ილუზიების ტყვეობაში უნდა იყოს ადამიანი, რომ ფიქრობდეს,

ილუზიების ტყვეობაში უნდა იყოს ადამიანი, რომ ფიქრობდეს, "ნაცმოძრაობა" თუნდაც ამერიკელი პარტნიორების ცვალებადი მოსაზრებების ფონზე დათმობს პოზიციებს

არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეების მიერ არჩეული პიარსტრატეგიების თავისებურებებსა და ეფექტურობაზე "ინტერპრესნიუსი" სოციალურ მეცნიერებათა დოქტორს, პიარტექნოლოგიების სპეციალისტს, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორს, მაია ქავთარაშვილს ესაუბრა.

- ქალბატონო მაია, საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი, მაგრამ დიდი ხანია აშკარაა, რომ ქვეყანა საარჩევნო რეჟიმშია. საქართველოში აშშ-ს მომავალმა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა აშშ-ს სენატში მეტად საინტერესო შეფასება გააჟღერა. კერძოდ, - "საქართველოში ნამდვილად არის შეშფოთების საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რასაც შეიძლება ეწოდოს "მოსწორებული სათამაშო მოედანი". ეთანხმებით თუ არა ბატონ ნორლანდის შეფასებას და თუ არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის მართლაც ასეთი კატასტროფული ვითარებაა, არჩევნებზე წარმატების მისაღწევად პოლიტიკურ სუბიექტებს რეალური წარმატების მიღწევის შანსი რამდენადღა აქვთ? 

- რაც შეეხება საქართველოში აშშ-ს მომავალი ელჩის, ბატონ ნორლანდის მკვეთრ შეფასებას, თუკი ეს, რეალობას შეესაბამება და ამასთან დაკავშირებით საშიშროებას უსაფუძვლოდ არ გამოთქვამენ, ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას არჩევნების ჩატარებას. საქართველოსთვის არჩევნების წინ "მოსწორებული სათამაშო მოედნის" ვითარება ახალი არ არის და ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთან მიმართებაში ამერიკელებმა, ამერიკა აღმოაჩინეს. იმას, რაც ბატონმა ნორლანდმა შენიშნა, ჩვენ შეგუებულები ვართ და თითქმის ჩვეული რეალობაა. 

რაც შეეხება არჩევნებზე ოპოზიციის მიერ გარკვეული წარმატების მიღწევას, გააჩნია, ვინ რას თვლის წარმატების მიღწევად. ალბათ, ილუზიების ტყვეობაში უნდა იყოს ადამიანი, რომ ფიქრობდეს - "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი პოზიციებს, თუნდაც ამერიკელი პარტნიორების ცვალებადი მოსაზრებების ფონზე დათმობს. მაგრამ არჩევნებზე იმიტომაც არის არჩევანი, რომ მოსახლეობას ჰქონდეს უკეთესი არჩევანის იმედი. არჩევანის საშუალებას განაპირობებს ერთი მხრივ სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოს ხანგრძლივი არსებობის რეალობა, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფილი მოდელი და ის კულტურა, რომელიც ხალხს არ აქვს და ვერც ექნება. ამას ობიექტური მიზეზები აქვს. ჩვენ გამოვთქვამთ მოსაზრებებს, რომ გვინდა სრულფასოვანი კანონმდებლობა და გარემო, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ ერთპარტიულ საბჭოურ სისტემაში ვცხოვრობდით. ჯერ კიდევ საკითხავია, ამ სისტემიდან გამოვედით თუ იგივე სისტემაში ვართ. ფაქტობრივად, ჩვენ საქართველოში არ გვქონია რეალური არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. ჩვენ ხომ მუდმივ რევოლუციურ ქრონიკაში ვცხოვრობთ. გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში სრულყოფილი საარჩევნო სივრცე და კულტურა ჩამოყალიბდეს. ამის არარსებობის ფონზე, ვერანაირი განაცხადი არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ, სიტუაციას ვერ შეცვლის. 

