მიშას მო(ტ)ყვანილები

მიშას მო(ტ)ყვანილები

19 მარტს საქართველოს პრეზიდენტი თბილისის საინფორმაციო ცენტრში უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტებს შეხვდა. სააკაშვილი სტუდენტების მიერ გამართულ მუსიკალურ «ფლეშმობ შოუსაც» დაესწრო, რომელშიც ცნობილი ადამიანებიც მონაწილეობდნენ. სტუდენტებმა ამ ფორმით აღნიშნეს ახალი პროგრამის დაწყება, რომელიც, პრეზიდენტის ინიციატივით, 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით სტუდენტთა საზაფხულო დასაქმებას ითვალისწინებს.

ყოფილ გეპეიში სტუდენტებთან შეხვედრაზე მიშამ გაზაფხული ორჯერ ზედიზედ ისე მოი(ტ)ყვანა, რომ წარბიც არ შეუხრია. წარბი არც სტუდენტებმა შეხარეს და მათ შორის ერთი თამამიც არ აღმოჩნდა დარბაზში, რომ ხმამაღლა გასცინებოდა. საბჭოთა კავშირში გორბაჩოვის პერესტროიკის დროს პროგრამა «ვრემიას» წამყვანს პირდაპირ ეთერში უნებლიე შეცდომა მოუვიდა და გაეცინა. დიქტორები ყვებიან, რომ სწორედ ეს სიცილი იყო მათთვის საბჭოთა იმპერიის დასასრულის სიგნალი. 

«მოიყვანაო», უნდა ეთქვა, მაგრამ ეს უადგილოდ ჩაკვეხებული ტ ისე აეკიდა, რომ ვერც ხელმეორედ ამოაგდო. დავუშვათ, სტუდენტების ფლეშმობმა გაზაფხული მოი(ტ)ყვანა, ამას კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ ეს უცნაური ფლეშმობი რაღაა?

ამ ტერმინის განმარტება ასეთია: ფლეშ გაელვებას ნიშნავს, მობ _ ბრბოს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ადამიანთა მასის წამიერ გააქტიურებას ნიშნავს ან წამიერ ბრბოს. მობერები რომელიმე საზოგადოებრივ ადგილზე მოულოდნელად იკრიბებიან, წინასწარ შეთანხმებულ მოქმედებას ასრულებენ და რამდენიმე წუთში ერთდროულად ტოვებენ აქციის ადგილს. ფლეშმობი აბსურდულ ხასიათს ატარებს, მისი მაყურებლები კი შემთხვევითი გამვლელები არიან ხოლმე.

ფლეშმობის იდეოლოგია ეყრდნობა ლოზუნგს: «ფლეშმობი რელიგიის, პოლიტიკის, ეკონომიკის გარეშე». ამით ისინი ცდილობენ, საკუთარი თავის სხვისი მიზნებით გამოყენების საშუალება არავის მისცენ, თუმცა მიშა და ქართველი სტუდენტები აქაც ისე იქცევიან, როგორი მოქცევაც არ შეიძლება. ფლეშმობის ერთ-ერთი მიზანი საზოგადოების მკაცრი მორალური დოგმების წინააღმდეგ გალაშქრებაც არის. რა ასეთი ფლეშმობი ჩაუტარეს სააკაშვილს სტუდენტებმა, რომ სულ ტყ-ტყ აძახებინეს, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა, თუმცა თავი დავანებოთ აბსურდზე თავისტეხას; ფლეშმობის დანიშნულებაც ეს არის, რომ მისი მონაწილეების აბსურდული მოქმედების ლოგიკური ახსნა ეძებო. ჩვენ კი ვერა და ვერ მოყვანილი გაზაფხულის ნაცვლად იმათ გადავხედოთ, ვინც თავად მიშამ მოი(ტ)ყვანა.

აეროპორტში გაცნობილი და ჩემოდნიანად მო(ტ)ყვანილი ნინო კალანდაძე ყველას გვახსოვს ან რა დაგვავიწყებს, როცა ყოველ ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში დიპლომატიის დაწყებით კურსს გვიკითხავს! მაია ნადირაძე როგორც მოი(ტ)ყვანა, ისე წაი(ტ)ყვანა, ოღონდ ახლა ენერგეტიკას არეგულირებინებს და ამაში, როგორც ამბობენ, თვეში 16 ათას ლარს უხდის. ვერონიკა ქობალია პირდაპირ კანადიდან მოი(ტ)ყვანა და ისიც მდგრადად ინარჩუნებს ეკონომიკის მინისტრის ადგილს. 

