ცვლილებები პარტიათა დაფინანსების სადავო კანონში

ცვლილებები პარტიათა დაფინანსების სადავო კანონში

30 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაამტკიცეს ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლებიც მომზადდა არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად. მაშინ როცა საპარლამენტო უმრავლესობა საკანონმდებლო ცვლილებებს მეტი სიცხადისა და დაზუსტებების საჭიროებით ხსნის, არასამთავრობო სექტორის შეფასებით, კანონპროექტში ასახულია მეტად პრინციპული შინაარსობრივი ცვლილებები.

ცვლილებების პროექტის თანახმად, კანონიდან ამოღებული იქნება, მაგალითად, პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ ”დაკავშირებული პირის” ცნება, რაც მნიშვნელოვნად დაავიწროებს იმ პირთა წრეს, რომლებზეც გავრცელდება პოლიტიკური პარტიისთვის დაწესებული შეზღუდვები. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ამგვარი შეზღუდვები გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც ექნებათ ”საარჩევნო მიზნები” და სწორედ ამ მიზნებისთვის დახარჯავენ ფულს.

ამ და სხვა არაერთი ცვლილების შემცველი კანონპროექტი დეპუტატებს 30 მარტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა წარუდგინა. აქვე გავიხსენოთ, რომ დაახლოებით ერთი თვის მანძილზე სწორედ კუბლაშვილი აწარმოებდა მოლაპარაკებებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით თებერვალში შექმნილი მასშტაბური კამპანიის ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში გაერთიანებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

”მათ შემოგვთავაზეს დაზუსტებები იმ ნორმებთან დაკავშირებით, რომლებიც, მათი აზრით, შეიძლებოდა სხვაგვარად წაკითხულიყო. სწორედ ამიტომ მათ მიერ შემოთავაზებული წინადადებების ძალიან დიდი ნაწილი ჩვენ გავიზიარეთ და ავსახეთ კიდეც კანონპროექტში”, - აღნიშნა კუბლაშვილმა 30 მარტის სხდომაზე.

ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების დაახლოებით 90% გაითვალისწინა, ”ეს შენ გეხებას” წარმომადგენლებს ნამდვილად უჩენს კმაყოფილების საფუძველს. თუმცა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური არ ეთანხმება აზრს, რომლის თანახმადაც, მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ კანონის მოთხოვნათა დაზუსტებას ისახავს მიზნად. გიგაურის განმარტებით, კანონპროექტში ასახულია არაერთი სრულიად ახალი, პრინციპულად მნიშვნელოვანი ცვლილება და ერთ-ერთი მათგანი კონტროლის პალატის ფუნქციებსაც უკავშირდება:

”ჩვენ ვამბობდით, კონტროლის პალატას არ შეიძლება ჰქონდეს უფლება, რომ დააყადაღოს პირის მთლიანი ქონება და ეს ეწერა კანონში... კანონპროექტში კი ჩაიწერა ის, რომ, ჯერ ერთი, ამ პროცესში ერთვება სასამართლო და ეს არის აბსოლუტური ცვლილება და მეორე, დაყადაღება მოხდება ქონების მხოლოდ იმ ნაწილის, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ადამიანმა გადაიხადოს ჯარიმა. ქონების სხვა ნაწილი კი, გათავისუფლებული იქნება.”

კონტროლის პალატის სამომავლო საქმიანობა იყო ერთ-ერთი მთავარი საკამათო თემა 30 მარტის საპარლამენტო სხდომაზე. მაგალითად, ”ქართული დასის” ლიდერი, ფრაქციის ”ერთობა სამართლიანობისთვის” წარმომადგენელი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს წყალში ჩაყრილად ჩათვლის იმ შემთხვევაში, თუკი კონტროლის პალატას კვლავაც დარჩება უფლება დასაკითხად დაიბაროს ამა თუ იმ პარტიის აქტივისტები და დეტალურად გამოიკვლიოს, თუ საიდან ჰქონდათ ადამიანებს, მაგალითად, 200-ლარიანი დანაზოგი, რითაც მათ შემოწირულება განახორციელეს.

