საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოში პოლიტიკური ვითარება იძაბება. სააკაშვილის რეჟიმი არჩევნების მასშტაბურად გაყალბებისთვის ემზადება და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველანაირ მეთოდს იყენებს, ოპოზიცია კი მაქსიმალურად ცდილობს, არ აჰყვეს ხელისუფლების პროვოკაციებს და არჩევნების გზით რეჟიმის ცვლილებას გვპირდება. მაგრამ რამდენად ადეკვატურია ოპოზიციის სიმშვიდე ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკის ფონზე, დღეს არავინ საუბრობს. ასევე არავის სურს საუბარი, არჩევნების ტოტალურად გაყალბების შემთხვევაში, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია, არის თუ არა ოპოზიცია და საზოგადოება რევოლუციისთვის მზად.
ამ ეტაპზე საქართველოში რევოლუციური სიტუაცია არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს, მართოს ქვეყანა ძველებურად, ხოლო მოსახლეობის ცხოვრების დონე დღითიდღე უარესდება, საზოგადოება პოლიტიკური ცვლილებების რადიკალური მეთოდებით გადაჭრისთვის მზადყოფნას არ გამოხატავს.
საზოგადოებაში რევოლუციური სიტუაცია იქმნება მაშინ, როცა მმართველ რეჟიმს აღარ შესწევს უნარი, ძველებურად მართოს ქვეყანა და არც საზოგადოებას სურს, მუდმივი ტერორის ქვეშ იცხოვროს თავისუფლებაშეზღუდულმა. ამიტომ იწყებენ მასები გააქტიურებას, რომლის მიზანს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და ხელისუფლების შეცვლა წარმოადგენს.
ნებისმიერ საპროტესტო გამოსვლას, რომელიც პოლიტიკური ცვლილების მიღწევას ისახავს მიზნად, თან უნდა ერთვოდეს არსებული, რევოლუციურად განწყობილი საზოგადოების პრინციპულობა, დარაზმულობა და მასობრივი მოქმედების უნარი, რომელიც იქნება საკმაოდ მძლავრი საიმისოდ, რომ შეარყიოს მისთვის არასასურველი ხელისუფლება, რადგან ავტორიტარული რეჟიმები, მიუხედავად რეალური კრიზისისა, საზოგადოების ზემოქმედების გარეშე თავისით არ წაიქცევა.
მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ რევოლუციური სიტუაცია ყოველთვის არ მთავრდება რევოლუციით. სააკაშვილის რეჟიმმა ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის შეძლო, დაეძლია პოლიტიკური კრიზისი, საზოგადოების წინააღმდეგობა და, რევოლუციური სიტუაციის რეალურად არსებობის მიუხედავად, ოპოზიციას «ქუჩა» პირწმინდად მოუგო. ჯერ კიდევ 2007 წლის 7 ნოემბრის არშემდგარი რევოლუცია, ისევე, როგორც 2008 წელს იპოდრომზე შეკრებილი 300 ათასი ადამიანის უცერემონიოდ სახლში გაშვება, როცა საზოგადოება ხელისუფლების შეცვლის მიზანთან ძალიან ახლოს იყო. ოპოზიციის ნაწილმა 2010 წელსაც სცადა ქვეყანაში რევოლუციური სიტუაციის შექმნა, მაგრამ ქუჩის პოლიტიკის უპერსპექტივობის გამო საზოგადოება ამ პროცესის მონაწილე არ გახდა, რამაც ხელისუფლებას მისცა ბიძგი, პოლიტიკურ რეპრესიებსა და ოპოზიციური აზრის ჩახშობაზე გადასულიყო. ყოველი ეს «რევოლუციური» მოძრაობა წარუმატებელი გამოდგა, რაც ძირითადად სამი ფაქტორით იყო განპირობებული: 1. ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით მოახერხა პროტესტის ჩახშობა; 2. ოპოზიციამ ვერ შეძლო დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვება; 3. ოპოზიცია ბოლოს თავად (ყოველ შემთხვევაში, _ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი) გაურიგდა ხელისუფლებას. ყოველივე ამან საზოგადოება ქუჩის პოლიტიკისადმი ნიჰილისტურად განაწყო.
