"გავმართავ ბრიფინგს მომავალ კვირას, ინფორმაციას, რაც მე გამაჩნია, გავაცნობ ფართო საზოგადოებას და მერე ვნახოთ, რას იტყვის ხელისუფლება"

"მე მინდა, რომ ამ თემას დღეს არ შევეხო. მიმდინარე კვირას ამ საკითხს მე საგანგებო ბრიფინგს მივუძღვნი და ყველა კითხვაზე პასუხს მაშინ გაგცემთ. ხელისუფლების უკვე აღარავის სჯერა. არც პირადად სააკაშვილის და არც მისი იდეოლოგიური მანქანის. ასე რომ, ფაქტებმა უნდა ილაპარაკოს საკუთარ თავზე. მე ჩავატარებ ბრიფინგს მომავალ კვირას, სადაც იმ ინფორმაციას, რაც მე გამაჩნია, გავაცნობ ფართო საზოგადოებას და მერე ვნახოთ რას იტყვის ხელისუფლება. ხელისუფლებამ რაც უნდა ძველ, ნაცად ხრიკებს მიმართოს, სააკაშვილს და მის "ნაცმოძრაობას" წელში გადავტეხავთ ამ საარჩევნო პერიოდში", - აცხადებს ირაკლი ალასანია გაზეთ "მთელი კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სააკაშვილი ავტორიტარული მმართველობიდან უკვე ტოტალიტარულ მმართველობაზე გადადის".

"კონკრეტულად ჩვენი პარტიიდან სამი ადამიანი არის დაპატიმრებული, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში 90-მდე ადამიანი დაკითხეს. საერთოდ კოალიციიდან კი 300-ზე მეტი ადამიანი არის დაკითხული. ეს აჩვენებს სააკაშვილის ძალადობრივ, ტოტალიტარულ ბუნებას. სააკაშვილი თავს იქცევს იზოლაციაში და არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაც ხედავს, რომ სააკაშვილი ავტორიტარული მმართველობიდან უკვე ტოტალიტარულ მმართველობაზე გადადის. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც არ დააყოვნა რეაქციამ და ამის დასტურია ესეც და ბატონი ბასის განცხადებაც და ასევე სხვა განცხადებებიც, რაც უახლოეს დღეებში გაკეთდება. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მეგობარი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების სწორი პოზიციის გამოხატულება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.

"ხელისუფლებიდან წამოსული აგრესია და ძალადობა იმის დასტურია, რომ ეს რეჟიმი და სააკაშვილი დამფრთხალია! მას ეშინია საკუთარი ხალხის და "ქართული ოცნების", რომელიც ფეხს იკიდებს რეგიონებში. ესაა ჩვენი მობილიზების მხოლოდ დასაწყისი. ამიტომ შექმნეს პოლიტიკური პოლიციის დამატებითი ორგანო, რომელიც გახლავთ კონტროლის პალატა. ძალადობა, რომელსაც მასობრივი სახე მიეცა. ბუმერანგივით მიუბრუნდება სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნების დღეს! რაც მეტად გააძლიერებენ ზეწოლას, ეს გამოიწვევს გაასმაგებულ პროტესტის განცდას", - აცხადებს ირაკლი ალასანია გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" - მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ირაკლი ალასანია: საქართველოს გათავისუფლებას ნაციონალური ტერორისგან სამეგრელოდან დავიწყებთ!" 

"ეს უკვე იგრძნობა. მე ვიყავი ქარელის რაიონში, სადაც კოალიციის ოფიდი გაიხსნა და წინააღმედგობის მიუხედავად ხალხი მაინც მოვიდა - დიახ, პოლიცია აჩერებდა სოფლებიდან გამოსულ მანქანებს. აჩერებდა ხალხს - ეს არის დამფრთხალი, შეშინებული სააკაშვილის ისტერიული ნაბიჯები, რომელიც ვერ შეგვაშინებს. დიახ, სააკაშვილი ვერ გადაგვიყვანს აღებული კურსიდან, ვერ მოახერხებს ჩვენს მდგომარეობიდან გამოყვანას. არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდება და გადავა უმცირესობაში პარლამენტში... ესაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა მხარდამჭერებმა და ზოგადად მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ჩვენ დავდგებით ყველას გვერდით. - სერიოზული სამართლებრივი, იურიდიული ჯგუფები გვაქვს შექმნილი და მომსახურებას ვუწევთ რეპრესირებულებს. შეიძლება მოკლე ვადით ადამიანი აღმოჩნდეს რეპრესირებული, მაგრამ მისი ოჯახი არ იქნება მიტოვებული. ერთს ვიტყვი- ესაა გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრიასას ირაკლი ალასანია. 

