ვესაუბრებით სახელოვან ქართველ ფეხბურთელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს და იტალიური "ჯენოას" მცველს, პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" წევრს კახი კალაძეს.
- კახი, პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" გააქტიურდა და რეგიონებში ოფისების გახსნა დაიწყო, თავად ბიძინა ივანიშვილიც რამდენიმე რაიონში ჩავიდა და მხარდამჭერებს შეხვდა. თქვენ როდის ჩაებმებით ამ ფერხულში და როდის გამოჩნდებით აქტიურად საზოგადოების წინაშე? – "ქართული ოცნება" არათუ ახლა გააქტიურდა, არამედ, ყოველთვის აქტიური იყო. ჩვენი წევრები დღე და ღამე მუშაობდნენ უამრავ საჭირბოროტო საკითხზე, უბრალოდ, ეს მუშაობა საზოგადოებისათვის თვალხილული არ იყო. ახლა კი ყველა ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილით დაწყებული და ახალგაზრდული ფრთით დამთავრებული, ყველა გამოსულია და ცდილობს, თითო აგური დადოს იმ საქმეში, რასაც საქართველოს სამომავლო განვითარება და აღმშენებლობა ჰქვია. მე, როგორც შემიძლია, მუდამ ჩემი ხალხის გვერდით ვარ და გპირდებით, სულ მალე ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან ქვეყნისათვის ამ ისტორიულ საქმეში. – "ქართულ ოცნებაზე" და მის აქტივისტებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და რეპრესიები ძლიერდება, რისი დასტურიც არის ადამიანების დასაკითხად დაბარება კონტროლის პალატის მიერ და მათი დამამცირებელი და უხეში ფორმებით ჩხრეკა-შემოწმება. როგორ ფიქრობთ, რას მიაღწევს ამით ხელისუფლება და რით დამთავრდება ეს ყველაფერი? - ხელისუფლება აგრძელებს მისთვის ჩვეულ მოლიპულ გზაზე სიარულს, რაც გამოიხატება საქართველოს ათასობით მოქალაქის კიდევ ერთხელ დამცირებაში. საერთოდ, გაუგებარია, რა შეხება აქვს ჩვეულებრივ მოქალაქესთან კონტროლის პალატას? რა, სახელმწიფო სტრუქტურებში უკვე ყველაფერი შემოწმებული აქვთ და ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს? ასეთი ხრიკები, შეიძლება, ადრე გასდიოდა ამ ხელისუფლებას, მაგრამ დღეს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ სულ სხვა პოლიტიკური რეალობაა. რაც მეტ ასეთ სისულელეს ჩაიდენს ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის წინაშე, მით უფრო დააჩქარებს თავის პოლიტიკურ აღსასრულს. - როგორც საბოლოოდ გაირკვა და დადგინდა, ხელისუფლებამ ახალაიების მეშვეობით სამეგრელოში შექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირებები. ირაკლი ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი სამოქალაქო კონფრონტაციისთვის ემზადება. როგორ ფიქრობთ, წავა თუ არა ხელისუფლება სისხლისღვრაზე და რას ეტყოდით, ურჩევდით და მოუწოდებდით იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში წევრიანდებიან? - მე ვნახე ჟურნალისტ ნანა ფაჟავას ორი სიუჟეტი, რამაც გამახსენა დრო, როდესაც ჩემი მშობლიური სამტრედია გაურკვეველი ბანდფორმირებების სათარეშოდ იყო ქცეული. მინდა, იმ ადამიანებს მივმართო, რომლებსაც საკუთარ თანამოძმეთა წინააღმდეგ გეშავენ: ძმებო, ქართველებო, არცერთი ხელისუფლება არ ღირს თუნდაც ერთი თანამოძმის დაღვრილ სისხლად. ამ ხელისუფლებას ისედაც უამრავი ცოდვა აქვს ჩადენილი და ნუ იქნებით მათ ხელში ბრმა იარაღად გამოყენებული, ხოლო თუ მაინც გააგრძელებთ ქართველ თანამოძმეთა ტერორსა და დაშინებას, მაშინ იცოდეთ, რომ ხალხისა და ღვთის სასჯელს ვერ გადაურჩებით. მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს იმ დანაშაულისათვის, რაც ჩადენილი აქვს! ძალიან გთხოვთ, ვიდრე გვიან არ არის, ეს გაითვითცნობიეროთ! - სააკაშვილმა საქართველოში აკრედიტებული საელჩოები მწვავედ გააკრიტიკა, "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბობოხიძემ კი ამერიკის ელჩის წინააღმდეგ გააკეთა საკმაოდ მკვახე განცხადება. თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს ყოველივე ეს? - სააკაშვილი უკვე კარგა ხანია, დაშორდა დასავლურ ღირებულებებსა და დემოკრატიულ ფასეულობებს, ის ჩამოყალიბდა შუა საუკუნეების ხონთქრად. მისთვის დემოკრატია, საჯაროობა, პლურალიზმი გახლავთ ნიღაბი, თუმცა, ქართველმა ხალხმა მას ეს ნიღაბი ჩამოხსნა და სააკაშვილი მსოფლიოს დაენახვა თავისი