სალომე ზურაბიშვილი, ეტყობა, მთლად მისი მო(ტ)ყვანილი არ იყო და სულ მალე მიშას «ქაჯიც» უძახა და ოპოზიციაში გადავიდა. ნინო ბურჯანაძეს რაც შეეხება, რომელმა რომელი მოი(ტ)ყვანა, ეგ კიდევ საკითხავია. ყოველ შემთხვევაში, ახლა ისიც ოპოზიციაშია და მიშას მო(ტ)ყვანილებს, თუ შანსი მიეცა, იქით წაი(ტ)ყვანს, საიდანაც მიშამ მოი(ტ)ყვანა.

აქ, გენდერული თანასწორობის პრინციპი რომ არ დავარღვიოთ, ქალბატონებიდან და საქალბატონოებიდან ბატონებზე და საბატონოებზე გადავიდეთ. «საქართველო აღარასოდეს დაბრუნდება შევარდნაძის დროში», _ ამაყად განაცხადა მიშამ და შევარდნაძის იმდენი «სახე» მოი(ტ)ყვანა, რამდენიც მის მიერ «შევარდნაძის მუმიების» მოყვარულად მონათლულ ყველა ოპოზიციურ პარტიაში, ერთად აღებული, არ მიუ(ტ)ყვანიათ.ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მიშას მუმიები უფრო ხანდაზმულნი არიან; მათი კარგა გვარიანი ნაწილი შევარდნაძის «პირველად მოსვლის» ეპოქაში კომკავშირისა და კომპარტიის სტრუქტურებშია ნამუშევარი. მაშ, ასე:

გოდერძი ბუკია – 1983-1990 წლებში ჯერ საბურთალოს რაიკომში მუშაობდა, შემდეგ კი პარტიის ცეკას სექტორის გამგე იყო;

ბეჟან ბუცხრიკიძე – თერჯოლის უცვლელი დეპუტატი, 1986-1990 წლებში იმავე თერჯოლის კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი იყო;

დავით თოდრაძე – 1983-89 წლებში კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, სექტორის გამგე, განყოფილების გამგის მოადგილე იყო;

როლანდ კემულარია – 1978-1992 წლებში ხობის კომკავშირულ და პარტიულ სტრუქტურებში საქმიანობდა. ყურადღება მიაქციეთ: თუ სხვებს, დიდი-დიდი, 1990 წელს დაუმთავრებიათ კომუნისტური კარიერა, კემულარიას 1992 წლამდე «გაუქაჩავს», ანუ ზვიად გამსახურდიას მმართველობისას ჯერ კიდევ კომუნისტი ყოფილა!

ავთანდილ ლეკაშვილი _ 1981-1990 წლებში წითელწყაროს კომკავშირის და კომპარტიის ფუნქციონერი ყოფილა;

გურამ მისაბიშვილი _ 1973-1991 წლებში კომკავშირისა და კომპარტიის ცხაკაიას რაიკომებში ყველა თანამდებობა მოიარა და ცხაკაიას სენაკად გადარქმევასაც რაიონის სახალხო კონტროლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე შეხვდა;

ემზელ მკოიანი – 1984-1990 წლებში ახალქალაქის კომკავშირის რაიონულ კომიტეტში უმუშავია;

თეიმურაზ წურწუმია 
– 1984 წლიდან 1990 წლამდე ფოთის კომკავშირის რაიკომის ინსტრუქტორობიდან კომპარტიის ქალაქკომის ინსტრუქტორობამდე გაზრდილა.

