ბათუმის ჭაჭის შადრევანმა რუსული მედია გაახალისა

ბათუმის ჭაჭის შადრევანმა რუსული მედია გაახალისა

თბილისი-მოსკოვის მატარებელში ასეთი ამბის მოწმე გავხდი: ქართველმა მოქალაქემ რუსს თავში რაღაც ჩაარტყა, თანაც ისე მაგრად, რომ დაზარალებულმა გონება დაკარგა. შემოეხვია ხალხი, ცდილობენ მილიციის მოსვლამდე გონს მოიყვანონ, არაფერი გამოსდით. ბოლოს ერთმა ცნობილმა პიროვნებამ, რომელსაც "მოძმე" ხალხთან ურთიერთობის მდიდარი გამოცდილება ჰქონდა, უებარ საშუალებას მიმართა. დაზარალებულს ყურში ჩასძახა: "გამოფხიზლდი, ეხლა შენთან ერთად "ჭაჭა" უნდა დავლიო". ნათქვამმა მაგიურად იმოქმედა - გონდაკარგული აზრზე მოვიდა და მაშინვე იკითხა: "ნატურალური?." 

ეს ამბავი რუსულ ინტერნეტფორუმებზე ატეხილმა აჟიოტაჟმა გაგვახსენა. აჟიოტაჟმა, რომელიც ბათუმში დაგეგმილი "ჭაჭის შადრევნის" მშენებლობის შესახებ განცხადებამ გამოიწვია. ამას რუსი ბლოგერების ისეთი ცხოველი დაინტერესება და განცხადებები მოჰყვა, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა ბოლოს და ბოლოს, უპოვნა რუსებს "სუსტი" წერტილი.

რუსულ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებში ავტორები "ჭაჭის" შადრევნის შესახებ წერენ და იმითაც ინტერესდებიან, შადრევნის გვერდით გახსნილ პავილიონებში სასმელი ფასიანი იქნება თუ უფასოდ დარიგდება. იქვე, ვისაც დავიწყებული აქვს, ანდა პოლიტიკური კატაკლიზმების გამო, ვერ შეძლო ქართული არყის დაგემოვნება, უხსნიან, რომ "ჭაჭა", ეს არის ქართული სპირტიანი სასმელი, რომელიც ყურძნისგან მზადდება და მასში სპირტის შემცველობა 70%-ს აღწევს. 

ვინმე ბლოგერი "ვიქტოშა" აქ ჩამოსასვლელად უკვე მზადაა, თუმცა, ლოგიკური ეჭვებიც აწუხებს: "საქართველოში მინდა.. მხოლოდ მეშინია, რომ პარასკევობით შადრევანთან დიდი რიგი იქნება. ლენინის მავზოლეუმშიც კი მთელი დღის მანძილზე 5 ათასზე მეტი კაცი ვერ ხვდება, იქ კიდევ კვირაში ერთხელ და ისიც 15 წუთით? ვთხოვ ქართველებს, არ დაკეტონ შადრევანი.."

"ვლადიმირს" მიაჩნია, რომ "ეს რეალურად სასარგებლო იქნება", იქვე გაისმის ასეთი მოწოდებები და რეპლიკები: "მოვაწყოთ მილიონიანი მარში ბათუმისაკენ!", "ვაჰ, ყოჩაღ!" "15 წუთი ცოტაა, 30 მაინც იყოს, რომ სამჯერ ჩარტყმა მაინც მოასწროს კაცმა!"

არის ღვარძლიანი და უსამართლო შენიშვნებიც: "საქართველო რუსეთს ნაციონალურ იდეას ართმევს", "ქართველებს ათრობენ," "ის ჭაჭა" მეტი მაინც არაფერში ვარგა," "რას შეგროვდებიან ალკონავტები? ვიზები ხომ გააუქმეს," "კვასის"(ბურახის) შადრევანი მაინც გაეკეთებინათ." 

