რა თანხას შეადგენს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს პირველი პირების შემოსავლები

რა თანხას შეადგენს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს პირველი პირების შემოსავლები

ამა თუ იმ სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა რომ გაარკვიოთ, სულაც არ არის საჭირო სქელტანიანი საფინანსო ანგარიშების გაანალიზება ან მთლიანი შიგა პროდუქტისა და ინფლაციის მაჩვენებლებზე თავის მტვრევა. საკმარისია, ამ ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შემოსავლებს გაეცნოთ და ყველაფერი ცხადი გახდება.

პრეზიდენტებისა და მთავრობის ხელმძღვანელების ხელფასებზე ინფორმაცია კარგა ხანს მხოლოდ მათი ადმინისტრაციების წევრთათვის იყო ცნობილი. თუმცა ბოლო ხანს მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოს ლიდერი ცდილობს, არა მარტო გაასაჯაროოს თავისი ხელფასი, არამედ პოლიტიკური პიარისთვისაც კი გამოიყენოს.

2006 წელს იტალიის იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა რომანო პროდიმ პატარა სენსაცია "გამოაცხო" და საზოგადოებას თავისი ხელფასის 30%-ით შემცირების შესახებ აცნობა. შესაბამისად, მომდევნო წელს პროდის წლიური 156.000-ევროიანი ხელფასი დაახლოებით 47 ათასით შემცირდა და 109 ათასი შეადგინა. მსოფლიოში არც ისე ბევრია მაგალითი, სახელმწიფოს ლიდერი ხელფასს ნებაყოფლობით იმცირებდეს, თუმცა ასეთი მაგალითი მსოფლიოს მისცეს ლიტვის, ბოლივიისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ თავისი ხელფასის პერიოდულად შემცირება უკვე ტრადიციად იქცა. თუმცა უცნობია, ბაძავენ თუ არა მას მისი მთავრობის წევრები და როგორ აზარალებს ეს ნებაყოფლობითი ჟესტი ალიევების ოჯახის ბიუჯეტს. გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანში ალიევების კლანი და მასთან დაახლოებული პირები პრაქტიკულად ყველაფერს აკონტროლებენ, პრეზიდენტის ხელფასის შემცირება ოჯახს დიდად არ დააზარალებდა. ექსპერტთა აზრით, ილჰამ ალიევს ეს "კეთილშობილური" ჟესტი იმისთვის დასჭირდა, რომ მედია ალაპარაკებულიყო. ავტორიტარული რეჟიმების მქონე სახელმწიფოებში ქვეყნების ლიდერთა ხელფასს მნიშვნელობა რომ არა აქვს, კარგად იციან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. მაგალითად, თურქმენეთის პრეზიდენტმა თურქმენბაშიმ, ანუ საფარმურატ ნიაზოვმა მოკრძალებული 900-დოლარიანი თვიური ხელფასით მოახერხა, გაეხსნა კომერციული "პრეზიდენტ-ბანკი" 60 მილიონი დოლარის საწესდებო კაპიტალით, რომელიც იქაური მედიის ცნობით, პრეზიდენტის პირადი ფინანსური სახსრებია. ელემენტარული არითმეტიკული გამოთვლით, თურქმენბაშის 60-მილიონიანი კაპიტალის დასაგროვებლად 5550-ზე მეტი წელიდასჭირდებოდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საზოგადოება გააკვირვა, როდესაც თავისი ხელფასის უწყისის ასლი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" გამოაქვეყნა. მან ეს იმ მოქალაქეთა კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა, რომლებიც დეპუტატებისა და მთავრობის წევრებისათვის ხელფასის 5 პროცენტით მომატებას აპროტესტებდნენ. გაირკვა, რომ ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის ყოველთვიური ხელფასი 44.000 შეკელს (დაახლოებით 12.000 დოლარს) შეადგენდა, ამ თანხიდან მას ექვითებოდა გადასახადები, სამედიცინო დაზღვევა, სოციალურ ფონდში გადარიცხვები და დაჯავშნილი ავტომობილით სარგებლობის საფასური. შესაბამისად, პრემიერი ხელზე "სუფთად" დაახლოებით 3.900 დოლარს იღებს. თუმცა ისრაელის ბიზნესჟურნალ "Globes" გამომცემელი ჰაგაი გოლანი აღნიშნავს, რომ ნეთანიაჰუს შეუძლია ფულის დიდი ნაწილის ეკონომია სახელმწიფოს ხარჯზე მოახერხოს. ის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ბინაში ცხოვრობს, რომლის ხარჯებსაც (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, ბინის ქირა, საკვები) მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი ფარავს. გარდა ამისა, ისრაელის პრემიერის განკარგულებაშია სამი უფასო სატელეფონო ხაზი, სახელმწიფოს მიერ შეძენილი სამოსი, საკანცელარიო და კიდევ ბევრი სხვა "მნიშვნელოვანი წვრილმანი".