ახლა შევარდნაძის «მეორე მოსვლის» მუმიებზე გადავიდეთ, რომლებიც მიშამ «რევოლუციის» შემდეგ ხელისუფლებაში მოი(ტ)ყვანა:

ლაშა დამენია – 1997-2001 წლებში მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის (სმაკ) ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე;

მიხეილ მაჭავარიანი – 1995-1999 წლებში ჯერ სმაკ-ის, შემდეგ კი ზრდასრული მოქკავშირის გენერალური მდივანი იყო;

ზურაბ მელიქიშვილი – 1996-1999 წლებში მოქალაქეთა კავშირის ვაკის რაიონის აღმასრულებელი მდივანი იყო;

რატი სამყურაშვილი _ 1998-2001 წლებში სმაკ-ის ცენტრალური აპარატის სხვადასხვა თანამდებობაზე უმუშავია;

კახაბერ სუხიშვილი _ 1994-2000 წლებში სმაკ-ის განყოფილების მდივანი, საორგანიზაციო მდივანი და თავმჯდომარის თანაშემწე ყოფილა. 2001-2002 წლებში კი სულაც მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივნის მრჩეველი ყოფილა.

ეს მიშას მო(ტ)ყვანილთა მხოლოდ მცირე სიაა, რომელშიც არც მამა-შვილი გაბაშვილი, არც დავით ტყეშელაშვილი, არც ზურაბ არსოშვილი ან სოსო თოფურიძე არ შემიყვანია. რაც შეეხება არაპარტიულ კადრებს, მიშას მო(ტ)ყვანილთა შორის უხვად არიან «შევარდნაძის კორუმპირებული» საგადასახადოს, პოლიციის, თავდაცვის თუ უშიშროების კადრები, მაგრამ მიშა ამ მუმიებს სახვევებს ყოველკვირეულად უცვლის და ისინიც ცოცხლებივით გამოიყურებიან.

განსაკუთრებით საინტერესოდ მიშას მო(ტ)ყვანილი ექსპერტები, ბიზნესმენები, მომღერლები და სხვა ინტელიგენციური წარმონაქმნები გამოიყურებიან. მარად უმიზეზოდ მხიარული ქეთა გაბიანი ისე დაწინაურდა, რომ თვით ქეთუსია იგნატოვა ჩამოიტოვა უკან და დევნილ ნანა ფიფიას იმას აყვედრის, რომ მას ბენზინის ფული გამოუჩნდა და თავიც იმიტომ დაიწვა! არ წაუკითხავს, მაგრამ სიტყვა-სიტყვით გაიმეორა არქიფო სეთურის სიტყვები, _ ხუთი გოჭი წავართვი და ერთი დავუტოვე, არც ის უნდა დამეტოვებინა და არ გაუბედურდებოდაო!

მიხეილ თავხელიძის ეშმაკური ღიმილით ნათქვამი დემაგოგიური სიბრიყვეები მხოლოდ ერთ მიზანს – მიშას გამართლებას ემსახურება. გაბიანისგან განსხვავებით, მას «პოლიქრონიონის» სიმღერაც შეუძლია.

ამირეჯიბი და ჩოლოყაშვილი კი, ძირითადად, გვარის შერცხვენითა და გენების დასვენების დემონსტრირებით არიან დაკავებულნი, რის საშუალებაც მათ ვერცთუ მჟღერი გვარის მქონე მიშამ მისცა.

მუდამ შეფიქრიანებული ნიკა ჩიტიძე ცდილობს, რაც დასავლეთში დააზეპირებინეს, მიშას დემოკრატიას მოარგოს, მაგრამ თავადაც ხვდება, რომ არ გამოსდის, რადგან, რაც ასწავლეს, ის აქ არ ხდება, ხოლო რაც აქ ხდება, იმის გამართლებას ჩიტიძე ვერ ეყოფა.

სამაგიეროდ, მთავარ განმანათლებლად მო(ტ)ყვანილ-წა(ტ)ყვანილ გია ნოდიას ყოფნის უპრინციპობა და სრულიად იმპულსურ თუ გაუაზრებელ ნაბიჯებს მიშა «რაციონალურობაში» უთვლის.

თუმცა ჯიბის ექსპერტებში გამორჩეული ადგილი მაინც თეა თუთბერიძეს უკავია, რომელიც მსოფლიოში, ალბათ, ერთადერთია (ლევან რამიშვილის გარდა), რომელიც სააკაშვილს არასაკმარის ლიბერასტობაში რომ ადანაშაულებს! და მიუხედავად ამისა, ერთსაც, მეორესაც და მესამესაც გულის სიღრმეში სჯერათ, რომ იეღოვა გადაარჩენს!