- აქტიურობის თვალსაზრისით ყველაზე თვალშისაცემი ხელისუფლების აქტიურობაა. თქვენ როგორ შეაფასებდით პიარის თვალსაზრისით ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეების, ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" და სხვა პოლიტიკური სუბიექტების მიერ არჩეულ პიარსტრატეგიასა და ტაქტიკას? 

- მოდით შევთანხმდეთ, რომ ხელისუფლების გარდა, სხვა პოლიტიკური სუბიექტების თანმიმდევრული პიარსტრატეგიები ჩემთვის უცნობი და გაუგებარია. მე მათ ფაქტობრივად ვერ ვხედავ. რაც შეეხება ხელისუფლებას, მან პიარტექნიკები და ტექნოლოგიები ზედმიწევნით კარგად იცის. ლოგიკურია, რომ არჩევნებამდე 6-7 თვით ადრე ხდება წინასაარჩევნო კამპანიის გააქტიურება და მისი სტრატეგიის აფიშირება. აშკარაა, რომ სახელისუფლებო პიარს კოორდინაცია, ერთი წერტილიდან და ერთი შტაბიდან დაგეგმარება და მართვა დაეტყო. თუ ადრე მას ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა, ახლა აშკარაა, რომ პიარის თვალსაზრისით ხელისუფლების სტრატეგიების დაგეგმარება და განხორციელება მიზანმიმართულად, აქტიურად და საკმაოდ გონივრულადაც ხდება. 
რაც შეეხება მის ძირითად ოპონენტს, "ქართულ ოცნებას", სიმართლე გითხრათ, მათი პიარის ღერძოვან სტრატეგიას პირადად მე, ვერ ვხედავ. სტრატეგიული პიარი გულისხმობს უფრო ღრმა და გაცილებით რეალურ, თანმიმდევრულ და თუნდაც ღია სამუშაოების ჩატარებას. წინასაარჩევნო კამპანია არ არის რაღაც ფარული და ის, რომ ამომრჩევლის მხოლოდ ქვეცნობიერზე ზემოქმედებას ნიშნავდეს. ალბათ დროა "ქართულმა ოცნებამ" ბოლოს და ბოლოს გვითხრას, რა არის "ქართული ოცნება" და რისკენ მიდის მისი სტრატეგია. 

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს, სრულიად ქართული საზოგადოების სამწუხაროდ, ორ პოლუსად დაყოფილმა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ძალიან ნაკლები შანსი დაუტოვა დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომ აქტიურად გამოჩდნენ პოლიტიკურ სივრცეში. სხვათა შორის, შეფასება - "მოსწორებული სათამაშო მოედანი" გარკვეულწილად ამასაც ნიშნავს. სხვა პოლიტიკური სუბიექტები ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" ჩრდილში მოექცნენ. ფაქტობრივად, მათი აქტივობა ნაკლებად თვალშისაცემია ან თუ არის, ნაკლებეფექტურია. ხელისუფლება და "ქართული ოცნება" მზისა და მთვარის როლში არიან, ხოლო დანარჩენები პატარ-პატარა ვარსკლავების როლში და ვეღარ ანათებენ. 

- პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენამდეც ხელისუფლების ქცევა იმაზე მიანიშნებდა, თითქოს იგი სულ საარჩევნო რეჟიმში იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ველზე ივანიშვილი გამოჩნდა, ხელისუფლების ქცევა სუპერაქტიური გახდა. თქვენ აღნიშნეთ, რომ ხელისუფლების პიარი მიზანმიმართული და კოორდინაციის მაღალი დონით გამოირჩევა. თქვენი აზრით, რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე ხელისუფლების მასშტაბური და რეგულარობით გამორჩეული სატელევიზიო აქტიურობა? 

- ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ გადაჭარბებული თითქმის ყველაფერი გამაღიზიანებელია. განსაკუთრებით საინფორმაციო და სარეკლამო სივრცეში. არსებობს ცნობილი ფორმულები, რის შემდეგაც უკურეაქცია შეიძლება მივიღოთ ტელევიზიებში გადაჭარბებული ინფორმაციული და სარეკლამო ნაკადის მიღების შედეგად. ეს ჩანს კიდეც. ქართული საზოგადოების გარკვეული წრეები უკვე არ მალავენ გაღიზიანებას ხელისუფლების სატელევიზიო აქტიურობის გამო. მართლაც ყველა არხზე ერთი და იგივე გადაკოპირებული თემატიკითა და მოვლენებით ხელისუფლების სატელევიზიო აქტიურობაა. 
ხელისუფლებას ხელეწიფება არსებული სიტუაციის გამოყენება. დაწყებულია წინასაარჩევნო კამპანია. ივანიშვილის გამოჩენამ ბიძგი მისცა პოლიტიკური პროცესის გააქტიურებას. ახლა ხელისუფლებას მეტი მოტივაცია აქვს, წარმატებულად გამოიყურებოდეს სატელევიზიო ეთერში. მაგრამ ხელისუფლებას ათვისებული უნდა ჰქონდეს ინფორმაციის დოზირებულად მიწოდების ტექნოლოგიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლების საქმიანობაზე ტელევიზიით ინფორმაციის გადაჭარბებულად მიწოდება, შესაძლოა, მისთვის უკუშედეგის მომტანიც კი აღმოჩდეს. 

- იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას ივანიშვილის კრემლის პროექტობის დამადასტურებელი კონკრეტული დასაბუთება არ წარმოუდგენია, თქვენი აზრით, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ხელისუფლების მცდელობა, "ქართული ოცნების" ლიდერი კრემლის პროექტად წარმოეჩინა?

- ჯერჯერობით, დასაბუთება იმისა, რომ ივანიშვლი კრემლის პროექტია, ჩვენ არ გვინახავს. არსებობს მხოლოდ გარკვეულ ექსპერტთა ვარაუდები. თუკი არსებობდა ხელისუფლების მხრიდან მცდელობა, ივანიშვილი კრემლის პროექტად წარმოეჩინა, მაშინ ეს მცდელობა წარუმატებელი იყო. თუმცა, მე ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვლისთვის კრემლის პროექტობის იარლიყის მიწებება ხელისუფლების მიზანი იყო. რომ სდომოდათ, ამის დამადასტურებელ რაიმე ფაქტებს წარმოგვიდგენდნენ. მოარული ჭორის დონეზე ე.წ. პიარ-აქციამ თავისი საქმე მაინც გააკეთა, ვინაიდან ხალხის გარკვეულ ნაწილში დარჩა ეს მოსაზრება და დღესაც მუშაობს. ვისაც უნდა, სწორედ ასე ფიქრობს, ვისაც არ აწყობს, ამის წინააღმდეგ იბრძვის. საბოლოო ჯამში კი, იდეა ცოცხალია. ამ საკითხში სრული გაურკვევლობით არჩევნებამდე მივალთ. სავსებით რეალურია, რომ ივანიშვილის კრემლის პროექტობის დადასტურების ფაქტების წარმოჩენა, ხელისუფლებას თავადაც არ აწყობდეს. რატომღაც ამაში დარწმუნებული ვარ. 

- "ქართულ ოცნებას" პასიურობას ხშირად საყვედურობენ. შესაძლოა, პასიურობა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების საკითხის გაჭიანურებაც იყოს. მაგრამ, კოალიციის ლიდერებისგან ხშირად ისმის მტკიცება, რომ "ქართულ ოცნებას" ტაქტიკა სწორად აქვს შერჩეული. თქვენ ბრძანეთ, ივანიშვილის კოალიციამ უნდა დაგვანახოს, თუ რა არის "ქართული ოცნება." თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს ივანიშვილის გუნდის ტაქტიკის არსი და რამდენად გასაგებია იგი საზოგადოებისთვის, რომელსაც არჩევანის გაკეთება უპირველესად სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის მოუწევს?

