"ვანო მერაბიშვილის გამჭვირვალე შენობებიდან მიცვალებულები გამოჰყავთ. ხაშურის შემდეგ გორში მეორე შემთხვევა დაფიქსირდა - ადამიანი პოლიციაში საღსალამათი შევიდა და იქიდან მკვდარი გამოიტანეს. რა სეართო აქვს და რა ასწავლა ქიმერიძის მკვლელობამ მერაბიშვილის უწყების მაღალჩინოსნებს? თუ ხაშურის შემთხვევაში პოლიცია დაიბნა და ქიმარიძის სურათების გავრცელებისა თუ გვამზე ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა დაუშვა, გორში მომხდარი შემთხვევა კარგა ხანს დარჩება ბურუსით მოცული. გავა დრო და თამაზ ჯღირაძის სიკვდილის ნამდვილ მიზეზს მერაბიშვილის უწყება ისე ჩაფარცხავს, ოჯახმა და ახლობლებმა ძალიანაც რომ მოინდომონ, ვეღარაფერს გააწყობენ", - წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურით რეალურად რა ვითარებაში გარდაიცვალა გორის პოლიციაში დაკითხვაზე დაბარებული მამაკაცი?
"მოკლედ, 24 მარტს, შსს-მ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია: "გორის რაიონულ სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც ქ. გორის მკვიდრი ეთერ მახათაძე ითხოვდა პოლიციის დახმარებას. ეთერ მახათაძის საჩივარი ეხებოდა დავას, რომელიც მას ჰქონდა თავის საცხოვრებელ ბინაზე მის ბიძაშვილისშვილთან თამაზ ჯღირაძესთან. გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორის მიერ გამოკითხულ იქნა ეთერ მახათაძე. საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვის მიზნით ასევე გამოძახებულ იქნა თამაზ ჯღირაძეც. ის პოლიციაში გამოცხადდა მის ქვისლ გია ჭავჭავაძესთან ერთად, რომელიც ასევე ესწრებოდა თამაზ ჯღირაძის დაკითხვას. თამაზ ჯღირაძეს ზეპირად გაესაუბრა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და ვიდრე ის გამოკითხვის ოქმის შევსებას დაიწყებდა, თამაზ ჯღირაძე გახდა ცუდად. რა დროსაც გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება. სამედიცინო დახმარების მიუხედავად, სამწუხაროდ, თამაზ ჯღირაძე გარდაიცვალა. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს წარმოადგენს გულის უკმარისობა. ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე" - პოლიცია ამ შემთხვევაში "ჭკვიანურად" მოიქცა და როგორც კი ეს შემთხვევა დაფიქსირდა, ეგრევე გაავრცელა ინფორმაცია, სანამ უფლებადამცველები ამბავს ატეხდნენ. "როგორც ჩანს, პოლიციამ სხვა "დეტალებზეც" იზრუნა და დაღუპულის ოჯახში მისულ "თრიალეთის" ჟურნალისტ ნოდარ სხირტლაძეს ჯღირაძის შვილი გამოუვარდა მხოლოდ არა ვიღაც "ზონდერები", როგორც ეს ქიმერიძის გასვენების დროს მოხდა", - აღნიშნავს გამოცემა. "შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რის გამო ჰყავდათ დაბარებული ეს ადამიანი - ამდენად ჩვენ უფრო იმისთვის მივედით გარდაცვლილის სახლთან, გაგვეგო რა მოხდა სინამდვილეში. იქ რომ მივედით, გამოვარდა გარდაცვლილის შვილი და ერთი ამბავი აგვიტეხა, რა გინდათ, რა სენსაციას ეძებთ, მამაჩემი თავისი სიკვდილით მოკვდა და და დაგვანებეთ თავიო. პოლიცია არ იყო, მხოლოდ კუდ-ის თანამშრომელი კახა გამგლიაშვილი იყო მისული... სასწრაფოს ექიმი ვნახე, ეს არის ქალბატონი ქეთინო ხაჩატუროვა. მან მითხრა, რომ როცა პოლიციაში მივიდა, ჯღირაძე უკვე გარდაცვლილი იყო. სხვა დეტალები არ უცნობების, მხოლოდ ის თქვა, რომ ჯღირაძე გარდაცვილი დახვდა. ჩვენც მეტი ვერაფერი გავიგეთ, იმედია, მალე გაირკვევა, სინამდვილეში რა მოხდა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ადგილობრივი ჟურნალისტი ნოდარ სხირტლაძე და შეკითხვას - "გარდაცვლილს ვინც ახლდა პოლიციაში, ის ხომ არ გინახავს?", - პასუხობს: "არა, ჭავჭავაძე დაკარგულია - პოლიციიდან წამოსული სახლშიც არ მისულა". |