ჯაყვით შეიარაღებული რემბო ალასანიას პარტიაში

ჯაყვით შეიარაღებული რემბო ალასანიას პარტიაში

"ქართული ოცნება" ზუგდიდში 25 მარტს ირაკლი ალასანიას თანაპარტიელის დაკავებას პოლიტიკურ დაპატიმრებას უწოდებს და ალასანიას მიერ წინა კვირას გაკეთებულ იმ განცხადებას უკავშირებს, სადაც მან ხელისუფლების მიერ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაზე ისაუბრა. ამ განცხადებას ხელისუფლების მიერ ის პასუხი მოჰყვა, რომ ალასანია არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს - მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ძალიან დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხის სათანადო შესწავლა უნდა მოხდეს, განხორციელდეს მონიტორინგი და დასკვნები ისე გაკეთდეს. ამ შემთხვევაში კი საინტერესო უკვე "თავისუფალი დემოკრატების" აქტივისტის დაკავებაა, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოხდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ქართული ოცნების" წევრი 4 პოლიციელის გალახვის ბრალდებით დააკავეს / "ქართული ოცნების" მონაცემებით, მათ აქტივისტებს, როგორც წესი, იარაღის ტარების ან ნარკოტიკის აღმოჩენის ბრალდებით აპატიმრებენ.

"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის, სერგო ჩაჩიბაიას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია კვირას, გვიან საღამოს გავრცელდა. როგორ ირაკლი ალასანიას მოადგილე თეა წულუკიანმა აღნიშნა, ჩაჩიბაია თავის ორ მეგობართან ერთად ერთ-ერთ ავტოპროფილაქტიკასთან მივიდა, სადაც თავისი მანქანა ჰქონდა დატოვებული გასაკეთებლად და უნდა წაეყვანა. იქ მას ვიღაც უცნობი ახალგაზრდა მიეჭრა, უთხრა რომ წარსულში მან აწყენინა და ამის გამო დაუწყო გინება. მაგრამ ჩაჩიბაიამ, რომელიც წლების განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა და დიდი გამოცდილება აქვს, მას პასუხი არ გასცა - მიხვდა, რომ უცნობი ადამიანის ასე მიჭრა და შეურაცხყოფის მიყენება ნორმალური არ იყო და პროვოკაციას უწყობდა. ჩაჩიბაიამ სცადა უცნობს გარიდებოდა და არანაირი პასუხი არ გაუცია. რაც შეეხება ფიზიკურ კონტაქტს, მათ შორის ასეთი კონტაქტიც არ შემდგარა. ჩაჩიბაიას ორი მეგობარი წინ დაუდგა და შეეცადა ეს აგრესიული ადამიანი, ვინმე ქეცბაია დაეშოშმინებინათ და ქუჩის მეორე მხარეს გადაიყვანეს, მაგრამ ქეცბაია გინებას განაგრძობდა. ამ დროს გამოჩნდა პოლიციის ორი პიკაპი და ჩაჩიბაიას უთხრეს, რომ ის არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და სთხოვეს სამმართველოში გაყოლა. ჩაჩიბაია უპასუხოდ დაემორჩილა და წაჰყვა სამმართველოში, სადაც გაიგო, რომ დაკავებულია.", - აღნიშნავს გამოცემა.

"მათ თავიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი წარუდგინეს, თითქოს ის საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა ქუჩაში და შემდეგ უთხრეს, რომ როდესაც პიკაპში ჩაგსვით, 4 პოლიციელი ვისხედით და გვცემეო - აქედან გამომდინარე, ჩაჩიბაიასთან ანგარიშსწორების უკვე სისხლის სამართლებრივი გზა აირჩიეს. ესა არის პროვიკაცია და და ბრალდებას არანაირი მოწმე არ ჰყავს, გარდა ისევ პოლიციელებისა, რომლებიც, როგორც ერთ-ერთი მოწმე ამბობს, ორი საათის განმავლობაში დარაჯობდნენ ჩაჩიბაიას პროფილაქტიკასთან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩაჩიბაია, როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი სამეგრელოში, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციის შედეგად დააკავეს, რათა მისი საქმიანობის პარალიზება მოახდინონ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თეა წულუკიანი. 

