"ამ პროცესების მიზანი საზოგადოების დაშინება არ არის. ამის მიზანია ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა არ მისცენ. რაც შეეხება მოქალაქეებს, ჩვენ ვხვდებით და ვესაუბრებით მათ. სულ მალე "ქართული ოცნება" შექმნის სპეციალურ ფონდს, რომელიც დახმარებას გაუწევს მოქალაქეებს და მათ ინტერესებს დაიცავს. ვფიქრობ, ამ პროცესის დამთავრების შედეგად მოქალაქეების მხარდაჭერა კი არ შემცირდება, არამედ გაიზრდება. ამ დაკითხვებმა ჩვენს მხარდამჭერებზე გავლენა მხოლოდ იმ თვალსაზრისით მოახდინა, რომ ამას უკუპასუხი მოჰყვება, მოჰყვება ჩვენი ლიდერების ჩასვლა რეგიონში და ხალხის არა მარტო გამხნევება, არამედ უფრო გააქტიურდება. იოლი არ არის რევიზორებისა და ბუღალტრების მიერ ერთი ხელის დარტყმით ხალხის შეშინება", - აცხადებს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ქართული ოცნება" მოქალაქეების დასახმარებლად საგანგებო ფონდს ხსნის / ლევან ბერძენიშვილი: "კონტროლის პალატა თავს იჭრის პროფესიულად და ანადგურებს თავის ძველ დამსახურებებსაც.
"რესპუბლიკური პარტიიდან ასზე მეტი ადამიანია დაკითხული. თითქმის ამდენივეა "თავისუფალი დემოკრატებიდან". დაკითხულთა შორის არიან სხვა მოქალაქეებიც. კონტროლის პალატასაც, როგორც ჩანს, თავისი პოტენციალი აქვს - მილიონების დაკითხვა მათაც არ შეუძლიათ. ყველა რაიონი არ არის მოცული, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ, საქართველოს მასშტაბით ტერორი და შიში დათესონ, რისთვისაც "რუსთავი 2"-სა და "იმედს" იყენებენ. მაგრამ იმ ხალხთან საუბრის შემდეგ, ვისაც ეს დაკითხვები შეეხო, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია. ყველაფერს უკურეაქცია მოჰყვა. ხალხი პირიქით ცდილობს, პოლიტიკური პარტიებისთვის მცირე, მაგრამ მაინც თავისი შემოწირულობები გაიღოს. კონტროლის პალატას ცოტა სხვა პოტენციალი სჭირდება, რომელიც არ გააჩნია. საჩივრებს რაც შეეხება, მიმდინარეობს მუშაობა არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მხრიდან - ამ საქმეში ჩართულები არიან საია და არასამთავრობოები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი. "საერთაშორისო ორგანიზაციებისგან პასუხები მივიღეთ ისეთი, როგორც საჭირო იყო და ძალიან ლოგიკურიც. მთელმა მსოფლიომ გაიგონა, რა თქვა ჯონ ბასმა, რა განცხადება გააკეთა გერმანიის საელჩომ. განცხადებებს კიდევ ველით. ეს ამბები აისახება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში. ის ბრძოლა, რომელიც კონტროლის პალატამ დაიწყო, მათთვისაც უჩვეული ბრძოლაა, იმიტომ, რომ რევიზორებისთვის პროკურორების როლის გათამაშება, 30-იანი წლების დაკითხვა და საზოგადოების დაშინება მათთვის ცოტა უჩვეულო საქმიანობაა - ისინი სხვა რამეს არიან მიჩვეული - თვალის ჩაკვრასა და ჯიბეში ფულის ჩადებას. კონტროლის პალატა თავს იჭრის პროფესიულად და ანადგურებს თავის ძველ დამსახურებებსაც. და მიწასთან ასწორებს თავის გაკეთებულ საქმეებსაც. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს აკონტროლებდეს, რაც მათ კანონით ევალებათ, ახორციელებს ერთი მოქალაქის - ბიძინა ივანიშვილის მიერ ფულის ხარჯვის კონტროლს, რაც არის აბსოლუტურად კომიკური და სასაცილო, ეს კი მთელ ქვეყანას აგდებს კომიკურ სიტუაციაში", - მიიჩნევს ლევან ბერძენიშვილი. "ის აყოლილია ერთი კაცის ხუშტურს, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი. მისი ბრძანებაა, დაიჭირეთ და დააშინეთ ყველა. ამით რასაც მიაღწევენ, თვითონაც ნახავს და თქვენც ნახავთ. ყველანაირი ხალხი იყო დაბარებული, პარტიის წევრები, მხარდამჭერები და ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვისაც შეხება არ აქვს პოლიტიკასთან, მაგრამ ჩვენი მტრები რომ არ იყვნენ დაბარებული, გასაგებია. ისეთი ადამიანებიც დაჰკითხეს, რომლებსაც არც პარტიის წევრობა აქვთ და არც რამე ფორმით გამოუხატავთ თავიანთი დამოკიდებულება, მაგრამ ითხოვდნენ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენას. ამას, როგორც ახლა "ენდიაის" კვლევა აჩვენებს, მოქალაქეების 70% ითხოვს", - განაგრძობს რესპონდენტი. "დროა, ლევან ბეჟაშვილმა მემუარების წერა დაიწყოს, იმიტომ რომ მისი უწყება უკვე გადასცდა კანონის ჩარჩოებსა და ფარგლებს. სვამს ისეთ კითხვებს, რომლის დასმის უფლება საერთოდ არ არსებობს, არათუ კონტროლის პალატის მხრიდან, არამედ არავის არ აქვს ამის დასმის უფლება! ვის ეკითხება, რატომ ვარ ამა თუ იმ პარტიაში, ბიძაშვილმა მიმიყვანა თუ მამიდაშვილმა, რამდენი შვილი მყავს და იმის მუქარა, რომ შეიძლება ჩემს შვილებს რამე მოუვიდეთ?! ეს არ არის ლევან ბეჟაშვილის კონტროლის პალატის ან ნათია მოგელაძის ან საერთოდ ვინმეს საქმე საქართველოში. ეს არის ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა და ძალიან დიდი დანაშაული, რომელიც მიმართულია საზოგადოების წინააღმდეგ ზოგადად. მთელი მსოფლიო ფეხზე დგას იმ იდიოტიზმის გამო, რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება ჩადის. ეს ასე ადვილად არ დამთავრდება და მხოლოდ საყვედურს არ ეტყვიან, რომ "ეს არ მოგსვლიათ ბიჭებო, კარგი საქმეო", ეს ძალიან სერიოზულად გასცდება ქვეყნის ფარგლებს", - დასძენს ლევან ბერძენიშვილი. |