ავტორიტეტული ჟურნალის, The Economist-ის მიერ გამოქვეყნებული სარეიტინგო სიის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურთაგან ყველაზე დიდ ხელფასს მიხეილ სააკაშვილის ოცნების ქვეყნის, სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი სიან ლუნი იღებს. მისი წლიური შემოსავალი 2 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს (ხელფასი - 1 მლნ დოლარი). "სახელფასო" სიის პირველ ხუთეულში ინდონეზიის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ჰონკონგისა და ახალი ზელანდიის ლიდერები შედიან. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა (წლიური ხელფასი - 400 ათასი დოლარი) მე-7 ადგილზეა და მხოლოდ ორი საფეხურით უსწრებს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, რომლის წლიური ხელფასიც 290 ათასი დოლარია. Economist-ის მიხედვით, უზარმაზარი სახელმწიფოს, ჩინეთის ლიდერ ჰუ ძინტაოს წლიური ხელფასი უცნაურად მოკრძალებულად გამოიყურება - 10 ათასი აშშ დოლარი. 

2010 წელს საქართველოს თანამდებობის პირთა სახელფასო შემოსავლები ასეა განსაზღვრული: პრეზიდენტის წლიური ხელფასი 56.640 ლარი, ანუ, დაახლოებით 34.500 დოლარი (საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური სარგო განსაზღვრულია 4.720 ლარის ოდენობით, დაახლოებით - 2.900 დოლარი), პარლამენტის თავმჯდომარის - 53.400 (ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო - 2.000 ლარი, პლუს დანამატი - 24.450) პრემიერ-მინისტრის - 51 ათასი; მინისტრის - 42.480; პარლამენტის წევრის - 34.380; თბილისის მერის - 42.480, გუბერნატორის - 35.400. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში (14.05.2011) "საქართველოს ბანკში" არსებულ სახელფასო ანგარიშზე ნაშთის სახით (კრედიტი ან დებეტი) - 62. 993.68 ლარი ჰქონდა. "საქართველოს ბანკში" გახსნილ ორ მიმდინარე ანგარიშზე; ერთზე ნაშთი - 52. 019.15 აშშ დოლარი, ხოლო მეორეზე 1573.88 ევროა. 
ამასთანავე, პრეზიდენტს მიმდინარე ანგარიში "Societe General"-შიც (საფრანგეთი) აქვს გახსნილი, რომელზეც 30 ათასი ევრო ჰქონდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა მოახერხეს ინფორმაციის მოპოვება, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ დეპუტატების, მინისტრების, მათი მოადგილეების, დეპარტამენტების ხელმძღვანელების შემოსავლების ლომის წილს ხელფასზე რამდენჯერმე მეტი პრემიები და დანამატები შეადგენს, რომლებიც 50 ათასიდან 70 ათას ლარამდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ პრემიების დარიცხვის პროცედურა და დასაბუთება აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა. შესაბამისად, რიგითმა მოქალაქემ არ იცის, მის მიერ გადახდილი გადასახადებიდან რა დამსახურების საფუძველზე დაერიცხა უზარმაზარი პრემია კონკრეტულ მინისტრს, რომლის წარმატებებზე საზოგადოებას არაფერი სმენია. პრემირების პროცედურის გაუმჭვირვალობა კი აღძრავს საფუძვლიან ეჭვს, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, უბრალოდ, მოხდა ლეგალიზება იმ პროცესისა, რომელიც იყო შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში და სახელად კორუფცია ერქვა. იმხანად 150-200-ლარიანი ხელფასის მქონე სახელმწიფო მოხელეები საბიუჯეტო თანხებს უკანონოდ ითვისებდნენ. 

