაწესებულებას ფლობს, ესენია: დემირელის სახელობის საბავშვო ბაღი, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, თბილისის სკოლა და ლიცეუმი "სხივი", ბათუმის რ შაჰინის სახელობის დაწყებითი სკოლა და ლიცეუმი, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის დაწყებითი სკოლა, რუსთავის რუსთაველის სახელობის სახელოვნებო დაწყებითი სკოლა და ლიცეუმი, ბათუმის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი, ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, მარნეულის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი"... - ამბობს ბაღათურია, რომლის თქმით, "16-მდე საგანმანათლებლო ორგანიზაციის ხელში ჩაგდება პრეზიდენტის დედამ მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა", - განაგრძობს სატიის ავტორი.
"ეს დოკუმენტები ბაღათურიამ გუშინ პარლამენტის სესიაზეც წარადგინა. მართალია, პრეზენტაცია თითქმის ცარიელ დარბაზში გაიმართა, მაგრამ უმრავლესობამ მის გასალანძღად მაინც მოიცალა. ფრაქციის "ერთობა-სამართლიანობისთვის" ინიციატივით, პარლამენტის დღის წესრიგში "პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული ფაქტების გამოკვლევის და შესაბამისი რეაგირების მიზნით საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი" შევიდა. ბარათურიამ დოკუმენტების დიდ ეკრანზე წარმოდგენა ნახევად ცარიელ დარბაზში დაიწყო და სხდომათა დარბაზში "კორუფციასტან მებრძოლი რაინდები - აკაკი მინაშვილი და გოკა გაბაშვილი" უშედეგოდ მოიკითხა... პრეზენტაციისას არა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას უმრავლესობამ ცალსახად განაცხადა, რომ ბაღათურიას "მინებიან სასახლეში" მყოფთათვის უნდა თავის მოწონება და ისინი "მასკარადების მოწყობას არ დაანებებენ". კენჭისყრისასაც შესაბამისი შედეგი დაფიქსირდა და კომისიის შექმნას მხარი მხოლოდ ფრაქციამ "ერთობა-სამართლიანობისთვის" დაუჭირა, უმრავლესობის 70 წევრი წინააღმდეგი წავიდა, "ქრისტიან-დემოკრატები" კი დარბაზში საერთოდ არ გამოჩენილან", - დასძენს სტატიის ავტორი.