ჯონდი ბაღათურია:

ჯონდი ბაღათურია: "ამ საკითხების შესწავლისას გამოჩნდა პრეზიდენტის დედის მეტად სახიფათო კავშირები უცხოეთში"

პარლამენტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური საანგარიშო მოხსენება და დებატები მართლაც "ჩაბულბულდებოდა", რომ არა ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრების - გია ცაგარეიშვილისა და ჯონდი ბაღათურიას გამოსვლები. გახსოვთ, ალბათ, ჯონდი ბაღათურიას გამოსვლისას, როცა მან ლაპარაკი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესებზე დაიწყო, მიხეილ სააკაშვილს ნერვებმა უმტყუნა და დარბაზიდან გავიდა. დღეს "ქართული დასის" ლიდერი ამბობს, რომ მოიძია ახალი დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესების სფერო კიდევ უფრო ფართოვდება.

- ბატონო ჯონდი, ელოდით პრეზიდენტის ასეთ მწვავე რეაქციას?
- როდესაც მოხსენებას ვამზადებდი, ვფიქრობდი, რომ აუცილებლად გაღიზიანდებოდა და გაბრაზდებოდა, მაგრამ მის გაქცევას ნამდვილად არ ველოდი. გულახდილად გეტყვით, როდესაც სიტყვა გამაწყვეტინა და შეურაცხყოფაზე გადმოვიდა, ძალიან გავბრაზდი და დიდი ძალისხმევა დამჭირდა, თავი რომ შემეკავებინა, მაგრამ როგორც კი დავინახე, როგორ გავარდა დარბაზიდან, მაშინვე გადამიარა გაბრაზებამ, რადგან ჩემში "პიარშიკმა" გაიღვიძა (იცინის). მივხვდი, რომ პრეზიდენტმა, მისდა უნებურად, დიდი პიარი გამიკეთა.

- ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ გაქვთ იმის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია, რაზეც ლაპარაკობდით...
- პარლამენტში გამოსვლისას ტრიბუნაზევე მოვახდინე იმის დამამტკიცებელი დოკუმენტაციის დემონსტრირება, რაზეც ვლაპარაკობდი. ჩემს ბრალდებებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ამყარებდა მისი დეკლარაციები და გამოცემული ბრძანებულებები. გარდა ამისა, როდესაც ვლაპარაკობ პრეზიდენტის უკანონო და დაფარულ შემოსავალზე, მე ხელთ მაქვს საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ანგარიში, სადაც წერია, რომ 2009 წელს პრეზიდენტის ოჯახს ამ ფონდიდან გადაურიცხეს 444 ათასი ლარი, 2010 წელს კი - 656 ათასი ლარი, რაც ჯამში მილიონ ასი ათასი ლარია.

კი მაგრამ, ეს თანხა ხომ უშუალოდ პრეზიდენტის ოჯახისთვის არ გადაურიცხავთ?
- როგორ არა, ეს თანხა გადაურიცხეს იმ იურიდიულ პირს, რომელსაც პრეზიდენტის მეუღლე აკონტროლებს, რაც ერთი და იგივეა. ამ შემთხვევაში დაირღვა ორი კანონი: ერთი - პრეზიდენტის მეუღლეს არ ჰქონდა უფლება, აეღო საჩუქრად ამხელა თანხა, რადგან კანონი კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ ამბობს, რომ პრეზიდენტს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს არა აქვთ უფლება, წელიწადში, ჯამურად, 1.000 ლარზე მეტის საჩუქარი მიიღონ. აქ კი მილიონ ლარზეა ლაპარაკი. გარდა ამისა, პრეზიდენტი ვალდებული იყო, ეს თანხა თავის დეკლარაციაში აესახა, მაგრამ დამალა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ნებისმიერი საჩუქარი და შემოსავალი უნდა აისახებოდეს სახელმწიფო მოხელის ქონებრივ დეკლარაციაში. ამიტომ რაც უნდა ილაპარაკონ საკუთარი დანაშაულების გამომზეურებით შეშინებულმა წიკლაურმა და გაბაშვილმა, ამით პრეზიდენტის მიერ ჩადენილ კანონდარღვევებს ვერ გადაფარავენ. ამ დოკუმენტებს ვერსად გაექცევიან. ნორმალურ ქვეყანაში ამ საკითხის გამოსაძიებლად საქმე აღიძვრებოდა... ჰაერზე რომ არ ვლაპარაკობ და კონკრეტული არგუმენტები მაქვს, იმ ინტერესიდანაც ჩანს, რაც დიპლომატიურმა კორპუსმა ამ საკითხისადმი გამოიჩინა. მე სხვადასხვა საელჩოებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გადავეცი იმჟამად ჩემ ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია. 

