შალვა ნათელაშვილი -

შალვა ნათელაშვილი - "მერაბიშვილი და ადეიშვილი პალმა დე მალიორკაზე გასაქცევად ემზადებიან

შალვა ნათელაშვილი - "მერაბიშვილი და ადეიშვილი პალმა დე მალიორკაზე გასაქცევად ემზადებიან" 

"მერაბიშვილიც და ადეიშვილიც ოფიციალური მილიარდერები არიან. აკონტროლებენ არაერთ მსხვილ ბიზნესს. მთელი საწვავი და ბენზინით ვაჭრობა ვანო მერაბიშვილისაა. ამ ბიზნესშია დამნაშავე კეზერაშვილიც. ჯავახეთში მთელი ბიზნესი ადეიშვილისაა და მისი ოჯახის წევრების. ოფშორულ ზონებში აქვთ გადატანილი ძალიან დიდი ფული, ძირითადად პანამაში", აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით შალვა ნათელაშვილი: "მერაბიშვილი და ადეიშვილი პალმა დე მალიორკაზე გასაქცევად ემზადებიან".

"პანამა ოფშორია და იქ ვერ შედის ვერანაირი კონტროლი. სახლები აქვთ ნაყიდი ევროპაში. იცით როგორ ყიდულობენ? ფირმას არეგისტრირებენ იმ ქვეყნის მოქალაქის გვარზე და იმ ფირმის სახელზეა ეს სახლი. იქ როდის ჩავა ადეიშვილი დასაძინებლად ვერ გაიგებ, მაგრამ ის, რომ კემბრიჯში 100 000 ფუნტ სტერლინგს შვილის სწავლაში იხდის, ეს ცხადზე ცხადია. რომ ითქვა, მამისეულ სახლს ერთი აგურიც ვერ შემატაო - მამისეული სახლი რად უნდა, პალმა დე მალიორკაზე აქვს სასახლეები და კანარის კუნძულებზე. რად უნდა მამამისის სახლი. ეგენი ხომ აქაურები არ არიან, ეგენი გაქცევას აპირებენ. ამიტომ მთელი ქონება, უძრავი და მოძრავი, დაგროვილი აქვთ საზღვარგარეთ. აქ სახლი გვჭირდება ჩვენ, ვინც ვერსად ვერ წავალთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა ნათელაშვილი

"მერაბიშვილისაა მთელი შავიზღვისპირა ზოლი, სადაც მერაბიშვილმა უკვე ჩამოასახლა 20 000 თურქი. მთელი ბუნგალოები, რესტორნები ვანო მერაბიშვილისაა. დავით კეზერაშვილის სახლი რომ აჩვენეს, ეს სახლი არაფერია - რაც იმ სურათზე იყო, იმაზე დიდი სახლი მე მაქვს. კეზერაშვილისაა მთელი ლას ვეგასი - ლას ვეგასის ყველა 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო არის კეზერაშვილის განკარგულებაში, სადაც ის ყოველდღე გდია. ასეულობით მილიონი დოლარი იხარჯება მაგის ჩასვლა-ჩამოსვლაზე. რა თქმა უნდა, ეს სანდო წყაროებიდან ვიცი. კეზერაშვილმა აქედან წაღებული 80 მლნ დოლარი ისრაელის განვითარების ფონდში შეიტანა, როგორც ისრაელის მოქალაქემ. ამ ადამიანებს სააკაშვილი მანამდე მართავს, სანამ მათ პოლიტიკური ამბიციები წარმოეშობათ, პირველობის ამბიცია. ასე იყო ირაკლი ოქრუაშვილიც. ოქრუაშვილი ხომ იყო უწესიერესი და უსპეტაკესი, სანამ სააკაშვილთან იყო? მერე რა თქვა მასზე სააკაშვილმა? ფული შეუყვარდაო. ეს თქვა მაშინ, როცა უკვე პირველობის ამბიცია შეატყო. მანამდე სააკაშვილი ამას თავის გუნდის წევრებს ვერ ატყობს, სანამ ესენი ჯერ მის წინ კინკილაობენ. სააკაშვილს 25 მლნ დოლარის მარტო საათების კოლექცია აქვს - ეს ოქრუაშვილის განცხადების თანახმად, რომელსაც საკუთარი თვალიით აქვს ნანახი ამ საათების კოლექცია", - განაგრძობს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი.

"მერაბიშვილს მოლაპარაკებები აქვს არა მარტო რუსეთთან. ჯერ ერთი, მერაბიშვილი ამას წინათ რუსეთის შს მინისტრს ერევანში შეხვდა. ერთ-ერთი მაღალჩინოსნის გარდაცვალების თარიღი იყო ამ შეხვედრის ფორმალური მიზეზი. ეს შეხვედრა საიდუმლო ვითარებაში შედგა, თუმცა ჩვენ მაინც გავიგეთ და გავახმაურეთ. მე ვიცი, რომ ივანიშვილი მუდმივ კონსულტაციებში და მუდმივ კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან. ესენი არიან განუყრელი მეგობრები და პირადად აქებს მას ივანიშვილი. ყველამ ვიცით, რომ არაერთხელ შეაქო ივანიშვილმა მერაბიშვილი, როგორც კარგი მენეჯერი, რომელსაც ხსნიდნენ და ამის წინააღმდეგ ივანიშვილი წავიდა. ივანიშვილი უფრო შორს წავიდა და განაცხადა, ვანო მერაბიშვილს უფლება აქვს პარტისა შექმნას და პოლიტიკური საქმიანობა დაიწყოსო. ვერც მალავენ ამ კავშირს. მათ შორის კონსულტაციები მუდმივად მიდის", - დასძენს შალვა ნათელაშვილი და შეკითხვას - "ანუ ხელისუფლების მმართველ გუნდში ქვედა დინებები გააქტიურდა და პრეზიდენტი მერაბიშვილის იმედად აღარ უნდა იყოს არჩევნებზე?" - პასუხობს:

"როგორ გითხრათ, ამ წუთში ეს ერთი გუნდია. თუ დაინახავენ, რომ სააკაშვილი პოზიციები მოირყა ვაშინგტონში და ამერიკიდან ისეთი მხარდაჭერა არ არის, რაც ამ წუთისთვისაა, მაშინ, რასკვირველია, თავს უშველიან. როგორც ვირთხებს სჩვევიათ, გაიქცევიან. მაგრამ ჯერჯერობით საფრთხე არ არსებობს, ჯერჯერობით ამერიკა მკვეთრად უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილი ეყრდნობა ამერიკის უძლიერეს მორალურ, პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას. შს სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ყველა უწყება სავსეა ამერიკელი მრჩევლებით რომლებიც წყვეტენ ყველა საკითხს. ესენი არიან შირმა - მერაბიშვილიც, ადეიშვილი სააკაშვილის, არის შირმა. სინამდვილეში საქართველოს მართავენ ამერიკელი მრჩევლები. შებამისად, სრულებით არ არის დამოკიდებული სააკაშვილზე, ადეიშვილზე და იგივე მერაბიშვილზე რა მოხდება საქართველოში და რა დატრიალდება ჩვენს თავს.