ახლახან ქართულ პრესაში გამოქვეყნდა შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის საფინანსო მონაცემები. აღმოჩნდა, რომ "გაღლეტილ" მინისტრს (ამ ეპითეტით შეამკო მინისტრები მიხეილ სააკაშვილმა) საბანკო ანგარიშებზე 140 ათასი ლარი ("ბანკი ქართუ") და 33 ათასი დოლარი ("საქართველოს ბანკი") აქვს.

რამდენიმე დღის წინ კი კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ქართველი მინისტრებისა და სხვა მაღალჩინოსნების ხელფასებისა და პრემიების შესახებ ინფორმაციის მოპოვება შეძლო. გაირკვა, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პრემიები საკმაოდ აღემატება მათ ხელფასს:

პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ხელფასი 51 ათასი ლარია, ხოლო 2011 წელს მიღებული აქვს პრემია 75 ათასი ლარი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძეს ხელფასი 35 ათასი ლარი აქვს, ხოლო პრემია - 72 ათასი. 
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მონაცემებით, 2010 წელს საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით შემოსავალს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი იღებდა. პარლამენტში მის მიერ სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა 72. 082.49 ლარი შეადგინა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შესრულებული სამუშაოს შედეგად - 22.516). მომდევნო ადგილებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი ინაწილებენ, შესაბამისად, 68.674 და 67.232 ლარის ოდენობის შემოსავლებით. ფრაქციის თავმჯდომარეებიდან, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილის 2010 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი - 63.682 ლარი, ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძის კი 59.572 ლარი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის წევრების დიდი უმრავლესობის 2011 წლის დეკლარაციებს ჯერ კიდევ ვერ ნახავთ ინტერნეტმისამართზე www.declaration.ge.

მართალია, გუბერნატორის სახელფასო შემოსავალი 35.400 ლარი უნდა იყოს, მაგრამ ზოგიერთი გუბერნატორის დეკლარირებული შემოსავლები და აღნიშნული ციფრები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგალითიად, სამეგრელო-ზემო სვანეთის აწ უკვე ყოფილ გუბერნატორ ზაზა გოროზიას მიერ სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა 2010 წელს 97.350 ლარი შეადგინა. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ლაშა ჭკადუასა და გურიის გუბერნატორ ვალერიან ჩიტაიშვილის სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები კი, შესაბამისად, 70.409 და 62.888 ლარია.

ცნობისათვის

სახელმწიფოს მეთაურების შემოსავლები, წესით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით უნდა იყოს განპირობებული. ომით გაპარტახებული ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის წლიური ხელფასი 6.300 აშშ დოლარია. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის - 225.000, სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის - დაახლოებით 12.300, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსი - 33.873, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის - 290 ათასი, გაცილებით მეტად აფასებს საფრანგეთი ნიკოლა სარკოზის შრომას და მას წელიწადში 334.752 დოლარს უხდის. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი წელიწადში დაახლოებით 216 ათას დოლარს იღებს. თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ერდოღანი - 73.500 დოლარს; რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს კი წელიწადში დაახლოებით 112.000 დოლარი აქვს.