- რაც შეეხება საყვედურებს პასიურობის შესახებ. ამის საფუძველი მართლაც არსებობს. რჩება შთაბეჭდილება, რომ კოალიციის გუნდი ამორფულია და არ არის ჩამოყალიბებული. ანუ, საკუთარ თავში არ არის გარკვეული. შემთხვევით არ დამისვამს კითხვა - რა არის "ქართული ოცნება"? ნებისმიერი ადამიანი ცხოვრობს ისე, როგორც ფიქრობს. ჩვენ დაახლოებით ვიცით, რა არის ქრისტიან-დემოკრატია, ნაციონალური მოძრაობა. ყველასთვის ქართული ოცნება რაღაც თავისია. ჩემთვის ქართული ოცნება არის დაბრუნებული ტერიტორიები და ზნეობრივად და ეთიკურად გაძლიერებული ქართველი. 

რა არის ქართული ოცნება "ქართული ოცნებისთვის", ესეც კი, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული და დაკონკრეტებული. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ქართველი, "ქართული ოცნების" მომხრე თუ ოპონენტი, საკუთარ აზრს დებს "ქართული ოცნების" შიგთავსში. მიჩნდება ეჭვი, რომ "ქართული ოცნების" მომხრეებისა და ოპონენტებისთვისაც კი "ქართული ოცნება" მორიგი მესიის მოსვლა და მისი ხელით გადარჩენის სურვილია. სამწუხაროდ, ქართველებს ეს გვაქვს. ჩვენი არქეტიპური და სტერეოტიპული აზროვნება მითოლოგიურ ამირანს უკავშირდება. მოვა ამირანი, წაართმევს ღმერთებს ცეცხლს. მერე იგი ამის გამო თავად იტანჯება, მაგრამ ჩვენ ამით ბედნიერები ვიქნებით. ამ ეტაპზე ამირანის მოლოდინი და ოცნება ხორციელდება ივანიშვილის სტატუსით და ივანიშვილის ფორმატში. ამიტომ, ის ტაქტიკა, რომელიც მათ აირჩიეს, შესაძლოა, მართლაც ღრმად ფსიქოლოგიურია, ეფუძნება ქართულ მენტალობას, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ეს ტაქტიკა განაპირობებს "ქართული ოცნების" სტაგნაციურ მდგომარეობას. 

მაგრამ მე, როგორც პიარტექნოლოგი, "ქართული ოცნების" სავარაუდო შედეგზე ვწუხვარ. 21-ე საუკუნეში არ არსებობს იმის წინაპირობა, რომ მესიამ თავისი ფუნქცია და დაპირებული მოლოდინები შეასრულოს. სწორედ ამიტომ, დიდია იმის ალბათობა, რომ დღეს აქტიურობის ფაზაში მყოფი ქართული საზოგადოების ნაწილი ნიჰილიზმის მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ეს კი, მომავალი ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის დამღუპველი იქნება. უკანასკნელ წლებში ქართულ საზოგადოებას ნიჰილიზმის საფუძველი ჰქონდა და შესაძლოა, ეს ბოლო წვეთიც იყოს იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ სრულად ჩაიქნიოს ხელი არჩევნებზე. 

- რა შეიძლება ითქვას არჩევნების შედეგების მთავარ შემოქმედზე - ამომრჩეველზე. ხშირად გვესმის, რომ ხელისუფლების ქმედებები საზოგადოებაში სხვადასხვა ფორმით შიშის დათესვას ემსახურება. თქვენი აზრით, რამდენად შეშინებულია საზოგადოება და როგორ რეაგირებს იგი პოლიტიკური კლასის აქტივობებზე? 