პასუხად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი განმარტავს, რომ ცვლილებებში ასახული დათქმის თანახმად, ამა თუ იმ გამოკვლევის დაწყებისას კონტროლის პალატას მოეთხოვება დარღვევის არსებობასთან დაკავშირებული ”დასაბუთებული ვარაუდი”. თუმცა ზოგადად, კუბლაშვილის განმარტებით, უეჭველია, რომ კონტროლის პალატა ”უიარაღოდ და უფუნქციოდ“ არ დარჩება:

”თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ კონტროლის პალატას არ უნდა ჰქონდეს არანაირი მასალის შეგროვების უფლება და მხოლოდ იმით უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენ ფურცელს წარუდგენს ესა თუ ის პოლიტიკური გაერთიანება, ეს ასე არ იქნება... მით უფრო, დღეს უკვე გამოჩნდა, რომ ძალიან მრავლად არიან ფიზიკური პირები და ეს ერთი პოლიტიკური გაერთიანების გარშემო შეკრებილი ჯგუფია, რომელიც ცდილობს, რომ როგორმე გვერდი აუაროს ამ კანონს.”


”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი თვლის, რომ პარტიათა დაფინანსების ჯანსაღი კონტროლი აუცილებელია, მაგრამ მისთვის ყოვლად მიუღებელია, რომ გასული წლის დეკემბრის ბოლოს ნაჩქარევად მიღებული ”უკუღმართი კანონი” მთლიანად მიბმულია პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის ფაქტორზე, მიმართულია ”პოლიტიკური ოპონენტების დაჩაგვრისკენ” და რომ ამ კანონით ხელისუფლება პოლიტიკური პროცესების არა გაჯანსაღებას, არამედ ”ჩიხში შეყვანას” ცდილობდა. ცაგარეიშვილს არც მომზადებული ცვლილებები აკმაყოფილებს:

”არაფრით არ იცვლება ამ კანონის უსამართლო არსი, საერთოდ არ იცვლება... კარგი იქნებოდა, რომ უფრო ღრმა დიალოგში შესულიყავით თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან და წარმოგედგინათ წელში გამართული კანონმდებლობა, ღირსეული კანონმდებლობა, რომელიც მორგებული იქნებოდა არა მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესზე, არამედ საქვეყნო ინტერესზე... მაგრამ თქვენ ეს არც შეგიძლიათ და არც გინდათ.”

დეპუტატ ცაგარეიშვილის უკმაყოფილება წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გაუგებარია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურისთვის. ის ფიქრობს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ”ბევრად უკეთესს გახდის” კანონს, ხოლო შეუთანხმებელ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კვლავაც გაგრძელდება მუშაობა კანონპროექტის მეორე მოსმენამდე. მაგალითად, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა შეთანხმება მე-3 სექტორის იმ მოთხოვნის გარშემო, რომლის მიხედვითაც, ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მომსყიდველ მხარეს უნდა დაეკისროს. თუმცა ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამომრჩეველს დაეკისრება 100-ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრის ”მიღების” შემთხვევაში და ეს აღარ გავრცელდება საჩუქრის ”მოთხოვნის” ფაქტზე.

„ეს შენ გეხებას“ მონაწილეები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებულ წინსვლას განიხილავენ როგორც ”არასამთავრობო სექტორის, მედიის და მოქალაქეთა ერთიანი ძალისხმევისა და საერთაშორისო მხარდაჭერის შედეგს.”თუმცა ისინი ასევე აცნობიერებენ, რომ ერთია გაუმჯობესებული კანონი და მეორეა მისი რეალური განხორციელება. სწორედ ამიტომ აქტიურობა კანონის აღსრულების კონტროლის მიმართულებითაც იგეგმება.