დღეს სააკაშვილი და «ნაციონალური მოძრაობა» სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან, რასაც ჯერჯერობით იაფფასიანი პიარითა და ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიებით პასუხობენ. ეს კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მათ არ შესწევთ უნარი, მართონ ქვეყანა კანონებითა და სამართლებრივი მეთოდებით, რადგან სწორედ კანონებსა და სამართალში ხედავენ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს. საქმე ის არის, რომ, თუკი ხელისუფლება დაუშვებს სამართლიან არჩევნებს და მისცემს საზოგადოებას შესაძლებლობას, დამოუკიდებლად აირჩიოს მისთვის სასურველი პოლიტიკური ძალა, მაშინ «ნაციონალური მოძრაობა» არჩევნებში დამარცხდება, ხოლო ავტორიტარული რეჟიმის «დამფუძნებელი მამები», სააკაშვილის მეთაურობით, შეიძლება განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ. ასეც რომ არ მოხდეს და ახალ ხელისუფლებასთან მიღწეული «პოლიტიკური კომპრომისის» გამო თუ მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა, მაშინ ძალაუფლებასთან ერთად წლების მანძილზე საზოგადოების გაღლეტის ხარჯზე ნაგროვებ უდიდეს ფინანსურ კაპიტალს მაინც დაკარგავენ. ამიტომ სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა, რომლებიც უკანონობისა და კორუფციის ჭაობში არიან ჩაფლულნი, ხელისუფლების შესანარჩუნებლად უკანასკნელ მომენტამდე იბრძოლებენ და არც ბაშარ ასადის «სირიულ გაკვეთილებზე» იტყვიან უარს.
უკვე ყველასთვის ნათელია რომ, რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს, მით უფრო მოიმატებს დაძაბულობა. ამის თქმის საფუძველს იძლევა ხელისუფლების მიერ ქვეყანაში უკვე განხორციელებული და მოსალოდნელი რეპრესიები. გადამეტებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა კონტროლის პალატა პოლიტიკურ (პარტიულ) პოლიციად გარდაქმნა, რომელიც ნაცისტური გერმანიის ტერორის სიმბოლოდ წოდებული «გესტაპოს» პრინციპებით მოქმედებს და საქართველოში ოპოზიციური აზრის ჩახშობას ისახავს მიზნად.
საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც ყველა დიქტატორულ რეჟიმს ახასიათებს, შექმნა და მთელი სიმწვავით აამუშავა «პოლიტიკური პოლიცია» კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის სახით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში «ქართული ოცნების» მხარდამჭერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აბსურდულ დაკითხვას უწყობს. ზოგადად, ინფორმაციის მოძიება-გადამოწმების მიზნით, დაკითხვაში უცნაური არაფერია, თუმცა აღნიშნული უწყება სრულიად უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს და კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებს. ვინაიდან დაკითხვამდე ადამიანებს ჩხრეკენ და ლამის დედიშობილა აყენებენ, რაც, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ოპოზიციურად მოაზროვნე ნაწილის დაშინებასა და არჩევნებამდე მათი «ნაციონალური მოძრაობის» მხარეს «გადაყვანას» ისახავს მიზნად.
კონტროლის პალატის უკანონო ქმედებებმა ხელისუფლების პოლიტიკის მთავარი მხარდამჭერი, აშშ-ის ელჩი ჯონ ბასიც აღაშფოთა, რომელმაც საკუთარი «ფეისბუქის» გვერდით გააკეთა განცხადება: «შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც ახლავს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს. სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას, ვერ გაზრდის საზოგადოების ნდობას ამ ინსტიტუტის მიმართ და ხელს ვერ შეუწყობს კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას».
ასევე, საზოგადოების და ქვეყნის უსაფრთხოებას აშკარად ემუქრება უკანონო ბანდფორმირებები თუ ნახევრადფორმალური სამხედრო დაჯგუფებები, რომელთა ჩამოყალიბება, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოში, რომელსაც ხელისუფლება, სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებში «წარმატების» მისაღწევად და ოპოზიციის დასათრგუნად გამოიყენებს. მოსალოდნელი საფრთხის რეალურობას, როგორც ჩანს, კარგად აცნობიერებენ «ქართული ოცნების» ლიდერები, რაზეც ნათლად მეტყველებს 15 მარტს ირაკლი ალასანიას მიერ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე გაკეთებული განცხადება: «მე მინდა, ყურადღება მიაპყროთ იმას, თუ რა ხდება დასავლეთ საქართველოში. რატომ ყალიბდება გასამხედროებული ჯგუფები და ვინ აიარაღებს მათ. რატომ აქვთ იარაღი მუდამ თან და რატომ ელოდებიან რაღაც მოვლენას, როდესაც ეს მათ დასჭირდებათ. ეს ზუსტად მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილი არ აპირებს, ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს, რადგან, «ჩვენ ვართ სახელმწიფოს მტრები», «ჩვენ ვიმართებით კრემლიდან».
