რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მორიგ სისხლიან ჯალათად სპორტსმენი გია უდესიანი სახელდება... ლევან ჩიტაძე, მოძრაობა "არას" ერთ-ერთი ხელმძღვანელი: - გია უდესიანი 1969 წელს, მესტიის რაიონში დაიბადა და სკოლაც იქვე დაამთავრა. უცხო ენათა ინსტიტუტში სწავლობდა, პარალელურად კი სპორტით იყო დაკავებული. 1999-2004 წლებში ფიზკულტურის აკადემიაში სოციალურ და ეროვნულ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი ხდება. შევარდნაძის დროს ასევე ხელმძღვანელობდა სხვადასხვა სპორტულ სასწავლო დაწესებულებებს და მინიჭებული აქვს პირველი თანრიგი კრივში. მისი დღევანდელი კარიერა კი დაკავშირებულია როგორც მის სპორტსმენობასთან, ასევე კრიმინალურ ავტორიტეტებთან მეგობრობასთან. "ვარდების რევოლუციის" დროს ეხმარებოდა თუ არა სააკაშვილის დაჯგუფებას, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ხელისუფლების ცვლილებიდან ძალიან მალე, ის მერიაში სპორტულ დეპარტამენტში იწყებს მუშაობას და მერიის სპორტული სამსახურის უფროსად ნიშნავენ. ამ დროს მერი ჯერ კიდევ არ არის გიგი უგულავა, თუმცა ამ სამსახურში მისი დანიშნვნა მაინც გიგის დახმარებით მოხდა. უდესიანი სწორედ უგულავას სანაცნობო წრეს დაუახლოვდა და გარკვეული პერიოდი მისი "კრიშაც" სწორედ გიგი ბატონი იყო, ის კი მის დავალებებს ასრულებდა. თუმცა არც მას უერთგულია გიგისთვის ბოლომდე და არც გიგი დარჩენილა მის მუდმივ "კრიშად". 2004 წლიდან 2010 წლამდე მან არაერთი პატრონი შეიცვალა. უგულავას თბილისის მერობამდე კი მათ შორის უკვე შავი კატა იყო გადარბენილი და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. - რატომ გაუფუჭდათ ურთიერთობა? - ამას თავისი ისტორია აქვს. უდესიანმა შეძლო და ჩამოაყალიბა 100-კაციანი ზონდერ ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ როგორც მოკრივეები და სხვა სპორტსმენები, ასევე კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებიც ქურდები კი არა, ქურდული მენტალიტეტის მატარებლები იყვნენ. ეს ის ხალხია, რომლებიც "ვარდების რევოლუციამდეც" და მერეც, კრიმინალური საქმიანობით იყვნენ დაკავებული, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებმა და უდესიანის მსგავსმა ადამიანებმა მოახერხეს მათი გადმობირება და კონტროლირებადნი გახადეს. მათ სხვადასხვა კრიმინალური საქმიანობისთვის იყენებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ეგიდით. უდესიანის დაჯგუფებას კონკრეტული სახელი არ ჰქვია, მაგრამ ეს არის ერთი დიდი საძმაკაცო, რომლებსაც იყენებენ როგორც ადამიანების დაშინებებში, ასევე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, პოლიტიკურ დევნაში, ბიზნესის დატერორებაში, არჩევნების გაყალბებაში და ა.შ. ჯგუფი დაახლოებით 100- კაციანია. 