ბუბა კიკაბიძე იეღოვამ უკვე იხსნა, ცა გაუხსნა და მიშა გამოუგზავნა, თუმცა მასზე მაინც ძნელია თქვა, რომ მიშამ მოი(ტ)ყვანა, რადგან ის გაცილებით უფრო ადრე სულ სხვებმა მოი(ტ)ყვანეს.

მიშას მო(ტ)ყვანილები არიან თუ პირიქით, მიშას მომ(ტ)ყვანები, ეს კიდევ გასარკვევია, მაგრამ აჩიკო გულედანმა, ვახო ბაბუნაშვილმა, დავით ფორჩხიძემ, კახა ცისკარიძემ, სტეფანე მღებრიშვილმა, მაცაცო სეფისკვერაძემ, ზაზა კორინთელმა, ნინო ანანიაშვილმა, ნიკა ქავთარაძემ, ნიკა მემანიშვილმა და მარინა ბერიძემ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიშას მხარდაჭერის შემდეგ ერთ წელიწადში სხვადასხვა კონცერტისა და ღონისძიებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი მიიღეს.

თუკი შოუ-ბიზნესში რაიმე ხელფასიანი სამუშაო იყო, ყველგან მიშას მეხოტბე დუტა მუშაობს და მერე ვინმეს უკვირს, რომ საკუთარ მარჩენალს არ აგინებს!

თუმცა მიშას ჰყავს საზოგადოებისთვის უცნობი და უჩინარი მომხრეები, რომელთა ღვაწლი ზემოთ ჩამოთვლილთა ხოტბებს თუ არ უტოლდება, არც ჩამოუვარდება. ფეისბუქზე «დამლაიქებლებით» დაწყებული, ინტერნეტ-ფორუმებით დამთავრებული, ყველგან რომ შედიან, პოსტავენ, უშვერად ილანძღებიან და ამაში ხელფასსაც იღებენ.

სწორედ «უჩინარი ფრონტის» ამ მებრძოლების დამსახურებაა, რომ ფეისბუქში მიშას კედელზე საქართველოს ხედების მომწონებელი ავტომატურად სააკაშვილის «დამლაიქებელიცაა», ხოლო ბოტ-სისტემის ჩართვის შემდეგ მისი ვირტუალური მომხრეების რაოდენობა საათში 300-ით იზრდება! მათივე მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია ის, რომ პოპულარული საიტების ტოპ-ათეულში მუდმივად მიშას მეხოტბე რესურსები ლიდერობენ.

წმინდა ისიდორე სევილიელი (რომის პაპის გადაწყვეტილებით – ინტერნეტის მფარველი წმინდანი), ალბათ, საფლავში ამობრუნდებოდა, მიშას ფანების ოინები რომ ენახა, თუმცა მას თავისი დარდიც ეყოფა – ლათინური ენა მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა «მკვდარი ენა».

მიშას ხელიდან ქართული ენაც მკვდარია, თორემ გაზაფხული რომ მოი(ტ)ყვანა, ეს ყველაზე უცოდველი ანცობაა იმასთან შედარებით, რასაც იგი ქართულად ამბობს ხოლმე.

გაზაფხული არა და არ მოდის. ქალაქში ამბობენ, ბენდუქიძემ რუსებს მიჰყიდაო. რუსებმა საპრეზიდენტო არჩევნები გადააგორეს, ახლა ჩვენი საპარლამენტო არჩევნების რიგია. ისევ აქტუალურია კითხვები: ვინ მოი(ტ)ყვანს გაზაფხულს? ვინ წაი(ტ)ყვანს მიშას?


P.S. ის სიტყვა, რომელიც მიშას სტუდენტებთან წამოსცდა, თავდაპირველად იმას კი არ ნიშნავდა, რაც მიშასთან ერთად თქვენც იფიქრეთ, არამედ სულ სხვა რამეს, რაც სულაც არ არის სასიამოვნო: წარტყვევნა, ტყვედ წასხმა, დატყვევება.

მეორე მნიშვნელობა ამ სიტყვამ მოგვიანებით შეიძინა, მაგრამ სავარაუდოა, რომ სააკაშვილის წამოცდენა არა სიამოვნებას, არამედ სწორედ წარტყვევნის შიშს უნდა უკავშირდებოდეს.