"ყველა სიახლის" მე-8 ნომერში (22-28 თებერვალი) ვწერდით, როგორ აიღეს ონის ცენტრში დიდებული ქართველი პოეტის, მურმან ლებანიძის ძეგლი. დავინტერესდით, რა ბედი ეწია პოეტის ძეგლს და ამ მიზნით ონის მუნიციპალიტეტის გამგებელ იმედა გობეჯიშვილს დავუკავშირდით.
- ბატონო იმედა, ბოლოს და ბოლოს, თუ გამოინახა ონში ჩვენი საამაყო პოეტის ძეგლისთვის ადგილი და, საერთოდ, რატომ გახდა საჭირო მისი აღება ძველი ადგილიდან? - პოეტის ოჯახის, მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის სურვილი იყო, ძეგლი თავიდანვე კულტურის სახლის წინ დაედგათ, მაგრამ მაშინ რატომღაც მათი სურვილი არ გაითვალისწინეს და კინოთეატრის წინ დადგეს. ამჯერად ჩვენ ლებანიძეთა ახლობლის დახმარებით ვაცნობეთ პოეტის ოჯახს, რომ მათი სურვილისამებრ, ძეგლი უკვე დგას კულტურის სახლის წინ. მალე კეთილმოეწყობა და გამწვანდება იქ არსებული სკვერი, რომელსაც დაამშვენებს პოეტის ძეგლი. - რატომღა შეეცვალა სახელი პოეტის სახელობის ქუჩას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას თბილისის ქუჩა ეწოდა... - ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ონში მდინარის სანაპიროს ეწოდა მურმან ლებანიძის სანაპირო და დღემდე ასე ჰქვია, არავითარი თბილისის ქუჩა მისთვის არ უწოდებიათ. ონის გამგებელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დავუკავშირდით პოეტის ვაჟს, ბატონ ზაზა ლებანიძეს: - ბატონო ზაზა, ონის გამგებელმა გვაცნობა, რომ გაითვალისწინეს პოეტის ოჯახის სურვილი და მურმან ლებანიძის ძეგლი თავდაპირველად შერჩეულ ადგილზე, კულტურის სახლის წინ გადაიტანეს, თანაც ამჯერად შეცდომა გამოასწორეს და ამის შესახებ შეგატყობინეს... - პირველად მესმის. მე არავინ დამკავშირებია და ასე რომ, არაფერი ვიცი, ძეგლი გადაიტანეს თუ არა. ოჯახს არც იმის სურვილი გამოგვითქვამს, რომ ძეგლი კულტურის სახლის წინ აღემართათ, პირიქით - ჩვენ მიერ თავდაპირველადვე ის ადგილი იყო შერჩეული, სადაც აქამდე იდგა, ანუ კინოთეატრის წინ. |