ნამდვილი სახით - დიქტატორის, ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ყველაფერზე წამსვლელი ადამიანის სახით. ეს ადამიანი თავისი აგრესიული ქმედებებით უკვე ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, ის უკვე იმ ფაზაშია, როცა ვითომ ქართულად მეტყველებს, მაგრამ უკვე გაუგებარი სიტყვებით საუბრობს, თუნდაც გაზაფხულთან მიმართებაში რაც თქვა. სააკაშვილი არის აგონიაში, ის არის გაღიზიანებულ-აღგზნებული. დაუკვირდით მის გამოსვლებს, მუდამ ვიღაცაზეა გამწარებულ-დაბოღმილი, მუდამ ისტერიულად გაჰკივის ბოლო ხმაზე, შემდეგ წყნარდება, მერე თავიდან იწყებს ხავილს და მუქარას, შიგადაშიგ გვახსენებს, რომ ბავშვობაში ყველაზე მაგარი იყო სწავლაშიც, ხანდახან იგავ-არაკივით გადმოგვცემს, თუ როგორი საქმის გამრჩევი იყო თანატოლებსა და ქუჩაში. ეს ყველაფერი არის მისი კომპლექსების ბრალი! ჩვენ, ქართველ ხალხს, აღარ გვაქვს ვიღაც კომპლექსიანის ხუშტურების დაკმაყოფილების დრო. ქვეყანა თავზე გვენგრევა და ვერ ვუყურებთ, ხონთქარს დილით რაღაც უფუნქციო ქალაქის აშენება მოუნდება თუ ღამით რომელიმე ძეგლი არ მოუვა თვალში და გადაიტანს! – 5 აპრილს არის ბოლო ვადა, როცა ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობის მინიჭებაზე ან "ჰო" უნდა უთხრას, ან - "არა". როგორ ფიქრობთ, დაუბრუნებენ მოქალაქეობას "ქართული ოცნების" ლიდერს? - ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევით თვითონ ხელისუფლებამ ჩაიგდო თავი მეტად უხერხულ მდგომარეობაში, თორემ ბიძინა ივანიშვილი როგორიც იყო ქართველი ხალხისთვის, ისევ ის ბიძინა ივანიშვილი გახლავთ. უბრალოდ, სირცხვილია, როცა ასეთ მეცენატს, ქველმოქმედ ადამიანს მოქალაქეობას ჩამოართმევ. მე ვერ გეტყვით, რას მოიმოქმედებენ და როგორ მოიქცევიან ნაციონალი ჩინოვნიკები, თუმცა, წესით, ყოველ მიზეზ გარეშე მოქალაქეობა უნდა აღუდგინონ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. - ალბათ, იხილეთ სააკაშვილის გამოსვლა პარლამენტში და მისი გაქცევა სხდომათა დარბაზიდან. ისიც გაირკვა, რომ სააკაშვილი ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებს და ოპოზიციას ეუბნება, თუ ბიჭები ხართ, ხელი გაანძრიეთ და არჩევნები მოიგეთო. ამის შემდეგ გაქვთ თუ არა იმედი, რომ სააკაშვილი ნორმალურ არჩევნებს ჩაატარებს? - დიახ, კიდევ ერთხელ იხილა მსოფლიომ გაქცეული სააკაშვილი. ქართველ ხალხს არ უნდა თვითმფრინავის ხმაზე ოთხით გაქცეული მთავარსარდალი! ქართველ ხალხს არ უნდა პარლამენტიდან გაქცეული პრეზიდენტი! სააკაშვილს ეშინია სამართლიანი არჩევნების, მან იცის, რომ სამართლიან არჩევნებში ის და მისი ვაი-პატრიოტთა გუნდი მწარედ დამარცხდება! სააკაშვილს უნდა, ჩამოგვაშოროს სამართლებრივ გზას და გადაგვიყვანოს მისთვის სასარგებლო სიტუაციაში, მაგრამ ჩვენ, მისგან განსხვავებით, მტკიცე ნერვები და ხალხის მხარდაჭერა გვაქვს. ქართველ ხალხს სურს, ჩატარდეს დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები და ხალხის პოზიცია არის გადამწყვეტი. ყველა ვხედავთ იმასაც, რომ ქართველი ხალხის ამ სამართლიან მოთხოვნას მხარს უჭერს დასავლეთის თანამეგობრობა. - და ბოლოს, როგორც მსოფლიოში ცნობილ ფეხბურთელს მინდა გკითხოთ: რა შანსი აქვს საქართველოს, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს? როგორ ფიქრობთ, ეს ხელისუფლების მორიგი პიარ-ფანდია თუ რეალობასთან რამე კავშირი აქვს? - (იცინის) როდესაც ნაციონალური არხები გამალებით აანონსებდნენ, რომ საქართველო და აზერბაიჯანი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთობლივად ჩატარებაზე შეთანხმდნენ, იმავდროულად აზერბაიჯანულმა მხარემ ოფიციალურად უარყო ეს ფაქტი. მათი განცხადებით, 2020 წელს აზერბაიჯანი ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ემზადება და ამას საქართველოს გარეშე აპირებს. რა თქმა უნდა, ეს მმართველი რეჟიმის მორიგი ცრუ-პიარია, რომელიც ცირკის ადმინისტრატორის დონეზე იყო შესრულებული. რომელ ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაზეა საუბარი, როდესაც მთელ რიგ კლუბებს ნორმალური სათამაშო მოედანი არ გააჩნიათ, ხოლო ნაკრებს საწვრთნელი ბაზა მანამდე არ ჰქონდა, სანამ ბიძინა ივანიშვილმა არ გააკეთა! |