"ეტყობა, ოსები ვიღაცამ დაწყევლა, პირველ ტურში პრეზიდენტის არჩევას არ ეღირსოთო. და ესენიც ვერაფრით ახერხებენ პირველ ტურში პრეზიდენტის გამოვლენას. ცესკო-ს თავმჯდომარე ბელა პლიევას განცხადებით, არჩევნების მეორე ტური 8 აპრილს გაიმართება. მასში ერთმანეთს მხცოვანი ლეონიდ თიბილოვი და ახალგაზრდა დავით სანაკოევი დაუპირისპირდებიან. ეს უკანასკნელი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მოღვაწეობდა, თიბილოვი კი ბოლო წლებში უშიშროების მინისტრი იყო. როგორც ოსური პრესა წერს, მას საკმაოდ გავლენიანი და ფულიანი პატრონები ჰყავს. ერთ-ერთი ასეთი პატრონი გოჩა ძასოხოვი გახლავთ, რომელიც ბოლო დროს თურმე აქტიურად დაიარება ცხინვალში. მას დღეს რუსეთში საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარის პოსტი უკავია და ოსური პორტალების ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად აქვს ბიზნესი", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ცხინვალში პრეზიდენტის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნა / არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაში ოსებმაც გვაჯობეს.
"ამ არჩევნებში დიმიტრი მედოევიც მონაწილეობდა, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთში სამხრეთ ოსეთის ელჩის პოსტი დაატოვებინეს. როგორც ოსური პრესა წერს, მედოევმა თანამდებობა რუს ჩინოვნიკებთან შეთანხმებით დატოვა - მისთვის არჩევნების მოგების გარანტიებიც მიუციათ. თავიდან თითქოს მართლაც ჰქონდა ამის შანსი, მაგრამ მერე ბევრი რამე შეიცვალა, საქმეში ძასოხოვი ჩაერია და მედოევი ჩააჩოჩეს. ცესკო-ს მონაცემებით, თიბილოვმა ხმების 41,94% დააგროვა, მეორეზეა დავით სანაკოევი - 25,36% დიმიტრი მედოევს მხარი ამომრჩევლის 23,8%-მა დაუჭირა, პარლამენტის ექსსპიკერ სტანისლავ კოჩიევს კი 5,62%-მა. არჩვენებამდე ერთი კვირით ადრე ცხივნალში უკვე ღიად ამბობდნენ, რომ მეორე ტურის დანიშვნა გახდებოდა საჭირო და ეჭვობდნენ, რომ მეორე ტურში სანაკოევი და თიბილოვი მოხვდებოდნენ. ამ უკანასკნელმა სერიოზულად იმუშავა ჯიოევას მომხრეების გულის მოგებაზე", - აღნიშნავს გამოცემა. "საქართველოსთვის, პრინციპში არავითარი მნიშნვნელობა არ აქვს, ვინ მოიგებს არჩევნებს. თიბილოვიც და სანაკოევიც ამბობენ, რომ სწორება რუსეთზე აქვთ. თბილისი ამ არჩევნებს საერთოდ არ აღიარებს. საქართველოს ხელისუფლება 25 მარტს გამართულ ღონისძიებას დიდ უკანონობად მიიჩნევს. თბილისის პოზიცია საერთოდ არ ადარდებთ ცხინვალში. არც ის ანერვიულებთ, ევროპა მათ არჩევნებს თუ დააიგნორებს. ისინი იმითაც ბედნიერები არიან, რომ მათ არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები დაესწრნენ. ისინი ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიულად მიიჩნევენ. არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე საუბრობს ოსური მედიაც, რასაც არც ოპოზიციური გამოცემები უარყოფენ. არჩევნების მიმდინარეობისას დარღვევებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა მათი დარღვევები ჩვენებურ დარღვევებთან მოსატანი ნამდვილად არ არის - ერთ-ერთ მოქალაქეს 11 ბიულეტენი უნდა მოეპარა და ამას ისეთი ამბავი მოჰყვა, მტრისას. არადა, ჩვენთან ყუთებით იტაცებენ ბიულეტენებს, კარუსელებსა და მკვდარ სულებზე რომ არაფერი ვთქვათ", - დასძენს გამოცემა. "ცხინვალში და სოხუმში ასეთი რაღაცები ჯერ ვერ დაამუღამეს. ან როგორ დაამუღამებდნენ, ჩვენთან ურთიერთობა არ სურთ. ჩვენ შეიძლება ბევრი ვიცინოთ ოსური პოლიტიკის თავისებურებებზე, ოღონდ ერთ რამეს ვერ უარვყოფთ - აქ არჩევნებს ჩვენზე დემოკრატიულად ატარებენ, იგივე შეიძლება ითქვას აფხაზებზეც. მათ პრეზიდენტის არჩევნებში "გაუმართლათ" - შარშან პირველივე ცდაზე აირჩიეს პრეზიდენტი, საპარლამენტო არჩევნებში კი მეორე ტური დასჭირდათ. მეორე ტურიანობა ოსებს აშკარად დაებედათ. მათ შარშანაც 2 ტური ჩაატარეს. 25 მარტის არჩევნებს სპეცრაზმისა და ბედის მიერ ნაგვემი ალა ჯიოევა გამოეხმაურა - საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ "ეხო კავკაზას" ჟურნალისტებთან საუბარში მან აღიარა, რომ ცხინვალის არჩევნები სპექტაკლია, რომლის სცენარიც წინასწარაა დაწერილი. ცნობისთვის, ჯიოევა საავადმყოფოში 43-დღიანი იზოლაციის შემდეგ 24 მარტს გამოწერეს. ის 25 მარტის არჩევნებს "საარჩევნო ღონისძიებას და სელექციურ შერჩევას" უწოდებს. ჯიოევა პირობას დებს, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას, მაგრამ შიშობს, რომ არც ახალი განუკითხაობისგან არის დაზღვეული, რადგან საავადმყოფოდან მკაცრად შეზღუდული უფლებებით გამოუშვეს და ინტერვიუს მიცემაც აუკრძალეს", - წერს სტატიის ავტორი. "კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის პროგნოზით, სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საბოლოოდ თიბილოვი გაიმარჯვებს. მისი თქმით, მეორე ტურისთვის სანაკოევის ფრთა ძლიერდება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სანაკოევი ადამიანის უფლებათა დამცველია, პუტინი არჩევანს თიბილოვზე გააკეთებს. ზაქარეიშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ თიბილოვი ოპოზიციურ ვარიანტად განიხილება, მოსკოვსაც მოსწონს და სურს ის კოკითის რეჟიმს ჩაენაცვლოს. "პუტინს ადამიანის უფლებათა დამცველები რომ არ მოსწონს, ფაქტია. თუ არჩევანია, თიბილოვი ურჩევნია. სამხრეთ ოსეთში, ადამიანი უფლებათა დამცველს "კაგებეშნიკი" ურჩევნია. სხვათა შორის სანაკოევის ურიგო ადამიანის უფლებათა დამცველი არ იყო. ის ამას მაქსიმალურად ცდილობდა, ამის მაგალითია გათავისუფლებები, რაც მაშინ ხდებოდა, როცა ოსებს ქართველი ახალგაზრდები აჰყავდათ საზღვრისპირა ტერიტორიებიდან", - აცხადებს ზაქარეიშვილი, რომელიც თვლის, რომ არ ჰგონია მოსკოვს სანაკოევი უნდოდეს", დასძენს სტატიის ავტორი. |