გარდა ამისა, ამ დოკუმენტებისადმი ინტერესი გამოხატა საქართველოში მოქმედმა ნატოს ოფისმა. როგორც მითხრეს, ამ საკითხით ბრიუსელში ნატოს სათავო ოფისი დაინტერესდა. უკვე იქაც გავგზავნეთ ყველა დოკუმენტი, რომელიც წარვადგინე პარლამენტში. ამის შემდეგ კიდევ ახალი ფაქტები და გარემოებები გახდა ჩვენთვის ცნობილი. მოკლედ, პრეზიდენტის მფლობელობაში ახალი უკანონო ქონება და მისი ოჯახის წევრების ახალი ბიზნესინტერესები აღმოვაჩინეთ. ამჯერად საქმე ეხება პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას და მისი ბიზნესსაქმიანობის ახალ დეტალებს. რაც მე პარლამენტში ვთქვი გიული ალასანიას ბიზნესის შესახებ, ის თურმე გაცილებით ცოტაა. ჩვენ მიერ მოპოვებული მასალის მიხედვით, ეს ბიზნესები ოთხჯერ და ხუთჯერ აღემატება იმას, რაც აქამდე იყო საზოგადოებისთვის ცნობილი. ვამზადებთ სპეციალურ ბრიფინგს და ამაზე დაწვრილებით ვილაპარაკებთ. ამ საკითხების შესწავლისას გამოჩნდა პრეზიდენტის დედის მეტად სახიფათო კავშირები უცხოეთში, რაც სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან აუცილებლად საჭიროებს შესწავლას.

- იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, ამჯერად რომელ სფეროში იკვეთება ბიზნესინტერესები?
- ეს, ძირითადად, არის საგანმანათლებლო სფერო. საქართველოს საგანმანათლებლო სფეროში ყალიბდება, უფრო ზუსტად, დასრულების ეტაპზეა ორი მონოპოლია: ერთი - პრეზიდენტის დედის, მეორე კი კახა ბენდუქიძის ხელმძღვანელობით. ეს ორი მონოპოლია აფართოებს თავის სამფლობელოს უმაღლესი განათლების სფეროში და არა მხოლოდ ამ სფეროში. პარალელურად ჩვენ ვხედავთ განათლების სამინისტროს მიერ გარკვეული უმაღლესი სასწავლებლებისთვის ლიცენზიის შეჩერების შემთხვევებს, რაც საგანმანათლებლო ბაზრის წილს მნიშვნელოვნად ზრდის ზემოაღნიშნული ორი მონოპოლიისთვის. გარდა ამისა, ნოყიერი ნიადაგი იქმნება სპეკულაციისთვის და შესაბამისად, იზრდება სწავლის საფასური. თქვენ იცით, რომ დღეს 10 ათასამდე სტუდენტს შეჩერებული აქვს სტატუსი, არა იმიტომ, რომ ცუდად სწავლობდნენ, არამედ იმიტომ, რომ სწავლის საფასური ვერ გადაიხადეს. ამის მიზეზი კი არის კორუფცირებული და მონოპოლიზებული სასწავლო სისტემა... არც ტექნიკური უნივერსიტეტის თემაა გამოძიებული - 15 800 კვადრატული მეტრი ფართობი გადავიდა პრეზიდენტის დედის მფლობელობაში. ეს იყო უნივერსიტეტის საუკეთესო კორპუსი. ჩვენი ინფორმაციით, ქალბატონი ალასანიას სასარგებლოდ ერთ-ერთმა მეწილემ თავისი წილი 200 ლარად დათმო, თუმცა ამ დათმობამდე იქ უამრავი უკანონობა და მაქინაცია ჩატარდა. 
რაც შეეხება ჩვენ მიერ მოძიებულ ახალ გარემოებებს, გეტყვით, რომ იქმნება საშიში სურათი, რაც ქართველ საზოგადოებას ძალიან დააფიქრებს, აქ იკვეთება ძალიან სერიოზული ფინანსური კავშირები და უცხოური ფული.

- რუსული ფული?
- ამის მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით, თუმცა ერთსაც აღვნიშნავ: როდესაც უცხოური ფულით რაღაცაში გეხმარებიან, ბუნებრივად ჩნდება კითხვა - სანაცვლოდ რას აძლევ?

- პრეზიდენტმა არაერთხელ გაიმეორა, რომ თქვენი ბრალდებები უსაფუძვლოა...
- პრეზიდენტი ისე ხშირად ტყუის, მისმა სიტყვამ ფასი დაკარგა. კი, ვიცი, დადის რეგიონებში და ჩემი ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებს. ახმეტაში ჩემზე ილაპარაკა, თელავშიც ჩემზე ლაპარაკისას ძალიან შემაშფოთებლად იქცეოდა. პირდაპირ განაცხადა, ჩემი დეკლარაცია საქართველოაო, რაც სასაცილოა. პრეზიდენტს ვეტყვი, რომ დეკლარაცია მიტინგებზე კი არ უნდა შეავსოს, არამედ მაგიდასთან უნდა დაჯდეს და გაიხსენოს, ვინ რა აჩუქა, რამე რომ არ გამორჩეს მერე. საუკეთესო გამოსავალს ვთავაზობ: შექმნას ანტიკორუფციული საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. რეგლამენტით, ამგვარი კომისიის წევრებიდან ნახევარი ოპოზიციონერი უნდა იყოს, ნახევარი - ხელისუფლების წარმომადგენელი. ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, თუ პრეზიდენტი შეეცდება, დაბლოკოს ამ კომისიის შექმნა, ეს იქნება კიდევ ერთი დასტური, რომ სააკაშვილი არის უკანონოდ გამდიდრებული. 

- ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საპარლამენტო დებატებისას თქვენი გამოსვლა იყო ერთგვარი კასტინგი, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილის გულის მოგება იყო...
- თვითონ არიან შეჩვეულები პოდიუმზე და კასტინგზე სიარულს, მე რა მიგავს კასტინგზე მოსიარულეს? ეს არის უსუსური არგუმენტი ჩემი ბრალდებების გასაბათილებლად. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მის მიმართ დიდი სიმპათია გვაქვს პოლიტიკაში მისი გამოჩენის დღიდან.