”გაქცევა ბრძოლის ველიდან” - სამთავრობო საათი

”გაქცევა ბრძოლის ველიდან” - სამთავრობო საათი

29 მარტს საქართველოს პარლამენტის სამთავრობო საათზე შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს ელოდნენ. მინისტრების ნაცვლად, დეპუტატების წინაშე მათი მოადგილეები წარდგნენ. იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა, რის შესახებაც დეპუტატები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული. ამისგან განსხვავებით, უცნობი დარჩა ის ფორსმაჟორული გარემოებები, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის სამთავრობო საათზე გამოუცხადებლობის მიზეზად დასახელდა. ვანო მერაბიშვილის პარლამენტში მიუსვლელობამ ფრაქციის ”ერთობა სამართლიანობისათვის” პროტესტი გამოიწვია. ფრაქციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.

 ”დღეს ჩვენ სერიოზულად მოვემზადეთ იმისთვის, რომ პასუხები მიგვეღო ძალიან მნიშვნელოვან კითხვებზე, რომლებიც აწუხებს არა მხოლოდ ფრაქციის თითოეულ წევრს, რომელიც ხელმომწერია ამ შეკითხვებზე, არამედ საზოგადოებას. ეს არის განსაკუთრებული საჯარო ინტერესის მატარებელი ინფორმაცია. სამთავრობო საათი ჩვენ შევათანხმეთ წინასწარ. პასუხი მივიღეთ მთავრობის საპარლამენტო მდივნისგან. გასაგებია თქვენი პოზიცია. ჩვენ ამას ვაფასებთ პოლიტიკურად როგორც გაქცევას ბრძოლის ველიდან”, აღნიშნა სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების წინ ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ამავე გამოსვლაში ლორთქიფანიძემ კიდევ ერთი შეფასება გააკეთა: სხდომას მასკარადად გადაქცევის მცდელობა უწოდა. კერძოდ, მინისტრების მიუსვლელობის გარდა, ოპოზიციონერ დეპუტატთა უკმაყოფილება გამოიწვია დარბაზში წინასწარ საგანგებოდ ამ სხდომისთვის დამონტაჟებულმა პროექტორმა. დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში ეკრანის გამოჩენა აღიქვეს არა როგორც მათ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემისათვის მზაობა, არამედ სამთავრობო საათის ზოგადად შესაბამის სფეროებში მიმდინარე რეფორმების წარმატებულობაზე საუბრის ტრიბუნად გადაქცევის მცდელობა. უკვე განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების მოადგილეებმა ეკა ზღულაძემ და თინა ბურჯალიანმა მართლაც ისაუბრეს, თუმცა, იმავდროულად, უპასუხეს შეკითხვებსაც, რომელთაგან უმრავლესობა იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციად ჩაითვალა.

კითხვარი, რომელიც 29 მარტის სამთავრობო საათისთვის დაეგზავნათ მინისტრებს, 10 საკითხისაგან შედგებოდა. შეკითხვების ერთი და ყველაზე დიდი ნაწილი პრეზიდენტის ოჯახის წევრების კორუფციულ გარიგებებში შესაძლო მონაწილეობისა და მათ მიერ კანონის დარღვევის ფაქტებს შეეხებოდა. კერძოდ, განკარგულებები, რომლის ძალითაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება პრეზიდენტის დედის საკუთრებაში გადავიდა, იყო თუ არა უკანონო და შეიცავდა თუ არა კორუფციის ნიშნებს? რამდენად კანონიერად გადაეცა გიული ალასანიას კუთვნილ ”საქართველოს უნივერსიტეტს” ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული 15 800 კვადრატული მეტრი ფართი? საქველმოქმედო ფონდ ”ქართუსგან” რადიო ”მუზის” მიერ ფულადი საჩუქრის მიღებით და შემდეგ უკვე საჩუქრის დეკლარაციაში არასახვით დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კანონი ”საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“? პრეზიდენტის ოჯახზე კითხვათა ბლოკი ერთგვარად შეჯამებული იყო ნომერ მეხუთე შეკითხვაში: აღძრულია თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი კანონდარღვევების გამო სისხლის სამართლის საქმე პრეზიდენტის წინააღმდეგ და მიმდინარეობს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები? ამ კითხვებზე თინა ბურჯალიანის პასუხი ასე ჟღერდა:

 ”კორუფციული დანაშაულის აუცილებელი ელემენტი არის არამართლზომიერი უპირატესობის მიღება, კონკრეტული პირის მიერ პირადი გამორჩენა, მარტივად რომ ვთქვათ. არც ერთი ეს ელემენტი, რომელიც პრინციპულია ნებისმიერი კორუფციული დანაშაულისთვის, სახეზე არა გვაქვს. შესაბამისად, მეხუთე კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია და პირდაპირი, რომ არანაირი გამოძიება ან სხვა სახის სისხლის სამართლებრივი პროცედურები არ მიმდინარეობს.”

იუსტიციის სამინისტროს მისამართით დასმული შეკითხვები შეეხებოდა ასევე სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელზე წარდგენილ სამოქმედო გეგმას. ამ გეგმის დეტალებზე მინისტრის მოადგილეს არ უსაუბრია, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე კი განაცხადა, რომ გადაწყვეტილება კანონიერი ვადების დაცვით იქნება მიღებული.
 
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილს, აქ ორი მთავარი შეკითხვა დაისვა: აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე პოლიციელ გიორგი სიბაშვილის წინააღმდეგ, ჟურნალისტ სოფო ნიკოლაიშვილისა და მისი ადვოკატის განცხადებების საფუძველზე, და რატომ არ მიეცა ხაშურის პოლიციაში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის ოჯახს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების საშუალება, რაზეც ეკა ზღულაძემ განაცხადა, რომ პირველადი ექსპერტიზა მომზადებულია და ამ ექსპერტიზას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. თუმცა პოლიციელთა მიერ სხვადასხვა გადაცდომისა და უკანონო ქმედებებისთვის დასჯის სტატისტიკაზე საუბარი სხდომაზე მაინც აქტუალური გახდა.

” 2011 წელს 273 თანამშრომელი იქნა მარტო დათხოვილი სხვადასხვა ტიპის გადაცდომისთვის და, მათ შორის, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული გადაცდომებისთვისაც. 323-მა ადამიანმა მიიღო საყვედური, სასტიკი საყვედური - 318-მა და ა.შ. ძალიან ვრცელი სტატისტიკაა, იმიტომ რომ 1093 ადამიანს შეეხო. მაგრამ მე კონკრეტულად შემიძლია გამოგიყოთ: მოქალაქეთა ზეპირი და ფიზიკური შეურაცხყოფისათვის 2011 წელს დაისაჯა 16 პოლიციელი.”

აქვე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საზოგადოების ნდობა პოლიციის მიმართ დინამიკურად იზრდება და, ბოლო მონაცემებით, იგი 87% -ს შეადგენს.

სამთავრობო საათმა პარლამენტში არსებითად მშვიდ გარემოში ჩაიარა. ფრაქცია კი, რომელმაც ვანო მერაბიშვილის გამოუცხადებლობის გამო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, უკვე ამზადებს შეკითხვებს მომავალი სამთავრობო საათისთვის.