NDI:

NDI: "ნაცმოძრაობას" ყოველი მეორე უჭერს მხარს. "ოცნება" კვლევას არ ენდობა

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ნაციონალებს 47% დაუჭერდა მხარს, ივანიშვილს კი დაახლ. 11%. 41%-თვის ყველაზე ახლობელი პარტია ნაცმოძრაობა ყოფილა და საპრეზიდენტო არჩევნები რომ იყოს, აქაც ნაცმოძრაობის უცნობი კანდიდატი 29%-ით ჯობნის ყველა სხვა კანდიდატს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს. ოპოზიციური ლიდერებიდან ხალხს, თურმე, ყველაზე მეტად გიორგი თარგამაძე მოსწონს. ყოველ შემთხვევაში, გამოკითხულთა 54%-ს.

ასეთია ის მაჩვენებლები, რაც NDI-ის კვლევის პოლიტიკური ნაწილის პარტიებისთვის გაცნობის შემდეგ გახდა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ჩატარებული კვლევების პოლიტიკურ ნაწილს NDI პოლიტიკურ პარტიებს მხოლოდ მის რეიტინგებს აცნობდა. ახლა კი მათ საშუალება ჰქონდათ, მთლიან კვლევას გასცნობოდნენ. თუმცა, მათ ეს ნაწილი მედიისთვის ისევ არ გაუცნიათ და შესაბამისად, ეს მონაცემები პარტიების მხრიდან გაჟღერდა.

NDI კვლევა 22 თებერვლიდან 5 მარტამდე საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ტ161 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ს კვლევებს შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.

NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემთ ხმას, გამოკითხულთა 47% ნაცმოძრაობას ასახელებს. მეორე არჩევანის შემთხვევაში მმართველ გუნდს 2% ასახელებს.

რესპონდენტთა 10%-იანი მხარდაჭერით მეორე ადგილზეა კოალიცია "ქართული ოცნება". მეორე არჩევანის შემთხვევაში მას 3%-იანი მხარდაჭერა აქვს.

მესამე ადგილს გამოკითხულთა 3%-ის მხარდაჭერით "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" იკავებს. მეორე არჩევანის შემთხვევაში მას ხმას რესპონდენტთა 8% მისცემდა.

კითხვაზე, რომელი ოპოზიციონერი ლიდერი მოგწონთ/არ მოგწონთ, გამოკითხულთა 54% ამბობს, რომ გიორგი თარგამაძე მოსწონს. 29%-ს კი არ მოსწონს. ინგა გრიგოლია მოსწონს - 49%-ს, არ მოსწონს - 30%-ს. ბიძინა ივანიშვილი მოსწონს 40%-ს, არ მოსწონს - 31%-ს. ირაკლი ალასანია მოსწონს 30%-ს, არ მოსწონს - 43%-ს. გიორგი ახვლედიანი მოსწონს 27%-ს, არ მოსწონს - 29%-ს.

კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 29% ნაციონალების კანდიდატს ასახელებს. მეორე არჩევანის შემთხვევაში მას მხარს 2% უჭერს.

მეორე ადგილზე გამოკითხულთა 12%-ის მხარდაჭერით ბიძინა ივანიშვილია. მეორე არჩევანის შემთხვევაში მას 4% ასახელებს. გიორგი თარგამაძეს მხარს 5% დაუჭერდა. მეორე არჩევანის შემთხვევაშიც ქდმ-ს ლიდერს 5%-იანი მხარდაჭერა აქვს.

რაც შეეხება ლეიბორისტების ლიდერს, შალვა ნათელაშვილს ორივე არჩევანის შემთხვევაში 1-1%-ი ასახელებს.

კითხვას, რომელი პარტია არის თქვენთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 41% პასუხობს, რომ ნაციონალური მოძრაობაა. მმართველ გუნდს მეორე არჩევანის შემთხვევაში 2% ასახელებს. 11%-ით მეორე ადგილზეა კოალიცია "ქართული ოცნება". მეორე არჩევანის შემთხვევაში მას რესპონდენტთა 4% ასახელებს.

რაც შეეხება "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას", პარტია ყველაზე ახლოს გამოკითხულთა 5%-თან დგას. მეორე არჩევანის შემთხვევაში, ქდმ-ს - 9% ირჩევს.

მეოთხე ადგილზე 1%-ით ლეიბორისტები არიან. მეორე არჩევანის შემთხვევაში მათ მხარს რესპონდენტთა 2% უჭერს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, რომელიც მან ჟურნალისტებთან NDI-ის კვლევის შედეგების კომენტარისას გააკეთა, გამოკითხულთა მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა პირველ რიგში პასუხისმგებლობას და უფრო მეტი საქმის გაკეთების ვალდებულებას გულისხმობს და დასძინა, რომ "უფრო მეტი მუშაობაა საჭირო პრობლემების მოსაგვარებლად".

"მოსახლეობის ნდობა და მხარდაჭერა ჩვენთვის პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ უფრო აქტიურები ვიყოთ ყველა მიმართულებით და დაწყებული რეფორმა და პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოსახლეობას ბევრად ნაკლები პრობლემა აწუხებდეს ვიდრე ეს დღეს აქვს," - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.

ცხადია, ეს მონაცემები არ არის სრულყოფილი და მხოლოდ ის მონაცემები გაჟღერდა, რაც თითოეულ პარტიას ხელს აძლევდა. ამიტომაც ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს შედეგები ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.

"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ხელისუფლების რეიტინგის ზრდა ნაწილობრივ "ქრისტიან-დემოკრატების" ხარჯზე მოხდა.

"ეს ზრდა ნაწილობრივ ჩვენს ხარჯზეა, კერძოდ, ჩვენი რეიტინგის კლების ხარჯზე. ივანიშვილის გუნდის შეცდომებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ მათი რეიტინგი სამჯერ დაეცა," - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

მისივე აზრით, ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების ნაწილი მოკლა, რადგან რეიტინგი ყველას გაუნულა.

"ჩვენ, ივანიშვილის რეიტინგის კლების შემდეგ არაფერი მოგვმატებია, ჩვენგან ივანიშვილთან არავინ წასულა," - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ და იმედოვნებს, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" ელექტორატს აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს დაიბრუნებენ.

პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" კი NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს.

"NDI-ის კვლევა მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მგონია, რომ ის სანდო არაა. ჩვენ ვენდობით იმას რაც მოსახლეობისგან გვესმის, მათგან ვიღებთ დიდ მხარდაჭერას," - აღნიშნა "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.

ამასთან, კოალიცია ამ კვლევებს არაპროდუქტიულს უწოდებს.

როგორც "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაციის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის, კერძოდ, სოციოლოგიური კვლევების ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ეხება, არა თუ ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას, არამედ კონკურენტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებისთვის კონტრპროდუქტიული გახდა.

"ერთი მხრივ, აღნიშნული კვლევების ჩატარებისა და შედეგების გამოქვეყნების მეთოდოლოგიამ და ფორმატმა და, მეორე მხრივ, მმართველი პარტიის მიერ ნაციონალური ტელევიზიების გამოყენებით ამ შედეგებით მანიპულირებამ, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კვლევებისადმი ნდობა დააკარგვინა," - აღნიშნულია განცხადებაში.

კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებზე კოალიციაში გაერთიანებული პოლიტიკური ძალები უახლოეს პერიოდში აშშ-ს მთავრობას და შესაბამის ორგანიზაციებს წერილობით მიმართავენ, სადაც საპარლამენტო არჩევნებამდე ამ პრობლემების მოგვარების თაობაზე წინადადებები იქნება ასახული.