კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი ირწმუნება, რომ რეგიონებში მისი უწყების მიერ გახორციელებულ მოქმედებებზე უსაფუძვლო აჟიოტაჟია ატეხილი და ბრალდებებს კატეგორიულად უარყოს, თუმცა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან, რომ კონტროლის პალატაში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების ფართომასშტაბიანი დაკითხვა დაშინების ფონზე და სამართლებრივი გარანტიების დარღვევითა მიმდინარეობდა. მიმდინარე პროცესების შეფასება “ქართულმა სიტყვამ” კოალიცია “ქართული ოცნების” წევრს, ჟურნალისტ ელისო ჩაფიძეს სთხოვა, რომელსაც, პოლიტიკაში ერთთვიანი მოღვაწეობის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
ელისო ჩაფიძე: - შეუძლებელია, კონტროლის პალატას მხოლოდ იმ პარტიის საქმიანობა აინტერესებდეს, რომელიც ოფიციალურად რეგისტრაციაშიც კი არაა გატარებული. გარდა ამისა, იმ პერიოდისათვის, როცა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ხელმოწერები გროვდებოდა, საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნებაც” კი არ იყო შექმნილი. აქედან გამომდინარე, კონტროლის პალატის მიზანი ნათელია: სცადოს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაშანტაჟება და დაშინება. ისეთი ორგანიზაციები, როგორიც Amnesti international და Human Right watch -ია, კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით განცხადებებს, როგორც წესი, დაუყოვნებლივ არ აკეთებენ და სიტუაციას რამდენიმე კვირის განმავლობაში მაინც სწავლობენ ხოლმე, თუმცა 11 მარტს დაწყებულ პოლიტიკურ დევნას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები, როგორც ამერიკის ელჩის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. იმედი მაქვს, ეს ხელისუფლებას გონზე მოიყვანს და ამ ტერრორს შეაჩერებს, მაგრამ თუ არ შეაჩერებს, ჩვე უკან მაინც არ დავიხევთ.
- ადამიანებს, რომლებსაც კონტროლის პალატაში დასაკითხად იბარებენ, სჭირდებათ თანადგომა და დაცვა. რას აკეთებს საამისოდ “ქართული ოცნება”?
- “ქართული ოცნების” ლიდერები ყველგან, სადაც მიმდინარეობდა ჩვენი მხარდამჭერების დაკითხვა, იმყოფებოდნენ. არც ერთი მათგანი არ დარჩება იურიდიული დახმარების გარეშე. ჩვენს ოფისებთან შექმნილი იქნება იურიდიული დახმარების ცენტრი. დღესდღეისობით ამ ადამიანებს აქვთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ დაკითხვებზე. გარდა ამისა, ძალიან დიდ მადლობას ვუხდით კამპანია “ეს შენ გეხებაში” ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციასციას”, რომელიც სათანადო იურიდიულ დახმარებას აღმოუჩენს ამ ადამიანებს. შემიძლია, სრული გარანტიით დაგპირდეთ, რომ არც ერთი ჩვენი მხარდამჭერი არ დარჩება იურიდიული დახმარების გარეშე. მეტიც, ქართული სახელმწიფოსგან ისინი მიიღებენ ბოდიშს და, თუკი მათი უფლებები დაირღვა, _ სათანადო კომპენსაციასაც.
- ეს როდის მოხდება?
- კონტროლის პალატის ეს ქმედებები, ბუნებრივია, გასაჩივრდება. თუ დადგინდება, რომ დაკითხვების დროს ამ ადამიანების პატივი და ღირსება შელახეს, სამოქალაქო კოდექსის მეცხრამეტე მუხლის მეექვსე ნაწილით, პატივისა და ღირსების შელახვის სანაცვლოდ, მორალურ კომპენსაციას მოვითხოვთ!
- თუმცა, ხელისუფლებასთან ასოცირებული ადამიანები ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების იმედად დატოვა. ისიც კი იკითხა “კავკასიის” ეთერში მიხეილ თავხელიძემ, ფული არ ეყო ივანიშვილს მათთვის ადვოკატების დასაქირავებლადო?
- ეს ადამიანები ნამდვილად არ არიან დარჩენილი არასამთავრობო ორგანიზაციების იმედად. ივანიშვილის შტაბში და მის კოალიციაში ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური იურისტია. მათ ჩვენი მხარდამჭერები უკავშირდებიან და იღებენ სათანადო მომსახურებას. ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა იმითაა საინტერესო, რომ ამ ადამიანების უფლებები ნეიტრალური ორგანიზაციების მხრიდან იქნება დაცული, რაც ჩვენს სიმართლეს ადასტურებს, თუმცა კიდევ ვიმეორებ: არც ერთი ადამიანი არ იქნება დარჩენილი სათანადო იურიდიული დახმარების გარეშე! მიხეილ თავხელიძეს სჩვევია, რომ გარკვეულ პროპაგანდას მიჰყოს ხელი და ტყუილი ილაპარაკოს, მაგრამ მას ვერ ავყვებით.