- სწორედ პოლიტიკური სუბიექტების აქტივობები დგას საფრთხის წინაშე. მეორე მხრივ, საინტერესოა, რამდენად იმყოფება ქართული საზოგადოება შიშის ფაქტორის დაქვემდებარების ქვეშ. უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო წლები ნამდვილად არ უწყობდა ხელს საზოგადოების შიშისგან გათავისუფლებას. პირიქით, გარკვეულ პერიოდებში გარკვეულ წრეებში მიზანმიმართულად ინერგებოდა შიშის ფაქტორი. შეიძლება დღესაც ითქვას, რომ ეს შიში საზოგადოებას ბოლომდე მოხსნილი არა აქვს. ამის დასტურად თუნდაც ის მოარული ხმა ღირს, რომლის თანახმადაც, ყველას მობილური ტელეფონი ისმინება. შესაბამისად, როცა შიში არსებოს, შიშზე აგებული ქმედება თავისუფალ არჩევანს მოკლებულია. არჩევანი ყოველთვის თავისუფლებასთან არის გაიგივებული. აქედან გამომდინარე, ალბათ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი კვლავაც იქნება არჩევნებისადმი ინდიფერენტული. თუმცა, ბოლო გამოკითხვებით არჩევნებში მონაწილეობას მოქალაქეთა 64% აპირებს. კარგია, რომ აპირებს, მაგრამ რეალურად რამდენი მიიღებს მონაწილეობას, არჩევნებამდე 7 თვით ადრე ამაზე საუბარი ნამდვილად ძნელია. ამომრჩეველთა აქტიურობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მოტივირებული იქნება იგი იმისთვის, რომ არჩევნების გზით ქვეყანაში რამე შეიცვალოს. 
სამწუხაროდ, ბევრი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მის აქტიურობაზე არაფერია დამოკიდებული. შესაძლოა, ამაზე შიშის ფაქტორმაც და წარსულში არჩევნებთან დაკავშირებით იმედგაცრუებებმაც და "ჩემზე არაფერი არ არის დამოკიდებულის" პოზიციამაც იმოქმედა. სამწუხაროდ, ის უმრავლესობა, რომელიც ლოგიკურად და ინტელექტუალურად აზროვნებს, არ მიდის არჩევნებზე, შემდეგ კი არჩევნებზე არჩევანს საზოგადოების ის "საუკეთესო ნაწილი" იღებს, რომლის შედეგსაც ყველა ვხედავთ. 

- ვითარებაში, როცა საზოგადოებაში შიშის ფაქტორი რეალურად არსებობს, რამდენად სარწმუნოდ შეიძლება მივიჩნიოთ "ენ-დი-აის" მიერ ჩატარებული გამოკითხის შედეგები?
- ნებისმიერ სოციოლოგიურ გამოკითხვაში კორექტივები არჩევნებს შეაქვს. ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევა მხოლოდ გარკვეული ტენდენციის პოტენციური შესაძლებლობის დადასტურებაა. თუ რა მოხდება რეალობაში, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ადამიანის აზრს და ქცევას განაპირობებს ძალიან ბევრი ფაქტორი და ეს ფაქტორი ყოველდღიურად ცვალებადია. შესაძლოა, ადამიანს ხვალისთვის დაგეგმილ არჩევნებზე წასვლა ჰქონდეს გადაწყვეტილი, მაგრამ ხვალ აზრი სხვადასხვა მიზეზთა გამო შეიცვალოს. ეს შეიძლება ამინდის ცვლილებასაც დაუკავშირდეს. "ენ-დი-აის" ის მაჩვენებელი, რომლის თანახმადაც ამომრჩეველთა 64% მზადაა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, დამაფიქრებელია, თუნდაც იმიტომ, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებში 7 თვით ადრე არჩევნებში მონაწილეობის სურვილს მხოლოდ 43% აფიქსირებდა. ის, რომ ახლა საზოგადოება უფრო მეტად ამჟღავნებს პოლიტიკურ აქტიურობას, ასპარეზზე ბატონ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენითაა განპირობებული. აშკარაა, რომ ხალხს "ქართული ოცნების" იმედი მიეცა, მაგრამ კონკრეტულად რისი და ეს იმედი სადამდე მიგვიყვანს, ეს არჩევნებზე გამოჩნდება.