"კოალიცია "ქართული ოცნება" მათი მხარდამჭერის, სერგო ჩაჩიბაიას დაკავებას ირაკლი ალასანიას მიერ დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს, რადგან, როგორც "ქართული ოცნების" პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე ამბობს, "სავარაუდოდ, ხელისუფლება ფიქრობს, რომ ალასანიას მიერ მოპოვებული ინფორმაციის წყარო სწორედ ჩაჩიბაიაა. წულუკიანის თქმით, ამ დროისთვის კოალიციიდან უკვე ათობით ადამიანი არის დაკავებული და ყველა შემთხვევაში დაკავების ოფიციალური მიზეზი არის ან იარაღის უკანონო ტარება, ან სახლში ან მანქანაში ნარკოტიკების აღმოჩენა. ამასთან, არის შემთხვევები, როცა ადამიანს ეუბნებიან, რომ იქ, სადაც კონკრეტული მომენტში არ ყოფილა, ადამიანი დაჭრა და ა.შ. ახლა ამას დაემატა ის, რომ თითქოს დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და პოლიციას მიაყენა შეურაცხყოფა. მისივე თქმით, მათ უკვე მიმართეს საერთაშორისო საზოგადოებას და "ისინი აქტიურად არიან დაინტერესებულნი თითოეული დეტალით..." დასძენს გამოცემა.

"ხელისუფლების სადამსჯელო ღონისძიების გაგრძელება ზუგდიდში ვიხილეთ, სადაც სამართალდამცველებმა 25 მარტს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი სერგი ჩაჩიბაია დააკავეს, რომელსაც თანაგუნდელები 5 საათის მანძილზე ეძებდნენ. "მე და სერგო ჩაჩიბაია მანქანის ხელოსანთან მივედით. ამ დროს ერთი ახალგაზრდა მოგვიახლოვდა, რომელიც სერგოს მისამართით იგინებოდა. ჩაჩიბაიას ამ ფაქტზე რეაქცია არ ჰქონია. ის ახალგაზრდა ისევ აგრძელებდა გინებას. დაახლოებით 2 წუთში მოგვიახლოვდა ორი პიკაპი, გადმოვიდნენ თანამშრომლები და სერგოს უთხრეს, ამბის გასარკვევად უნდა წამოგვყვეთო. სერგოსთვის ხელიც არავის მოუკიდებია, თავისი ნებით ჩაჯდა მანქანაში. ის პოლიტიკური ნიშნით იდევნება, მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია", - აცხადებს სერგო ჩაჩიბაიას მეგობარი და თვითმხილველი ამირან ქარდავა. ჩაჩიბაიას ბრალს, სავარაუდოდ, 27 მარტს წაუყენებენ", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით ალასანიას პარტიაში რემბო ჰყოლია.

"ის კატეგორიულად უარყოფს პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ჩაჩიბაიას ადვოკატის გურამ ყუფუნიას თქმით, ჩაჩიბაიას მიმართ საქმე 353-ე მუხლითაა აღძრული, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ისინი თანაგუნდელს მარტო არ დატოვებენ და მის სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფენ. დეტალებში გასარკვევად "ალია" პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს ვაკო ავალიანს დაუკავშირდა, რომლის განმარტებით ჩაჩიბაიას ორი მუხლი აქვს წაყენებული: ცივი იარაღის ტარება, რადგან მას ჰქონდა ჯაყვა, რაზეც ექსპერტიზამ გადაწყვიტა, რომ ეს არის ცივი იარაღი და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ავალიანის განცხადებით, "ფრიად საინტერესო ის არის, რომ ერთმა ადამიანმა მანქანაში სცემა სამი პოლიციელი და უკვე სამ წლამდე კი არა, მეტსაც გულისხმობს კანონი", - აღნიშნავს გამოცემა. 

"კი ერთმაშად ყველა ერთი ხელის მოსმით სცემა. ეს არის ნაციონალების იმ ტერორის გაგრძელება და გამოძახილი იმ განცხადებისა, რაც სახელმწიფოში ბანდფორმირებების შექმნას შეეხება. ჩაჩიბაია არის ყოფილი ძალოვანი. ის უშიშროების სამსახურში იყო და შემდეგ გადმოვიდა ალასანიას ორგანიზაციაში. ფაქტი ისაა, რომ ზუსტად დაემთხვა ალასანიას განცხადებას ჩაჩიბაიას აყვანა. სასამართლოს იმედი რამდენად უნდა გვქონდეს, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, თუმცა ყველანი საქმის კურსში ჩავაყენეთ: დიპლომატიური კორპუსიც და საერთაშორისო თანამეგობრობაც. ყველანი ველოდებით და გვაინტერესებს, როგორც დაასაბუთებენ სასამართლოზე პოლიციელები ბრალდებებს. ყველაფერი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ამათი სამართლის მიხედვით, მარტვილში ჩვენი თანაპარტიელის ქათამი ავტომატის მჭიდს დებს და ძროხა ფუნის ნაცვლად -ავტომატს. აი, ასეთი სამართალია და მეტი რა გითხრათ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვაკო ავალიანი.