"გეთანხმებით, სააკაშვილი ყველაფერზე წავა - ის იმდენად შეშინებულია ძალაუფლების დაკარგვის გამო და ის ხედავს, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. ელჩების მისამართით გაკეთებული განცხადება და მორიგ ისტერიკაში მისი ჩავარდნა კი იმის დასტურია, რომ ის ძალიან კარგად ხედავს, როგორ კარგავს დასავლეთის მხარდაჭერას. ბუნებრივია, ის გაღიზიანებულია და ამ გაღიზიანებას ვეღარ მალავს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკუთარი თავის კონტროლი აქვს დაკარგული", - აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ვალერი გელბახიანზე კომპრომატების შეგროვება დედამიწის ზურგზე არავის სჭირდება, ის მოსიარულე კომპრომატია!"
"სააკაშვილის განცხადება განპირობებული იყო არა მხოლოდ ბასის განცხადებით, არამედ მას ჰქონდა წინაპირობა: ერთია, ჩვენ რას ვიგებთ და მეორეა, სინამდვილეში რა ხდება. პირადად მე უამრავი ინფორმაცია მაქვს, უამრავი კომუნიკაციის საშუალება გამაჩნია. 5 ღამის განმავლობაში სახლიდან არ გამოვსულვარ, რადგან, როცა ჩვენთან როცა ღამეა, ვაშინგტონში მუშაობას მაშინ იწყებენ. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობდით 24-საათიან გრაფიკში და ვაწვდიდით ამერიკელებს ყველა იმ ინფორმაციას, რაც ჩვენი წევრების მიმართ ხორციელდებოდა. ზუსტად ვიცი, საქართველოს ხელისუფლება რა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ამერიკაში ჩვენი მეგობრები - როგორც თეთრი სახლი ადმინისტრაციაში, ასევე სენატში დეტალურად იგებენ ინფორმაციებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც ისტერიკაში ჩააგდო სააკაშვილი იყო სწორედ ის, როდესაც გაიგო, ვისთან გვქონდა და რა კომპანიებთან გვაქვს ვაშინგტონში ურთიერთობები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინ ახიდაშელი.
"ეს საიდუმლო არ არის, თუმცა ვიდრე ხელშეკრულება არ გაფორმდება თანამშრომლობაზე, მანამდე ამ კომპანიების სახელს ვერ ვიტყვი. იმედია, მალე დასრულდება ჩვენ შორის მოლაპარაკებები და ყველაფერი საჯარო გახდება. ჩვენ სერიოზულ კომპანიებთან გვაქვს მოლაპარაკებები ქვეყნის იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოშია, რომ დაგვეხმარონ ვაშინგტონში ლობირებაში. ჩვენ ველაპარაკებით კომპანიებს, რათა დავძლიოთ ის მოჯადოებული წრე, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ლობისტურმა წრეებმა შექმნეს ვაშინგტონსა და ბრიუსელში", - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - "არის თუ არა იმის სიგნალი, რომ ამერიკელები ივანიშვილს და მის კოალიციას მხარს ღიად უჭერენ და თუკი სააკაშვილი ამაში დარწმუნდა, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს მისგან? შესაძლოა თუ არა ისეთივე მტრის ხატი შექმნას ამერიკელებისგან, როგორც ეს რუსეთის მისამართით მოხდა? " - პასუხობს:
"როდესაც სააკაშვილს პრობლემები ექმნება, ამ ხერხს ყოველთვის მიმართავს. ზუსტად ასე იქცეოდა ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ასევე მოიქცა აგვისტოს ომის შემდეგ. ვიდრე ომი მოხდებოდა, მანამდე სააკაშვილი ამბობდა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ჩამოვლენ და იომებენ. როცა დაინახა, რომ ეს არ მოხდა, სააკაშვილმა ხელი შეუწყო ნიჰილიზმის გაღვივებას დასავლეთთან. ეს არ არის მისი მხრიდან სიახლე, ხშირ-ხშირად აკეთებს და დღესაც ამ ნოტზეა აწყობილი, რადგან მან ზუსტად დაინახა, რომ ძალიან ახლოსაა ის მომენტი, როდესაც საქართველოში გაჩნდება ახალი თემა, ბეიკერის ფორმულის მაგვარი. ამიტომაც ის თავს იზღვევს თავისი პროპაგანდისტული განცხადებებით... ჩემი ვიზიტი სააკაშვილისას შეგნებულად დავამთხვიე, რადგან მინდოდა ჩემი თვალით მენახა და საკუთარი ყურით მომესმინა, რაც მის ვიზიტს მოჰყვებოდა. სენატში კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც კი მქონდა შეხვედრები იყო უზარმაზარი სკეპტიციზმი, იმედგაცრუება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მათ აქვთ ახალი კოალიციის ძალიან დიდი მოლოდინი, ძალიან ბევრი კითხვა იყო როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე კოალიციის მისამართით. ინტერესები, ერთი მხრივ და მეორე მხრივ იმედი, რომ გაჩნდა, ხელისუფლების ალტერნატივა, არსებობს".
