მერაბ კოსტავას ეზო შესაძლოა, არაბ ბიზნესმენებს მიჰყიდონ?

მერაბ კოსტავას ეზო შესაძლოა, არაბ ბიზნესმენებს მიჰყიდონ?

"იოსელიანი, კიტოვანი და სიგუა რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, ამიტომ გადავდეთ თავი და მოვაწყვეთ პუტჩი? ეს საღ აზრთან ოდნავ მაინც არის ახლოს? - ამბობს "მერაბ კოსტავას საზოგადოების" თავმჯდომარე ვაჟა ადამია ზოგიერთის საპასუხოდ. ბატონ ვაჟასთან ინტერვიუ კი რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით დავიწყეთ.

ბატონო ვაჟა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერაბ კოსტავას ეზო შესაძლოა, არაბ ბიზნესმენებს მიჰყიდონ. თქვენც იმავე ეზოში ცხოვრობთ და გეცოდინებათ, შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს?
- ცოტა შორიდან დავიწყებ. ჩემს დაპატიმრებამდე, 2005 წლის ზაფხულში, ჩემთან მოვიდა "ქარტია-91"-ის თავმჯდომარის, თედო პაატაშვილის წარმომადგენელი, რომელმაც მითხრა, რომ მათ აქვთ ნაყიდი მეტროპოლიტენის სადგურ "რუსთაველის" ბაქანი-სახურავი დაშენების უფლებით. მე და ჩემს ძმას შემოგვთავაზეს გარკვეული ფართობი, რაზეც უარი ვთქვით იმ მოტივით, რომ ეს არის ისტორიული ეზო. აქ არის მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი, აქ დაირწა ეროვნული მოძრაობის აკვანი - ზვიადი და მერაბი იქ მოღვაწეობდნენ ჯერ კიდევ 1950-იან წლებში, ხოლო 1987-ში, როდესაც მერაბი ციხიდან გამოვიდა, პირველი მიტინგი იმ ეზოში გაიმართა... მშენებლობა მოიცავდა იმ ტერიტორიასაც, რომელზეც რუსთაველის ძეგლი დგას, ამიტომ იმხანად ეს მშენებლობა შეჩერდა. 2009 წელს კი, საპყრობილეში ჩემი ყოფნისას, ეს თემა კვლავ განახლდა. ჩვენს ეზოს კოსტავას ქუჩის მხრიდან მინის პავილიონი ჰქონდა მიშენებული, რომელიც შემდეგ დაანგრიეს. მინის პავილიონის მიშენების უფლება, თავის დროზე, თედო პაატაშვილმა მოიპოვა. როგორც ჩანს, იმ პროექტის განსახორციელებლად, ეზოს აძლევდნენ, მას აქვს მეტროპოლიტენის სადგურზე დაშენების უფლება...დღეს კი ჩვენთან არავინ მოსულა რაიმე წინადადებით.

- გამორიცხავთ, რომ ეს უფლება თედო პაატაშვილს ვინმესთვის მიეყიდა?
- გამორიცხული არაფერია. შესაძლოა, ამ საქმეს თვითონ ვერ გაართვა თავი და სხვას მიჰყიდა. მაგრამ თუ ასეა, ჩვენთან ვიღაც ხომ უნდა მოსულიყო?

- მერაბ კოსტავას ქალიშვილი, თამთა ამ ეზოს თანამფლობელია და აზრი მასაც ხომ უნდა ჰკითხონ?
- თამთა მემკვიდრეა, მაგრამ იგი არ ცხოვრობს მამის სახლ-მუზეუმში. მას იურიდიულად არაფერი აქვს დამტკიცებული, მაგრამ, რასაკვირველია, მამის ქონებიდან ეკუთვნის წილი. ქალბატონმა ოლღა დემურიამ თავისი წილი მომვლელს უანდერძა, რომელიც მას თავის დროზე "მიამაგრეს". ეზოს მესაკუთრეები ვართ: მე, ჩემი ძმა, მერაბის სახლ-მუზეუმი, სამი მეზობელი, ინსტიტუტი და ბიბლიოთეკა. იქვე დგას თელასის ჯიხურიც. ორი წელია, უკანონო პატიმრობა დავასრულე, მაგრამ არავის შევუწუხებივარ. ჩვენი აზრის გათვალისწინების გარეშე, დღეს ეზოში ვერავინ შემოვა. 

- ბატონო ვაჟა, ზვიად გამსახურდია გავიხსენოთ, 31 მარტს მისი დაბადების დღეა. რის გამო დაიძაბა თქვენ შორის ურთიერთობა?

