"უშიშროების საბჭოს პასუხი ბატონ ბათუ ქუთელიას მიერ ნაციონალური არხებზე გაკეთებული განცხადებით მოვისმინეთ და პასუხი იყო ის, რომ თურმე ირაკლი ალასანიას ჯერ მათთვის უნდა ეთქვა ის, რაც ხდება სამეგრელოში და განცხადება ამის შემდეგ უნდა გაეკეთებინა - ეტყობა ირაკლი ალასანია გიორგი თარგამაძეში ან გია თორთლაძეში შეეშალა - ეს ადამიანები მის უფროს გიგა ბოკერიას სათქმელს წინასწარ უთანხმებენ და მერე აცნობენ საზოგადოებას. ჩვენ მოვიქეცით როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომ არ ყოფილიყო ჩვენ მიმართ ბრალდებები, რომ თითქოს ჩვენ ხელოვნურად ვძაბავთ ვითარებას და ვამცნობთ მტერს, თუ სად არის დისლოცირებული მათი ბანდფორმირებები, რომლებიც შემდეგ გადაიქცეოდნენ "გმირ ბიჭებად"... - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ეს კრაზანის ბუდეები რომ მოიშლება ზუგდიდში და ზუგდიდის სოფლებში, ამაში გარწმუნებთ" / რას აპირებენ "თავისუფალი დემოკრატები".
"არადა ვის უნდა დაუპირიპირდნენ, ძალიან ადვილი მისახვედრია და მათი მიზანია ქართველი ხალხი, რომლებიც ჩვენს რიგებს ავსებენ და მათი დაშინებისა და მათი დატერორებისთვის არის ეს ჯგუფები შექმნილი. ჩვენ მოვიქეცით როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა და ეს განცხადება ღიად არ გავავრცელეთ. ჩვენ გამოვაცხადეთ კონკრეტული გვარები რვა თუ ცხრა ადამიანის, რომლებიც სათავეში უდგანან ამ უკანონო ფორმირებებს და სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ამ ყველაფერზე რეაგირება მოახდინოს. ჩვენ ეს დოკუმენტები უშიშროების საბჭოში იმ მიზნით გადავაგზავნეთ, რომ საბოლოოდ მთავარ პროკურატურაში მოხვდეს და აღიძრას საქმე უკანონო შეიარაღებული დაფგუფებების შექმნასთან დაკავშირებით. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც დაახლოებით 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს... ჟურნალისტმა ნანა ფაჟავამ მიაგნო ერთ-ერთი ასეთი თავშეყრის ადგილს, გავრცელდა ვიდეო და ყველამ ვნახეთ აწრიალებული კრაზანას ბუდე. ვფიქრობ, ეს ინფორმაცია უნდა სცოდნოდა საზოგადოებას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ცაგარეიშვილი.
"უშიშროების საბჭოს ჩვენთვის არანაირი პასუხი არ გაუცია. რა თქმა უნდა, ასეთი მოლოდინი გვქონდა - რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის იმას, რომ ახალაია აღიარებდა უკანონო შეიარაღებული რაზმების შექმნას? ეს მრავალმხრივად ტრაგიკული და საშიში მოვლენაა, რასაც ახალაია საფუძველს უყრის სამეგრელოში და გაგახსენებთ 1990-იანი წლების ტრაგიკულ მოვლენებს. კიდევ დაბრუნება იმ წარსულთან არის ამაზრზენი და უზნეობა და როდესაც სააკაშვილი მე მეუბნება, წარსულის გადმონაშთი ხარო, წარსულის გადმონაშთი ვინ არის, კარგად ჩანს იქიდან, ვინ როგორ ქმნის და აიარაღებს ამ ზონდერჯგუფებს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"საერთაშორისო საზოგადოება ძალიან არის დაინტერესებული და ირაკლი ალასანიას ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა ელჩებთან. ბრიფინგის შემდეგ ის შეხვდა აშშ-ის ელჩს და ცხადია, რომ ეს მოვლენები შემთხვევით არ დაემთხვა. ალასანიას შეხვედრის შემდეგ კი ბატონი ვაშაძე საელჩოში თავად ეწვია ელჩს და როგორ გგონიათ, ეს შემთხვევით მოხდა? როგორ გგონიათ, ის მოვლენები, რაც აშშ-ის სენატში განვიტარდა, როდესაც საქართველოზე ასე დეტალურად ისაუბრეს, შემთხვევითი იყო? ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას და ირაკლი ალასანია ამჟამადაც ამით არის დაკავებული. ჩვენმა პარტნიორებმა - ნატო-სა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ძალიან კარგად იციან ყველაფერი ამ მოვლენის შესახებ. შედეგებს დავინახავთ ძალიან მალე - სულ მცირე, ეს კრაზანის ბუდეები მოიშლება ზუგდიდში და ზუგდიდის სოფლებში, ამაში გარწმუნებთ", - მიიჩნევს გიორგი ცაგარეიშვილი.
"იმ მასალებში იყო ზუსტი მისამართები, დისლოკაციის ზუსტი ადგილები, ზუსტი რაოდენობა, ზუსტი შეიარაღება, თუ რომელი ჯგუფი რითია შეიარაღებული და ვინ რამდენს იღებს. ამასთან, ამ თანხების დარიგება ხდებოდა შავი სალაროდან. ეს ყველაფერი გაშიფრულია. სხვათა შორის, ირაკლიმ თქვა, რომ ეს ინფორმაცია პატრიოტმა ადამიანებმა მიაწოდეს და ისინი ნამდვილად პატრიოტები არიან", - დასძენს დეპუტატი და შეკითხვას - "როგორც ჩანს, უშიშროების საბჭო რეაგირებას არ აპიებს, თქვენ რას აპირებთ?" - პასუხობს:
"უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს ბატონი ბოკერია, 7 ნოემბრის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ახლა დასკვნა თქვენ გააკეთეთ, უშიშროების საბჭო როგორი ორგანოა. მაგრამ ის არსებობს, ხელმძვანელი არის ეს ადამიანი და მოგვწონს თუ არა, ეს მასალა ვის უნდა გადავცეთ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს? ჯერ აქ გვყავს უშიშროების საბჭო და უნდა მიგვეცა, მაგრამ არის ის არის გამორიცხული, რომ ბოლოს გაეროს უშიშროების საბჭოსაც მივმართოთ. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი საშუალებებით მოვუაროთ ამ საქმეს და ნება მიბოძეთ ამ საშუალებებზე ჯერ არაფერი ვთქვა. ზემოქმეების ძალიან ბევრი კანონიერი საშუალება არსებობს - ხაზს ვუსვამ - კანონიერი და ჩვენ ამ გზიდან გადახვევას არ ვაპირებთ. ჩვენ ულტიმატუმი არ წარგვიდგენია, მაგრამ ხელისუფლებას მოვუწოდეთ, უსწრაფესად მოახდინოს რეაგირება, სიტყვა "უსწრაფესი" კი ნიშნავს, რომ მყისიერი რეაგირება უნდა იყოს. ჩვენ იმავე პატრიოტი ქართველებისგან გავიგებთ, რას აკეთებენ და მოეგნენ თუ არა გონს და ამაზეც გავავრცელებთ ინფორმაციას და იმაზეც, თუკი გონს არ მოეგებიან".