"მიხეილ სააკაშვილსაც უსვამდნენ კითხვებს ამის შესახებ. მას ძალიან მძიმე შეხვედრა ჰქონდა სენატში, სადაც რამდენიმე სენატორმა რამდენჯერმე გაუმეორა კითხვა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით და იყო ძალიან საინტერესო სარედაქციო წერილი "ვაშინგტონ პოსტში", რომელიც მოჰყვა სააკაშვილის ვიზიტს, სათაურით: "მიხეილ სააკაშვილი ჯორჯ ვაშინგტონი იქნება თუ ვლადიმირ პუტინი?" საქართველოში მუდმივად კეთდება მინიშნებები, რომ ობამასთან დაკავშირებით მას დაუსვეს კითხვა მისი პოლიტიკური მომავლის თაობაზე. აი, ის ლაპარაკი რაც სააკაშვილმა 2 დღეა რაც დაიწყო, რომ ვიღაცას თურმე საარჩევნო კამპანიაში უნდა მისი ჩათრევა და მას თურმე ქვეყნის გადარჩენა სურს, არის პირდაპირი გამოვლენა იმ კომუნიკაციის, რომელიც მასთან აქვს დასავლეთს", - განმარტავს თინა ხიდაშელი.
"მას ეშინია საარჩევნო კამპანიის, არ ჰყავს შემცვლელი, არც კი ეძებს ამ შემცვლელს, ძალიან უნდა, მაგრამ არ შეუძლია განაცხადოს, რომ კიდევ აპირებს ძალაუფლებაში დარჩენას. ამასობაში ძალიან კარგად ხედავს, რომ ჩვენ მისი კონფიგურაციები არ გვაინტერესებს. ამ კითხვას ისინი იგონებენ და თვითონვე სვამენ. თორემ ჩვენ არ გვაინტერესებს, დარჩება თუ არა სააკაშვილი ხელსუფლებაში, რადგან ის უკვე წარსულია ამ ქვეყნის და ბუნებრივია, ეს კითხვა აღარ უნდა გაჩნდეს. როდესაც ის ამ რეალობას ხედავს, მაშინ გიჟდება და ეწყება ის ისტერიკები, რაც, მაგალითად. თელავში ჩაატარა... სააკაშვილმა პოლიტიკური პაემანი პუტინთან ერთხელ უკვე მოაწყო ცხინვალის ქართულ სოფლებში 2008 წლის აგვისტოში. ჩვენ არ დავუშვებთ მეორე პოლიტიკურ პაემანს ვლადიმერ პუტინთან. ჩანს ის საკუთარ თავზე ლაპარაკობდა, როდესაც ამ თემებზე საუბრობდა. თუ ვინმე ქვეყანაში რუსეთის ინტერესებს ემსახურება, პირველ რიგში ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკა", - დასძენს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი.
"მინდა ყველამ გაიგოს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის გიჟი, მან მოირგო გიჟის პოზა, გიჟებზე არ ბრაზდებიან, გიჟებს მაინც პატიობენ რაღაცებს. ასე რომ ის გიჟი არ არის, არამედ არის დამნაშავე. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ყველაფერი, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ხდებოდა საქართველოში. ეს არის კაცი, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მკვლელებისთვის ხელის დაფარებაზე, პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიკვდილის გამოუძიებელ საქმეზე, ეს არის კაცი, რომელმაც ხელი დააფარა პარლამენტის წევრის გატაცებას და სიკვდილამდე ცემას - ვგულისხმობ, კობა დავითაშვილს. ასევე მეორე პარლამენტის წევრის ასევე სიკვდილამდე ცემას შუაგულ ქალაქში - ვგულისხმობ ვალერი გელაშვილს. მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა სია ძალიან გრძელია. ის არის 2008 წლის აგვისტოს ერთ-ერთი მთავარი ავტორი. ასე რომ, ასე მარტივად არ არის საქმე - დავუძახოთ გიჟი და ყველაფერი ეპატიოს", - მიიჩნევს თინა ხიდაშელი.