- ურთიერთობა დაიძაბა მხოლოდ და მხოლოდ ზვიად გამსახურდიას არასწორი, გაუმართლებელი, ერისთვის დამღუპველი ნაბიჯების შემდეგ, რამაც მიგვიყვანა ეროვნული მოძრაობის დასამარებამდე... ზვიად გამსახურდია იყო ტრაგიკული პიროვნება, არ იყო თავისუფალი ოჯახის წევრებისგან და კიდევ სხვა ვალდებულებებისგან.

- კონკრეტულად?
- ცნობილი სატელევიზიო მონანიება მას მძიმე ტვირთად აწვა. მხოლოდ მონანიებით არაფერი მთავრდება, ეს სპეცსამსახურების ადამიანთან ურთიერთობის საწყისი ეტაპია. შემდეგ მას მოჰყვება სხვა ვალდებულებებიც...

- ამბობენ, რომ ზვიადი მას შემდეგ აითვალწუნეთ, რაც უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გაგათავისუფლათ...
- ეს არ არის მართალი. ზვიადმა მხოლოდ დააყენა ეს საკითხი და მას კენჭი უყარეს. მე გადამირჩიეს და ვინ აირჩიეს? - პროფესორი ლევან ალექსიძე, კა-გე-ბეს მაღალჩინოსანი, რომელიც გაგანია კომუნისტური რეჟიმის პერიოდში გაეროში მუშაობდა. მოვიდა ეროვნული ხელისუფლება, უმწიკვლო ადამიანს ათავისუფლებს და მის ადგილზე ნიშნავს აგენტს, ეს რას ნიშნავს? და იცით, რა მოტივი დაასახელეს? - კბილის ექიმი ხარო. არადა, კბილის ექიმი არასდროს ვყოფილვარ, ტექნიკოსი ვიყავი და მე ეს არ მაკნინებს. ჩემს პარტიას ზვიადისთვის ერთგულების მეტი არაფერი გაუკეთებია.

ერთხელ განაცხადეთ, რომ თქვენსა და ზვიადს შორის მისი ოჯახის წევრი ჩადგა და არია ურთიერთობა...
- იმ ქალბატონმა, რასაკვირველია, თავისი როლი ითამაშა, მაგრამ მამაკაცისთვის ძალზე ძნელია ქალზე აუგის თქმა. ან მე რაღა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, რაც მისივე ვაჟიშვილმა ცოტნემ თქვა და... გაემიჯნა საკუთარ დედას. ამ ქალმა ზვიადსაც დაუნგრია ცხოვრება და მის ორ ვაჟიშვილსაც. ვინც მერაბს იცნობდა, იცის, რომ ის იყო უდიდესი მიმტევებელი. ზვიადს აქვს ნათქვამი - მერაბი შოთა რუსთაველის ეპოქის კაციაო და მასზე ლამაზად მე ვერ ვიტყვი. მერაბისთვის ქვა რომ ჩაგერტყათ თავში და გულწრფელად მოგენანიებინათ, ხინჯს არ ჩაიდებდა გულში. მანანა არჩვაძე იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც მერაბი არ ელაპარაკებოდა. თუ ის შინ იყო, მერაბი ზვიადთან არ მიდიოდა. ჩვენ ერთად მივდიოდით ხოლმე მასთან. ზვიადს ჭიშკარზე ე.წ. დომოფონი ჰქონდა, ვინაიდან ყოველთვის მანანა პასუხობდა, მე უნდა მეთქვა მისთვის, ზვიადი გამოვიდეს-მეთქი. მერაბი მანანას არ დაელაპარაკებოდა. მანანა ჯერ მერაბსა და ზვიადს შორის ჩადგა, მერაბის გარდაცვალების შემდეგ კი - ჩემსა და ზვიადს შორის.

- რატომ?
- რატომ და ეს ქალი არ არის თავისუფალი, ალბათ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ... მე უშიშროებას ვკურატორობდი და ზვიადის კაბინეტთან ახლოს მქონდა პატარა ოთახი. მარტო როცა ვიყავით, მე ზვიადს ბატონობით არ მივმართავდი, რაზეც მანანა ბრაზდებოდა. ამ ქალმა საქმე იქამდე მიიყვანა, იძულებული გავხდი, შევსულიყავი ზვიადთან და მეთქვა, - რატომ მოდის შენი ცოლი აქ, რატომ გვიშლის ხელს მუშაობაში-მეთქი? მარტო მანანას რომ ევლო პარლამენტში, კიდევ რა უჭირს, ამალით დადიოდა, საშინელი წრე იყო. ამას მოჰყვა ის, რომ კაბინეტი ზვიადისგან მოშორებით, სხვა ფლიგელში მომიძებნეს, ზვიადს მომაშორეს, რომ იქ მანანას ევლო და ეკონტროლებინა. 