საქმიან შეკითხვებს და კომენტარებსაც შეხვდებით: "25- მეტრიანი კოშკის გვერდით აუზი იქნებაო, რომ ამბობენ, ის აუზიც "ჭაჭით" იქნება სავსე?"

ბლოგერებს შორის ერთგვარი უიმედობაც იგრძნობა, იმ შადრევნებამდე ადგილობრივი ლოთები არ მიგვიშვებენო. 

ბლოგერ "ალექსეის" ბათუმურმა შადრევანმა საბჭოთა დროის ტკბილი წუთები გაახსენა: "80-იან წლებში "ვედეენხაზე" ლუდის ავტომატი გაფუჭდა და იქიდან ლუდი მდინარესავით მოედინებოდა. მაშინ არ იყო პლასტიკური ჭიქები და მამებმა ბავშვებს ლიმონათის ბოთლები წაართვეს, რომ ლუდით გაევსოთ. ვიღაცამ 20-ლიტრიანი ბენზინის "კანისტრაც" მოათრია და სანამ ლუდით გაავსებდა, მინერალური წყალი გამოავლო. ეს ცირკი ნახევარ საათს გრძელდებოდა, სანამ არ გადაკეტეს."

ვლოგერი "ფომა" ცხვირს იბზუებს: "ოჰ, რა სუნი იდგება იქ", მას ქართული არყის ჭეშმარიტი დამფასებელი, "კროსი" პასუხობს: "ჭაჭა" სევუხასავით აყროლებული არ არისო. 

"ფომა": "ჭაჭას როგორი სუნი აქვს?"

"კროსი": "ჭაჭას" წვენის სუნი აქვს, წვენივით გემრიელად ისმევა, მაგრამ ოხერია, დალევ და მერე მაგიდიდან ადგომის თავი აღარ გაქვს. ერთხელ დავლიე და ვერ შევამჩნიე, მერე გავზომე, თურმე 70-გრადუსიანი ყოფილა."

"კუზმა": "ნამდვილად".

"ფომა": "კარგ "სომოგონსაც" ვისკის სუნი აქვს, რბილი გემო, თანაც, ვერ შეამჩნევ ისე თვრები, "სევუხა" სულ სხვა რამეა."

"სიომას" სპირტის საზომი ხელსაწყოს გამართულობაში ეჭვი ეპარება: "მოიტყუა თქვენმა საზომმა, 70-ზე მაღლა სპირტი კანს წვავს."

მას ბლოგერი "სევასტოპოლიც" ეთანხმება და "კუზმაზე" არანაკლებ საგნის ცოდნას ამჟღავნებს: "70-გრადუსიანი შეიძლება დალიო, მაგრამ ყელს გწვავს და ვერანაირ "კაიფს" ვერ იჭერ, ყურძნის "სამოგონი"(!!! ავტ.) 50-55 გრადუსი უნდა დალიო, ამ დროს ყურძნის გემოსაც გრძნობ და დასალევადაც რბილია."

კროსი: "სპირიტის საზომი ჩუროვი (ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რუსეთის ფედერაციაში) არ არის, რომ მოიტყუოს." 

ჩუროვის ხსენებაზე საუბარში პოლიტიკური მოტივები შემოდის:

"სევასტოპოლი": "რთული მდგომარეობაა. აფხაზებს ერთი შანსიღა რჩებათ - ღვინის შადრევანი მოაწყონ, თუ არა და, დაგვემშვიდობონ."

"ნიკი": აღარ გვინდა აფხაზეთი. საქართველოს და რუსეთის საუკუნოვან მეგობრობას გაუმარჯოს!"
იქვე, ვინმე "გელას" კომენტარს წავაწყდით, რომელიც ვეჭვობთ, რომ ქართველი უნდა იყოს, საკითხის ისეთ ცოდნას ამჟღავნებს: "შესანიშნავია, მალე "ნიუ-ვასიუკში" ღვინის შადრევნებს გახსნიან.