-ელისო, ჟურნალისტიკაში მოღვაწეობისას ადამიანის უფლებების საკმაოდ აქტიური დამცველი იყავით, თუმცა საზოგადოებისთვის ჯერ უცნობია, პოლიტიკაში წასვლის შემდეგ, რა მიმართულებით მუშაობთ...
- ყოველკვირეულად ათეულობით ჩვენს მომხრეს და არა მხოლოდ მომხრეს ვხვდები. მაქვს ინფორმაცია მათი პრობლემების შესახებ. შემიძლია, დეტალურადაც გესაუბროთ ამის შესახებ, თუკი ამ ადამიანების მხრიდან მექნება ნებართვა. ერთი თვეა, პარტიულ საქმიანობაში ჩავერთე და ძალიან ბევრი ისეთი რამაა, რაზეც ყოველდღიურად პრესკონფერენციას ვერ მოიწვევ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მოქალაქეებთან შეხვედრით, მათი ისტორიების მოსმენითა და მათი უფლებების დაცვით ვარ დაკავებული. ამ უფლებების დაცვა მოიცავს, როგორც სოციალურ, ასევე, ძალიან სერიოზულ სამართლებრივ პრობლემებს.
- თუმცა, ამის თაობაზე ჯერ განცხადებები არ გაგიკეთებიათ...
- განცხადებებს მაშინ ვაკეთებ, როცა ჩემი კოლეგა ჟურნალისტები მირეკავენ, საუბრისგან არასოდეს თავი არ შემიკავებია, თუ უფრო კონკრეტულად გაინტერესებთ, შეგიძლიათ, “ქართული ოცნების” ოფისში მობრძანდეთ და თავად იმ ადამიანებს ჰკითხოთ, რას ვაკეთებ მათი უფლებების დასაცავად. ისე კი, ჩემი საქმიანობის რეკლამირებით დაკავებული არასოდეს ვყოფილვარ.
- კონტროლის პალატამ იმ პირების სია გამოაქვეყნა, ვისაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ანგარიშიდან უხდის ხელფასს. ამ სიაში თქვენი გვარიცაა. თქვენი შეფასებით, რას ემსახურებოდა ამ ინფორმაციის გამოქვეყნება?
- გამჭვირვალეობას, რა თქმა უნდა, მივესალმები, თუმცა ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ კანონის სერიოზულ დარღვევასთან გვაქვს საქმე, რადგან ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, აქვს უფლება, ისარგებლოს როგორც ადვოკატის, ასევე, პიარ და საკონსულტაციო მომსახურებით. კონტროლის პალატის მონაცემები სიმართლეს რამდენად შეესაბამება და ის ფაქტი, რომ ამ თანხასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი დაჯარიმებულია, ჩემი აზრით, სერიოზული საერთაშორისო გამოხმაურების საგანია იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, საქმე პირდაპირ ყაჩაღურ მოქმედებასთან გვაქვს.
რაც შეეხება ხელფასს, მიხარია, რომ საზოგადოებას ეცოდინება ჩემი შემოსავლების შესახებ, დასამალი არაფერი მაქვს, თუმცა ეს არის თანხა, რომელიც მოცემულია ყოველვარი დაბეგვრის გარეშე და ვთვლი, რომ სრულიად ადეკვატურია ჩემი შრომის ანაზღაურების. ამაზე ნაკლები შემოსავალი არ მქონია წინა პერიოდში, როდესაც საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ მაინტერესებს, ხელისუფლებამ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ დახარჯული თანხების შესახებ. როდესაც ისინი ჯიბეში უძვრებიან ბიძინა ივანიშვილს და აქვეყნებენ მონაცემებს იმის შესახებ, თუ ვის რა ხელფასს უხდის, ასევე, მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოაქვეყნოს, თუ რა დაჯდა პრეზიდენტის სასახლის აშენება, რა ჯდება მისი ყოველდღიური ხარჯები და რა თანხები იხარჯება მისი გარემოცვის მადის დასაკმაყოფილებლად. ყველა ძალის მხრიდან თანხების გამჭვირვალეობას მხოლოდ მივესალმები. ამას ჩემში პროტესტი არ გამოუწვევია, იმის მიუხედავად, რომ ჯერ ხელფასი არ ამიღია და ეს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხაა. როგორც კი ხელშეკრულება დაიდო, მაშინვე ეცნობა კონტროლის პალატას, თუმცა ცოტა აჩქარდა ქალბატონი მოგელაძე, ჯობდა, ჯერ მისი ხელფასსა და რეპრესიული აპარატის ქმედებების შესახებ გვქონოდა ინფორმაცია..
- საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ კონტროლის პალატის ინტერესს მხოლოდ “ქართული ოცნების” ფინანსები წარმოადგენს. ე.წ. დარღვევების პერმანენტულად გამოქვეყნებით კონტროლის პალატა შემდგომი მოქმედებისთვის ხომ არ ემზადება, რომ მხოლოდ ფინანსური კი არა, პოლიტიკური სანქციებიც გაატაროს “ქართული ოცნების” წინააღმდეგ, თუნდაც, არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს?