- ბატონო ვაჟა, თქვენ პუტჩის მოწყობასა და ზვიად გამსახურდიას მთავრობის დამხობაშიც გადანაშაულებენ, - ვაჟა ადამიას ბიჭები თბილისის ომის დროს მთავრობის სახლს ბომბავდნენო...
- რას ჰქვია ბიჭები?! ეს არის რეგისტრირებული პარტია, რომელმაც იბრძოლა და 20 წლის განმავლობაში შეუნარჩუნა სამაჩაბლოს მიწა ქვეყანას! ეს არის ფრონტზე შექმნილი პარტია, სხვა ბიჭები მე არ მყოლია. ვინც ამას ამბობს, ბიჭები თავისკენ მოიკითხოს. ვგავართ ისეთ უგუნურებს, რომ პუტჩი მოგვეწყო ზვიადის დასამხობად და ჯაბა იოსელიანის მოსაყვანად, რომელიც ისე მოკვდა, საერთო ენა ვერ გამოვნახეთ?! ხელისუფლებაში იოსელიანი, კიტოვანი და სიგუა რომ მოსულიყვნენ, იმიტომ გადავდეთ თავი და მოვაწყვეთ პუტჩი? ეს საღ აზრთან ოდნავ მაინც არის ახლოს?

თქვენს ეზოში "ბეტეერი" რატომღა იდგა?
- იცით, რატომ? ჩემი პარტიის წევრთაგან ზოგიერთი ზვიადის მხარეს დარჩა და ზვიადისტის იარლიყი მიიკერა. კონფლიქტი ამის გამო მოხდა... იმხანად კიტოვანი ტელევიზიაში იყო გამაგრებული ძალზე სერიოზული ტექნიკით - ჰაუბიცებით დაწყებული, მუხლუხა ტექნიკით დამთავრებული. აქეთ პარლამენტში - ზვიადი და მასაც ჰქონდა შეიარაღება. მე კარგად ვიცოდი, შიგნით რაც ხდებოდა, ჩვენთან კი წესრიგი იყო, იმიტომ, რომ ვიყავით ნაომრები, ჩვენზე გამოცდილი ძალა საქართველოში არ არსებობდა. ვინ იყო "მხედრიონი"? "მხედრიონი" იყო ბანდა იდეის გარეშე, ჩვენ კი - ფრონტზე გამოცდილი პოლიტიკური ორგანიზაცია ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეით. პუტჩის დროს ორი დღის განმავლობაში ვიდექით და ვიცავდით მუზეუმს, ბანკს, სადაც არაფერი დაკარგულა. ჩვენ დავინახეთ, რომ რუსი ორივე მხარეს ეხმარებოდა - ზვიადსაც და პუტჩისტებსაც და სადაც ასეთი სიყალბე ხდება, იქ ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ არც ხუნტაში ვყოფილვართ. თუ გნებავთ, ჰკითხეთ სიგუას, კიტოვანსა და შევარდნაძეს, ხომ ცოცხლები არიან? მეტიც, შევარდნაძე სამი საათის განმავლობაში მემუდარებოდა, სამხედრო საბჭოში შემოდიო. ვუპასუხე - ჩვენ ვართ უკანონოდ გაძევებული კანონიერი ხელისუფლება და უკანონო სახელმწიფო საბჭოში არ შემოვალთ, თქვენ თუ ქვეყანას წაიყვანთ დასავლეთისკენ, ქვას არ გესვრით, სახელოებს დავიკაპიწებთ და ყველაზე შავ საქმეს გავაკეთებთ-მეთქი. ჩვენ ისევ კანონიერი გზით - არჩევნებით შევედით პარლამენტში.

ცნობისათვის

საქართველოს ეროვნული გმირის, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლისა და საზოგადო მოღვაწის - მერაბ კოსტავას (26 მაისი, 1939 - 13 ოქტომბერი, 1989) ბინაში გახსნილ (1991 წ.) სახლ-მუზეუმში დაცულია მერაბ კოსტავას პირადი ნივთები, ბიბლიოთეკა, ფოტომასალა, გრამფირფიტები.
ტრადიციისამებრ, მუზეუმში ყოველწლიურად აღინიშნება მერაბ კოსტავას დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები, იმართება შემოქმედებითი საღამოები.