"საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, ბეჟაშვილს მითითებებს ადეიშვილი ინტერნეტით უგზავნის" რატომ გაფარჩაკდა კონტროლის პალატა.

"კონტროლის პალატა "ქართულ ოცნებას" არა და არ ეშვება. გუშინ მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა გვამცნეს, რომ ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი ანგარიშიდან "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის წევრთა უკანონო დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა. დაფინანსების საერთო რაოდენობა 406 525 ლარს შეადგენდა. საქმის შესწავლის შედეგად 272 597 ლარის ოდენობის უკანონო დაფინანსების ფაქტი დადგინდა იმ პირებთან მიმართებით, რომელთა პოლიტიკური აქტივობა დადასტურებული და დაკავშირებული იყო "ქართული ოცნების" პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან. შესაბამისად, "ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი უკანონო დაფინანსების 272 597 ლარის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა". "ქართული ოცნების" პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძის თქმით, ეს ჯარიმები არანაირი კანონის ფარგლებში არ ჯდება. ცხადია, კონტროლის პალატა ხელისუფლების ხელში მხოლოდ იარაღია, რომელსაც სააკაშვილის პირადი კონკურენტის, ბიძინა ივანიშვილის გასანეიტრალებლად იყენებენ", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით გიორგი ცაგარეიშვილი: "საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, ბეჟაშვილს მითითებებს ადეიშვილი ინტერნეტით უგზავნის" / რატომ გაფარჩაკდა კონტროლის პალატა.

"კონტროლის პალატის თავმჯდომარე უნდა აბსოლუტურად დაუზიანებელი პოლიტიკური მღელვარებისგან. ეს კი დაზიანებული კი არა, პრაქტიკულად გაპარტახებულია. სააკაშვილს დავესესხები და ვიტყვი, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარე ნამდვილად გაფარჩაკებულია. ეს ადამიანი პარლამენტში ჩვენს 7-კაციან ფრაქციაში "ბოდიგარდთან" ერთად შემოვიდა - დაცვა შემოჰყვა - წიკლაური, გაბაშვილი, მინაშვილი, წერეთელი. არ ვიცი, ეს რას ჰგავს! რა, დავახრჩობდით თუ ტყავს გავაძრობდით? რას შეეხება მოგელაძის მოყვანას, როგორ გეკადრებათ, მოგელაძე, ალბათ, მალე სააკაშვილს მიიყვანს დასაკითხად თავის მისაღებში. საერთოდ, კონტროლის პალატაში ვინ არის უმცროსი თუ უფროსი, მოგელაძე თუ ბეჟაშვილი, ჯერ კიდევ საკითხავია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი.

"კონტროლის პალატის შეფები ვანო მერაბიშვილს არიან ამოფარებული და ისე გვიღერებენ მუშტებს. ღირსება აქვთ დაკარგული. ერთფეროვან მასას დაემსგავსნენ - ამ მასას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი. მათ არანაირი ნებელობითი გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ აქვთ. ნულები არიან და უკვე სახეზეა, როგორ დაასრულა თავისი მოღვაწეობა სტრუქტურამ, რომელსაც კონტროლის პალატა ჰქვია. გული მტკივა ამაზე, რადგან კონტროლის პალატა ეს არის სუფთა საპარლამენტო დაწესებულება. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს ხელში მძლავრი ბერკეტი იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისა, ინკვიზიტორად გადაიქცა - შეშის შემომწყობი მოგელაძეა, ცეცხლის დამნთები - ბეჟაშვილი. რა თქმა უნდა, ყველაფერი სააკაშვილის ხელშია. ეს ადამიანები, უბრალოდ, მარიონეტები არიან. მთელი ძალისხმევა და და ავტორიტეტი კონტროლის პალატისა, ზურაბ ადეიშვილის მოსასვენებელ ოთახში დაეტევა. ბატონ ბეჟაშვილს პირდაპირ მართავს ბატონი ადეიშვილი", - განაგრძობს რესპონდენტი.