"ხალხი გარბის საქართველოდან - 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის კლებით საქართველო გახლავთ პირველ ადგილზე ევროსაბჭოს 47 ქვეყანას შორის. ესაა სააკაშვილის პოლიტიკის შედეგი და მას კარგად ესმის, რომ ხალხი არჩევნებში მხარს აღარ დაუჭერს. ამიტომ არ ენდობა საკუთარ ხალხს, უმალავს რეალურ ინფორმაციას და აკონტროლებს ტელევიზიებს. არ ენდობა სასამართლოს და მას აკონტროლებს პროკურატურის მეშვეობით, არ ენდობა საკუთარი გუნდის წევრებსაც. ასე რომ, ესაა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის ბოლო გაფართხალება. ამას უნდა შვხვდეთ მობილიზებული და შეკრული. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ჯანსაღი ძალა დადგეს ერთად, ამიტომ კოალიცია არ უშვებს შანსს, რომ სხვა პოლიტიკურ ძალებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან გვქონდეს ურთიერთობა და თანამშრომლობა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ელჩებთან ვისაუბრეთ იმ პოლიტიკურ ტერორზე, რომელიც მიმდინარეობს მოქალაქეებზე. დემოკრატიული თანამეგობრობა, მთელი მსოფლიო გვერდში უდგას ქართველ ხალხს. ისინი ზუსტად აფასებენ შექმნილ ვითარებას. არსებულ სიტუაციაზე მოვაწოდეთ დეტალური ინფორმაცია და ვთხოვეთ რეაგირება. მალე დაიწყება დეტალური მონიტორინგი პოლიტიკურ პროცესებზე და ასევე მედიასივრცეზე, რათა საარჩევნოდ მაქსიმალურად თანაბარ პირობებში იყოს არჩევნებში მონაწილე ყველა ძალა. სააკაშვილმა დაკარგა ადამიანური და პოლიტიკური სახე. რა იმოქმედებს მიშაზე? სააკაშვილზე იმოქმედებს არჩევნების შედეგი! ჩვენ არჩევნებში წერტილი უნდა დავუსვათ მის თავაშვებულობას და ერთპიროვნულ მმართველობას - სააკაშვილი და მისი მხარდამჭერების ვიწრო ჯგუფი ფუფუნებაში ცხოვრობენ. სააკაშვილმა ბოლო ორი წლის განმავლობაში 110 მილიონზე მეტი დახარჯა საკუთარი თავისთვის და ანგარიშსაც არ აბარებს ხალხს, მაშინ როცა სოფლის მეურბნეობა მთლიანად განადგურებულია - 200-ზე მეტი სოფელი მოვიარე, ხალხს არ აქვს მიწაზე მუშაობის საშუალება. გვთხოვენ, ჩვენ შევუქმნათ პირობები. ხალხს აქვს ბიძინა ივანიშვილის ძალიან დიდი იმედი, რადგან ამ კაცმა იცის, როგორ ააღორძინოს სოფლის მეურნეობა. მას შეუქმნია 10 000-ბით სამუშაო ადგილი და ზუსტად იცის, როგორ დაუდგეს მცირე და საშუალო ბიზნესს გვერდით. მოლოდინი არის ძალიან მაღალი, - ამბობს ირაკლი ალასანია. 

"ესაა ტყუილზე აგებული ხელისუფლება, რომელიც ტყუილითა და ძალადობით აგრძელებს თავის დამკვიდრებას, მაგრამ ამას დიდი დრო არ უწერია. ძველ დროში რომ არ დავბრუნდეთ, ამიტომ არჩევნებით უნდა შევცვალოთ ხელისუფლება. ეს გააზრება აქვს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომელსაც ახსოვს რა მოიტანა ზვიად გამსახურდიას ძალადობრივი გზით შეცვლამ. ამის გამეორების დაშვების უფლება არ გვაქვს" - დასძენს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - "არჩევნებამდე დიდი დროა და როგორ ფიქრობთ, გეყოფათ მოთმინება, სააკაშვილის პროვოკაციაზე არ წამოეგოთ და პროცესები სამართლებრივ სივრცეში წარმართოთ?" - პასუხობს:

"მოთმინება არ ჰყოფნის სააკაშვილს, რაც კარგად ჩანს მის გამოსვლებში. ის არის შეშინებული, დამფრთხალი. ასეთი ადამიანი საშიშია, რადგან ყველაფერზეა წამსვლელი. ამიტომ ორმაგი პასუხისმგებლობა გვეკისრება. ჩვენ გავაერთიანებთ, კონსოლიდაციას გავუწევთ საღ, დემოკრატიულ ძალებს და თავისუფლებისმოყვარე მოქალაქეებს. არ გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი. ჩვენ ვართ ნაწილი ამ თავმოყვარე ხალხის, რომელიც აუცილებლად მიაღწევს შედეგს არჩევნების გზით".