ხათუნა ლაგაზიძე:

ხათუნა ლაგაზიძე: "ეს არის პირველი განაცხადი, როდესაც პატრიარქი პოლიტიკაში ერთვება".

"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დიპლომატიურ კორპუსს "რთულ საარჩევნო პერიოდში" დახმარება სთხოვა - "ბედნიერი ვიქნები, თუ ხშირად მობრძანდებით. ჩვენ გვაქვს რთული პერიოდი, არის პარლამენტის არჩევნები და გთხოვთ დახმარებას" - მიმართა 23 მარტს ილია მეორემ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 95-ე წლისთავს მიეძღვნა. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი მეუღლესთან ერთად, ჩეხეთის, გერმანის, ჰოლანდიის, ისრაელის, ლატვიის, იაპონიის, საბერძნეთის ელჩები, გაერო-სა და ევროკომისიის წარმოამდგენლები, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი სასულიერო პირები, რომლებმაც საპატრიარქო კომენტარის გარეშე დატოვეს", - წერს გაზეთი "მთელი კვირა" სტატიაში სათაურით პოლიტიკური ქვეტექსტი პატრიარქის განცხადებაში / ხათუნა ლაგაზიძე: "ეს არის პირველი განაცხადი, როდესაც პატრიარქი პოლიტიკაში ერთვება".

"დამოუკიდებელი ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს უშიშროების საბჭოს თანამშრომელი იყო, ამბობს, რომ პატრიარქის ამ განცხადებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მითითებს ქვეყანაში ძალიან მწვავე პრობლემის არსებობაზე. მისივე თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ავტოკეფალიის აღდგენის 95-ე წლისთავი მაინცდამაინც მრგვალი თარიღი არ არის და იყო საშუალება იმ მთავარი მესიჯის მისაწოდებლად, რომელიც პატრიარქმა ამ შეხვედრაზე გაახმოვანა. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ პატრიარქმა ამ განცხადებით დასავლეთს დაანახა, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებით დაინტერესებულია არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრი, არამედ მთელი საზოგადოება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პოლიტიზებული", - აღნიშნავს გამოცემა.

"ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამაში რა შინაარსიც არ უნდა ჩაიდოს, პროსახელისუფლებო თუ ანტისახელისუფლებო, როდესაც პატრიარქი დიპლომატიური წარმომადგენლობის პირველ პირებს ხვდება და ეუბნება, რომ საქართველოს უდგას რთული პერიოდი და გთხოვთ დახმარებას, არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდი, რომ პატრიარქის მოღვაწეობაში საეტაპო განცხადება. ეკლესია იძულებული გახდა, რომ პროცესებში ჩარეულიყო, რადგან ხედავს, რომ პოლიტიკური სივრცე თვითრეგულირებადი ვეღარ არის და ქვეყანა მიექანება პოლიტიკური თუ სოციალური დაძაბულობის განმუხტვის ძალიან ცუდი სცენარისკენ და მეორე ის, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ვერ დაინახა იმის რესურსი, რომ ეს სიტუაცია განემუხტა. ცხადია, უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებაზეა საუბარი. მან ვერ დაინახა პოლიტიკური გზით ამ დაძაბულობის გადაწყვეტის რესურსი და იძულებულია დიპლომატიურ კორპუსს მიმართოს დახმარებისთვის, რათა არჩევნები იქცეს არა მორიგი დაპირისპირების დასაწყისად, არამედ ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილების პირველ პრეცედენტად", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

"ვითარება ისეთია, რომ პრაქტიკულად ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნის აუცილებლობაზე, იმაზე, რომ დღეისთვის ეს გარემო დამაკმაყოფილებელი არ არის, ლაპარაკობს მხოლოდ ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეა. ამავე დროს უკვე ლაპარაკობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც, რომლებიც პოლიტიკურად დაინტერესებულნი არ არიან და უბრალოდ დაინტერესებული არიან იმით, რომ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდეს. პატრიარქმა დასავლეთს აჩვენა, რომ პოლიტიკურად დაუინტესებელი საზოგადოება, რომლის ყველაზე მკაფიო წარმომადგენელი პატრიარქია, მხარს უჭერს დასავლეთის მიერ დასმულ საკითხს, რომ ამ არჩევნებს კარდინალური მნივნელობა უნდა მიენიჭოს და ყველა მხარემ, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ძალისხმევა არ დაიშუროს ამ არჩევნების ნორმალურად ჩასატარებლად. ფაქტობრივად, ეს იყო გზავნილი პატრიარქის მხრიდან, რომ დასავლეთის გზავნილი მხარდაჭერილია პოლიტიკურად დაიუნტერესებილი საზოგადოების მხრიდანაც", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

"საყვარელიძე იმაზეც აკეთებს აქცენტს, რომ ალასანიას მიერ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების საკითხის დასმამ და მასზე ხელისუფლების რეაქციამ კითხვები არათუ შეამცირა, არამედ გაამრავლა: "ალასანიას ფორმულირება სამოქალაქო ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არაზუსტი იყო და არანაირ ომზე არ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც მთელი ფიზიკური ძალა და იარაღი არის ერთ მხარეს და ეს შეიარაღებული ხალხი რაღაცისთვის ემზადება, რას დაარქმევ მას - რეზერვისტს და თუ პარაშუტისტს, სულ ერთია. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ემზადება ტერორისთვის და სადამსჯელო ოპერაციებისთვის. ეს სადამსჯელო ოპერაციები პრევენციული იქნება და არჩევნებამდე მოეწყობა თუ არჩევნების შემდეგ, ორივე შემთხვევაში იმაზე მეტყველებს, რომ დაკავშირებულია საარჩევნო პროცესთან. სოხუმშიც კი გაუჩნდათ კითხვა, თუ რისთვის იქმნება ეს ფორმირებები, მაშინ, როდესაც საქართველოსა და რუსეთ-აფხაზეთს შორის არანაირი შეიარაღებული პროცესის მოლოდინი არ არის. მაგრამ არის მომავალი არჩევნები, არის პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორების დიდი გამოცდილება, სადაც გადამწყვეტ როლს ამა თუ იმ ფორმით შეიარაღებული ძალოვანი ჯგუფები თამაშობდნენ", - დასძენს რამაზ საყვარელიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ამიტომ გაჩნდა ქართულ საზოგადოებაში ეს მოლოდინი და ასეთი ფაქტორი, რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესზე მოქმედებს", - წერს სტატიის ავტორი.