2007 წელს ისინი საქართველოს მოქალაქეების დაშინებაში, მათ ცემა-ტყეპაში აქტიურად მონაწილეობდნენ. - ამისი ფაქტები გაქვთ? - 7 ნოემბერსაც და მის შემდეგაც სწორედ ესენი ატერორებდნენ ოპოზიციურად განწყობილ ხალხს. ერთ-ერთი პირველი ტალღა ბიზნესის შევიწროებისა რომ წამოვიდა 2007 წელს, ალბათ, გახსოვთ. მის სათავესთან სწორედ უდესიანი და მისი დაჯგუფება იდგნენ. ართმევდნენ ბიზნესებს სხვადასხვა ფორმებით. მაგალითად, მიჰყავდათ ძალით ეს ხალხი ნოტარიუსთან და აწერინებდნენ ჩუქებას სასურველი ადამიანების სახელზე. მათ შორის თავად უდესიანის სახელზე გადაფორმდა ამ დროს ბევრი რამ. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული იყო ის ფაქტი, რომელიც ბესო ხარძიანთან მიმართებაში მოხდა. სწორედ ხარძიანი იყო უდესიანის ბიზნესპარტნიორი, ყველაზე დიდი წილი კუს ტბისა და იქ არსებული ბიზნესის სწორედ ხარძიანის იყო, მაგრამ მოგვიანებით ამ ბიზნესის გადანაწილება დაიწყო, რაშიც სწორედ უდესიანისა და ბენდუქიძის ინტერესები იყო ჩადებული. საბოლოო ჯამში, უდესიანმა გაიმარჯვა და ხარძიანი ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის დააკავებინა. ხარძიანი ამჟამად პატიმრობაშია, მისი ბიზნესის უდიდესი ნაწილი უდესიანის, მისი მეგობრებისა და ახლობლების სახელებზეა გადაფორმებული, რასაც ხარძიანიც და მისი ოჯახის წევრებიც ღიად ადასტურებენ. ხარძიანი აიძულეს, რომ ქონების დიდი ნაწილი უდესიანისთვის, ოფშორში დარეგისტრირებული მისი კომპანიებისთვის და შვილობილი კომპანიებისთვის ეჩუქებინა. უდესიანი ასევე მონაწილეობდა სხვა ბიზნესგარიგებებში, როგორიც არის კვების პროდუქტები, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები... უდესიანის დაჯგუფების მოქმედების სფერო არის თბილისი, ხაშური და გორი, ასევე სვანეთი. მან შეძლო, ამ დამსახურების გამო, ამ ტერიტორიებზე არსებული სხვა ბიზნესებიც საკუთარ კლანჭებში მოექცია. უდესიანი დღესდღეობით არის ერთ-ერთი ყველაზე წონადი ჯალათი ამ ხელისუფლების და ჰყავს ყველაზე ავტორიტეტული და ძლიერი ორგანიზაცია. 2007 წელს რომ სხვადასხვა ადამიანების ცემითა და გატაცებით იყო დაკავებული ეგ უკვე გითხარით, რაშიც პირადად მონაწილეობდა. თუმცა ზონდერული გამოსვლები მას ჯერ კიდევ 2005 წელს ჰქონდა დაწყებული, როცა თბილისის საკრებულოში შეიჭრა და ფიზიკურად გაუსწორდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს - კახა კუკავას, კობა დავითაშვილსა და სხვა ოპოზიციონერებს. ამის შემდეგ კი გააგრძელეს მათი მხარდამჭერების დევნა-შევიწროება. როცა ის და მისი გუნდი ადამიანებს აშინებენ, თავად უდესიანი ხშირად მიმართავს ხოლმე იარაღის დემონსტრირებას და ამითაც უნდა, ფსიქოლოგიური ტერორი მოახდინოს მათზე. მას შეიძლება ჰქონდეს იარაღის შეძენისა და შენახვის უფლება, მაგრამ რადგან ის სამართალდამცველი არ არის, მისი ტარების უფლება არანაირად არ უნდა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, მისი იარაღით მუქარა ბევრ რამეზე მიუთითებს. დიდი ხანია, ეს კაცი ოფიციალურად კანონს გარეთ იმყოფება და მიშას ის სპეციალურად ჰყავს ყაჩაღად გაშვებული. ახლა კი მაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა აპირებს საპარლამენტო არჩევნებისთვის, მას ამაგი გადაუხადოს და მესტიაში მაჟორიტარ დეპუტატობაზე იყაროს კენჭი. როცა 2007 წელს დაძაბული მდგომარეობა იყო, მან მესტიაში ანძიდან სამი კვირის განმავლობაში გათიშა "ტელეიმედი". იმ დროს იქ დეპუტატი იყო ვიქტორ ჯაფარიძე და უდესიანის ხალხი მის მხარდამჭერებს ავიწროებდა და აშინებდა. ასევე, ჩემთვის ცნობილია, რომ არჩილ გეგენავას საარჩევნო კამპანია სწორედ მან მოაგებინა და ის იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ზეწოლის ბერკეტი ოპოზიციონერების წინააღმდეგ. მოგვიანებით, უდესიანი თავის გავლენებს იძლიერებს გორის დეპუტატთან, ბადრი ბასიშვილთან კონტაქტებით, რომელიც ასევე ზონდერ დაჯგუფების ლიდერი გახლავთ. ფაქტობრივად, ამის შემდეგ უდესიანისა და ბასიშვილის დაჯგუფებებს ერთ დიდ დაჯგუფებად მოიაზრებენ. მეტიც, ჩვენთვის ცნობილია, რომ ბასიშვილის დაჯგუფება ხშირად უდესიანის მითითებებსა და დავალებებს ასრულებს. იმის მიუხედავად, რომ უგულავასა და უდესიანს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო, გიგი უგულავას არჩევნებში ის მაინც გადამწყვეტ როლს ასრულებდა და მათ შორის გარკვეული შერიგებაც მოხდა. ვაკის, ვერისა და სხვა იმ უბნებიდან მოუგროვა ხმები, სადაც მისი ავტორიტეტი მაღალი იყო. თუმცა უდესიანი ამ დროს უკვე ახალაიას გავლენის სფეროშია შესული და უკვე ახალაიას მეგობარია. სავარაუდოდ, ახალაია უფრო კარგი მეგობარი აღმოჩნდა მისი, ვიდრე უგულავა. სანამ ახალაია ციხეების უფროსი იყო და მისი კლანი უფრო მეტად აკონტროლებდა კრიმინალურ ავტორიტეტებს, უდესიანს ძალიან სჭირდებოდა მეგობრებისა და ახლობლების დახმარება, რომელთა ნაწილიც დაჯგუფებაში ჰყავდა, ნაწილი კი ციხეებში იყო. საჭირო გახდა მათი ციხეებიდან გამოშვება, რაც ახალაიას დახმარებით შესრულდა. უდესიანი, ასევე, ახლო მეგობრობაში იყო ვანო მერაბიშვილთან. როცა ახალაია, მერაბიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მესტიაში იმყოფებოდნენ, უდესიანმა სტუმრებისთვის დიდი პურმარილი გაშალა და ყველაზე დიდი ხარი წამოაქცია, რომელიც სვანეთში იყო. ამით ის დიდხანს ამაყობდა და თავს იქებდა. - დღეს ვისთანაა უდესიანი, ვის ფრთის ქვეშ? - ისევ დათა ახალაიას ფრთის ქვეშაა. ერთადერთი დარბევა, რომელშიც უდესიანი არ მონაწილეობდა, ეს იყო 2011 წლის 26 მაისის დარბევა. რატომ, ამის თქმა ახლა მიჭირს, თუმცა არც არის გამორიცხული, რომ ის დამატებით ძალას წარმოადგენდა და თუ დასჭირდებოდათ, იმაზე უარესსაც გააკეთებდა, რაც სხვებმა გააკეთეს. ბოლოს გეტყვით, რისი მფლობელია უდესიანი და თავადაც დაინახავთ, როგორ ასაჩუქრებს სისხლიან მკვლელებს ჩვენი ხელისუფლება. რუსთავში არის ორი ავტობაზრობა. ერთი ცნობილია, რომ არის მერაბიშვილის, მეორე, მცირე ზომის კი, უდესიანის საკუთრებაშია. ის მან მის მფლობელს წაართვა. ასევე, მის მფლობელობაშია საბაჟო ტერმინალი ავჭალაში, მისი კომპანია ფლობს გარკვეულ წილს "იოლის" სუპერმარკეტების ქსელში და როგორც ვიცი, ამ ქონებით არჩენს მისი დაჯგუფების წევრებსაც. რამდენს უხდის თავის წევრებს, ვერ გეტყვით, მაგრამ ის ქონება, რაც მისი დაჯგუფების წყალობით იშოვა, მათზე ნაწილდება. ეს ყველაფერი კი ქართველი ხალხის სისხლით მონაპოვარია და ამიტომაც ყველა მათგანი არის სისხლიანი მკვლელი, რომლებიც, ადრე თუ გვიან, ყველაფრისთვის პასუხს აგებენ. |