- ხელისუფლება შემთხვევით არ დგამს უკანონო ნაბიჯებს და ვფიქრობ, რომ ძალიან კონკრეტული მიზანი აქვს, ანუ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის არმიცემა. სწორედ ამას ემსახურებოდა ეს ტერორი _ ეძებდნენ ისეთ მოქალაქეებს, რომლებიც გატყდებოდნენ, მაგრამ ჩვენი მომხრეები მოიქცნენ ძალიან ვაჟკაცურად, პრაქტიკულად, ამ ადამიანებმა გაუძლეს ტერრორს და კონტროლის პალატამ ვერ გამოსძალა ვერც ერთი ხელჩასაჭიდი ფაქტი კანონდარღვევასთან დაკავშირებით.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ხელისუფლებას სურს ჩვენი მომხრეების დაშინება და შესაძლოა, იმ ნაბიჯზეც წავიდეს, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალოს, მაგრამ ეს დადებით შედგეს არ მოუტონს ხელისუფლებას. პოლიტტექნოლოგიებში არსებობს მრავალი გამოცდილი და აპრობირესბული ხერხი. შეიძლება, შენ არ გადადგა რაიმე განსაკუთრებული ნაბიჯები, მაგრამ აიძულო ხელისუფლება, რომელიც კატასტროფულად მიექანება ფსკერისკენ, რომ კიდევ უფრო განავითაროს ეს სიჩქარე. ჩვენ ვმუშაობთ ამ სტრატეგიაზე, ხელისუფლებამ ყოველდღე უნდა გამოამჟღავნოს თავისი თავი. გარწმუნებთ: რაც უფრო გაააქტიურებს ხელისუფლება ივანიშვილის მომხრეების ტერორს, მით უფრო მალე გავიმარჯვებთ და დავიწყებთ დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას!
- ეს გასაგებია, მაგრამ საზოგადოება ივანიშვილისგან კიდევ უფრო მეტ აქტიურობას ელოდება, თუნდაც მყისიერ გამოხმაურებებს ხელისუფლების ქმედებებზე. ამ მოლოდინის გაცრუება ხომ არ იმოქმედებს “ქართული ოცნების” რეიტინგზე და იმ ამომრჩეველზეც, რომელმაც, ფაქტობრივად, თქვენი გამარჯვება უნდა უზრუნველყოს?
- ჰიპერაქტიურობაში სააკაშვილს ვერ შევეჯიბრებით. ვფიქრობთ, მისი აქტიურობა მხოლოდ მის წინააღმდეგაა მიმართული და ამჟღავნებს იმ ისტერიას, რომელშიც ხელისუფლებაა ჩავარდნილი. ჩვენ ძალიან წყნარ, მშვიდ ნაბიჯებს ვდგამთ, რაც ოფისების გახსნასა თუ ჩვენს მომხრეებთან შეხვედრაში გამოიხატება. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური საქმიანობაა. ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებმა თავიანთი ზედმეტი აქტიურობით, საზოგადოებას თავი არ უნდა მოაბეზრონ. მეტიც, არ გვინდა, რომ ჩვენმა მომხრეებმა დროზე ადრე გამოამჟღავნონ თავი და რაიმე საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ ამ ხელისუფლების მხრიდან. იმ ადამიანებისგან, ვისაც შეიძლება, საფრთხე შეექმნათ, მხოლოდ ერთს ვითხოვთ: მოვიდნენ არჩევნებზე და გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება. ჩვენ გვექნება სათანადო რესურსი მობილიზებული, რომ მათი ხმები დავიცვათ.
- ხალხის ნაწილმა იცის, რომ არ მოსწონს სააკაშვილი, მაგრამ ვერ ხსნის, კონკრეტულად რისთვის უნდა დაუჭიროს მხარი ივანიშვილს. როგორც ჟურნალისტი, ხომ არ ფიქრობთ, რომ “ქართულ ოცნებას” პიარში ხარვეზი აქვს?
- ვერ დაგიდასტურებ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობა, ნებსით თუ უნებლიედ, მიჩვეულია ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაციის მიღებას ტელევიზიიდან. ჩვენ ყალბ დაპირებებს და ყალბ ილუზიებს არ ვქმნით. ჩვენ კონკრეტულად ვპირდებით როგორც ჩვენს მხარდამჭერებს, ასევე, მთლიანად საქართველოს მოსახლეობას, რომ ჩვენი სტრატეგია და პროგრამა იქნება დაფუძნებული ორ ძირითად პრინციპზე. ეს გახლავთ შრომის უფლების განხორციელება საქართველოს მოქალაქეებისთვის და სამართლიანობის პრინციპებით მოწყობილი სახელმწიფო. ამის მისაღწევი გზები დასახულია და ყოველდღიურად მიმდინარეობს დახვეწა. გავითვალისწინებთ საზოგადოების დაკვეთასაც, რომ ვიყოთ უფრო მეტად აქტიურები, მაგრამ თუ გადავხედავთ ბოლო რამდენიმე თვის მონაცემებს, “ქართულ ოცნებას” აქტიურობა არ აკლია.