"იმ პრობლემების გამო, რომელზეც არაერთხელ ვისაუბრეთ - აპარატურის დაწვის, ვანდალური წესით ტექნიკის განადგურების გამო სახელმწიფო უწყებების მიერ, ისევ მუშა პროცესია არხზე და ჯერ მაუწყებლობისთვის საჭირო აპარატურა არ გვაქვს. ამ ეტაპზე მოძიებული იქნა ადგილობრივ დონეზე აპარატურა, რისი შესაძლებლობაც თბილისში იყო. ამიტომ, საცდელი მაუწყებლობით ეთერში გასვლას კუსტარული ტექნიკით ვაპირებთ. რაც შეეხება იმას, სრული ფორმატით როდის გავა მაუწყებლობა ეთერში, ამის დაკონკრეტება მიჭირს. რაც შეეხება კადრებს, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, ვისთანაც გადაწყვეტილია ყველაფერი - ვისთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს ვერც ერთის ვინაობას ვერ დაგისახელებთ, იმიტომ, რომ ხელის შეშლა ყველაფერში არსებობს - ნებისმიერი ადამიანის, პროფესიონალის წინააღმდეგ, რომელსაც შეიძლება ჩვენთან მუშაობის სურვილი გაუჩნდეს, ხელისუფლება აქტიურ მოქმედებებზე გადადის, რომ ეს მოლაპარაკება წარუმატებლად დამთავრდეს", - აცხადებს "მეცხრე არხის" გენდირექტორი კახა ბექაური გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვინ უბლოკავს "მეცხრე არხს" გამოცდილ ჟურნალისტებს / "პირდაპირ ხელისუფლების ჩინოვნიკები მიდიან ნაციონალურ არხებზე და ღიად, დაუფარავად ახდენენ ჟურნალისტებზე ზემოქმედებას".
"გეტყვით, ვისთანაც გადაწყვეტილია უკვე ყველაფერი. ეს არის იმედა დარსალია, ის წაიყვანს მთავარ გამოშვებას და სავარაუდოდ, დღის გამოშვებაზეც ის იქნება. ჩვენ ახალი ამბების არხი გვაქვს და ფაქტობრივად დიდი ნაწილი ახალ ამბებს და თოქ შიუებს უკავია ბადეში, აქცენტი ამ ორ მიმართულებაზე იქნება. ქალბატონი ირინა თევდორაშვილი ჩემი მრჩეველი იქნება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში. გადაწყვეტილია, რომ გოგი ახალკაცი წაიყვანს ერთ-ერთ ნიუსის ტიპის თოქ შოუს, რომელიც საცდელი მაუწყებლობიდან იქნება ეთერში. ფორმატზე ახლა მიდის მუშაობა, ძალიან საინტერესო ფორმატი იქნება. ეს არ არის არც ერთი ფორმატის ანალოგი, რომელიც სატელევიზიო სივრცეში უნახავს აქამდე მაყურებელს. გადაცემა ეთერში გავა ყოველდღე, შაბათ კვირის გარდა, საღამოს საათებში. შაბათ-კვირის ფორმატებზე ჯერ საცდელი მაუწყებლობისთვის ჩამოყალიბებული არ ვართ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა ბექაური.
"რა თქმა უნდა, როგორც ტექნიკის მხრივ გვიშლიან ხელს, ასევე თანამშრომლების მოძიების მხრივ. მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევით, რადგან ადამიანებს უკრძალავენ ჩვენთან მუშაობას. ტელეკომპანიებში გააქტიურდა მათი მენეჯმენტის სამსახური და არა მხოლოდ ის, არამედ უკვე ხელისუფლების ჩინოვნიკები მიდიან ნაციონალურ არხებზე და ღიად, დაუფარავად ახდენენ ჟურნალისტებზე ზეწოლას. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი იყო "რუსთავი 2"-ში მისული, მივიდა და სულ მუშტები უბრახუნა მაგიდაზე ჟურნალისტებს, რომ არ გაებედათ "მეცხრე არხზე" გადასვლა. ეს მედიის წარმომადგენლებმა გადასარევად იციან. ასევე დაიწყეს კონტრაქტების დაფორმება, ხელშეკრულებები შეუცვალეს და ჩაუდეს საჯარიმო სანქციები, რომლითაც დიდი კომპენსაციები დაეკისრებათ იმ თანამშრომლებს, რომლებიც შეიძლება "მეცხრე არხზე" სათანამშრომლოდ წამოვიდნენ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ნათია ლაზაშვილთან დაკავშირებით შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რაც ნათიამ - ანუ დავადასტურო, რომ მოლაპარაკება მიდის... ვერც ერთ კონკრეტულ გვარს ვერ გეტყვით, ვისთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს ან რაღაც ეტაპზეა საქმე. რაც შეეხება კონკურსებს, პილოტის ჩაწერას, ჟურნალისტების და წამყვანების მოსვლას, - ეს პროცესი მიმდინარეობს. რაც შეეხება ბორდის წევრობის სავარაუდო კანდიდატებს, ვერ დავადასტურებ ვერაფერს ამ ეტაპზე, თუმცა პროცესი მიდის და მალე გახდება ყველაფერი ცნობილი საზოგადოებისთვის", - დასძენს კახა ბექაური.