მმართველი რეჟიმი, რომ მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებს არა ოპოზიციად, არამედ კრემლის მიერ მართულ «მეხუთე კოლონად» განიხილავს, პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებისთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია. ზედმეტად არასერიოზულია სააკაშვილის მტკიცებები, იმის შესახებ, რომ რუსეთიდან «გამოყვეს მილიარდები, «გაზპრომს» მილიარდების მეტი რა აქვს. ფიქრობენ, რამდენი მივაშაოთ ახლა პოლიტიკურ სპექტრს, ქართველ ამომრჩეველს და კაი, ახლა მაგათ ყიდვას რა უნდა. პუტინი ვერასოდეს გაიგებს, ქართველი ხალხი რატომ არ გაიყიდება შემოდგომაზე». ქვეყნის პირველი პირის ეს აბსურდული რიტორიკა არჩევნების გაყალბების შემდეგ ქუჩაში საპროტესტოდ გამოსული საზოგადოების პროტესტის სასტიკად ჩასახშობად ნიადაგის მომზადებას ისახავს მიზნად.
დღეს სააკაშვილის რეჟიმი აგონიაშია, რომელიც უკან არაფერზე დაიხევს. სწორედ ამიტომ ქმნის კრიმინალურ-გასამხედროებულ დაჯგუფებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. უკანონო ფორმირებების შექმნამ თუ სანამდე მიიყვანა საქართველო 90-იან წლებში, ყველას კარგად გვახსოვს. ამიტომ სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება ძალიან დიდი შეცდომა იქნება, ვინაიდან არაკანონიერი და ძალადობრივი გზებით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა არა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს, არამედ მთლიანად საქართველოს მოუტანს დამანგრეველ შედეგს. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაიაზრონ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებმა, რომლებსაც არ სურთ, გახდნენ თავიანთი სიჩუმით კიდევ ერთი სამოქალაქო დაპირისპირების დაწყების თანაავტორები.
მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რა ცივილურ ფორმას, მეთოდს დაუპირისპირებს სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის მიერ განხორციელებულ ტერორს ივანიშვილის კოალიცია და როგორ მოთოკავს ხელისუფლების ძალმომრეობას არჩევნებამდე.
ხელისუფლება, უკვე დიდი ხანია, გასულია კონსტიტუციური სივრციდან, მაგრამ ივანიშვილის კოალიციის პასიურობა და «ქართული ოცნების» აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების გამო დაგვიანებული რეაგირება ან მათი უფლებების დასაცავად სპეციალური ჯგუფების დღემდე ჩამოუყალიბებლობა საზოგადოებაში უკმარისობისა და გარკვეულწილად ნიჰილიზმის განცდას იწვევს, რაც არ არის სასურველი.
დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ სააკაშვილის რეჟიმი არჩევნებს აუცილებლად გააყალბებს და 2008 წლის მსგავსად ხელისუფლების კიდევ ერთხელ მიტაცებას შეეცდება. მაშინ ოპოზიცია ან შეძლებს სააკაშვილის რეჟიმს დაათმობინოს ძალაუფლება თუნდაც რევოლუციის გზით, ან დამყარდება საქართველოში სრულფასოვანი დიქტატურა და ქართველი ერი საბოლოოდ დაკარგავს თავის ფუნქციას.
თუკი უახლოეს მომავალში ივანიშვილის კოალიცია ვერ შეძლებს, აიძულოს ხელისუფლება, დაბრუნდეს კანონის ჩარჩოებში, მაშინ არჩევნების მოგებისა და მითუმეტეს პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შანსი ნულის ტოლი გახდება.
გარდა ამისა, თუ «ქართული ოცნების» ლიდერები ამ ურთულეს ვითარებაში მხოლოდ დასავლეთის სახელმწიფოთა ელჩების «კეთილი ნების» იმედზე დარჩებიან და დაელოდებიან სააკაშვილს ისინი თითს როდის დაუქნევენ, მაშინ გარდამტეხი ცვლილების იმედი არ უნდა გვქონდეს. საზოგადოება ვერ დაელოდება დასავლელი ლიდერებისთვის დამახასიათებელ «დიპლომატიურ» შეგონებებს, ან, უკეთეს შემთხვევაში, ჩვეული ევროპული მოკრძალებით ოპერატიულად აღშფოთდებით თუ შეშფოთდებით შემოფარგლულ განცხადებებს, რომლებიც «არც მწვადს წვავს და არც შამფურს», ხოლო ხელისუფლებას რეპრესიების განსახორციელებლად მოქმედების თავისუფლებას არ უზღუდავს.