"წინა მოწვევის პარლამენტში საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორ უგზავნიდა ადეიშვილი პირდაპირ ინტერნეტით კანონპროექტებზე მითითებებს ბეჟაშვილს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, მისი მოადგილე კი საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი მოადგილე ნინო კალანდაძე გახლდათ... რა თქმა უნდა, ბეჟაშვილი არის მარიონეტი ადეიშვილის ხელში, ადეიშვილი და სააკაშვილისა. მარიონეტობის ხარისხიც დეგრადირდა - როგორ შეიძლება მარიონეტის მარიონეტი იყო?! 5 აპრილს გადის ვადა, როცა ივანიშვილისთვის მოქალაქეპობის საკითხი უნდა გადაწყდეს. ეს პროცესი გაწელეს. ეს ჭკუასუსტები დასხდნენ და მსჯელობდნენ, რა უნდა ექნათ. არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. ბოლოს, ეტყობა იფიქრეს, რომ ანტიივანიშვილურ ვაქცინას მიაგნეს. იმიტომ გაიწელა ეს პროცესი, თორემ თებერვლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო," - განაგრძობს ოპოზიციონერი დეპუტატი. 

"ამ დროისთვის არ იყვნენ მზად და მზაკვრულ გეგმას ამზადებდნენ. ისინი აპირებენ თქვან, - "იმიტომ, რომ ივანიშვილის "საზოგადოებისთვის საშიშია" ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობას არ ვაძლევთო"... მაინც ვფიქრობ, რომ ვერ გაბედავენ: უზარმაზარი ზეწოლააა არა მარტო ქვეყნის შეგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ ამ ზეწოლას ვაძლიერებთ,. მოქალაქეობის არმიცემა ჩვენთვის არაფერს შეცვლის და პირიქით, ეს იქნება იმის აღიარება, რომ არჩევნებამდე არიან დამარცხებული. ეშინიათ ერთი ადამიანის, აღიარებენ თავიანთ სისუსტეს. ამბობენ, მთელი ჩვენი ზონდერებით, კუდ-ებით, სოდ-ებით ვერაფერს ვხდებით, ერთმა კაცმა დაგვამარცხაო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აქტი ხელმოწერილი იყოს, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მაშინ ალტერნატიული გეგმაც გვაქვს", - დასძენს გია ცაგარეიშვილი. 

"და კიდევ, კონტროლის პალატის ხელით ატეხილ ამ ისტერიკას ერთი მიზეზიც აქვს. ეს არის ის, რომ რეგიონებში ოფისები იხსნება. ეს სრული კატასტროფაა ხელისუფლებისთვის. ერთს გეტყვით - იმერეთში შემოდგომაზე, როცა საქართველოში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, მისი გაზეთი მხოლოდ 200-მა ადამიანმა აიღი წასაკითხად. საუბარია 12000-კაციან პატარა რაიონზე. ახლა კი 4 000-ზე მეტი გაზეთი მიაქვთ. იცით, რას ნიშნავს ეს ტირაჟი? ეს უზარმაზარი ციფრია. ადრე კარდაკარ დავდიოდით, ახლა ადამიანები თავისით მოდიან, რიგები დგას. ეს არის კატასტროფა სააკაშვილისთვის. ძლევამოსილების ის მითი, რომელიც რეგიონებში ჰქონდა შექმნილი, იმსხვრევა. როგორ შეიძლება ერთი და იგივე საავადმყოფი 8-ჯერ გახსნა და კალოშიანი, შარვლიანი კაცი ჩააწვინო ლოგინში. დედულეთი ბაღდათში მაქვს, ამ კაცს ვიცნობ და ვიცი, რომ სწორედ ასე მოხდა", - დასძენს გია ცაგარეიშვილი და შეკითხვას, - "იმედია" ეს ადამიანი ჯანმრთელად არის..." - პასუხობს:

"რა თქმა უნდა, კარგადაა. იქ არ ვიყავით, თორემ შეიძლება თქვენც და მეც ჩავეწვინეთ იმ საწოლში იქ რომ ვყოფილიყავით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რეგიონებში აღარაფერი შველით. ხალხს მობეზრდა ეს ყველაფერი. ჩვენი შტაბების გახსნით მიზიდულობის ცენტრები იხსნება. არის გამგეობა და ჩვენი ოფისი, დანარჩენი არაფერი ხდება. იქ თავისუფალი და უშიშარი ადამიანები იკრიბებიან და ამ ტერორის ფონზე ადამიანების აქტიურობა კიდევ უფრო იზრდება".