"ეს აბსურდული პოლიტიკის გაგრძელებაა, - შუა წელიწადში, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას იცვლება თამაშის ის ძირითადი წესები, რომლებითაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ტრადიციულად სარგებლობდა. თავისთავად, ამა თუ იმ რესურსის - ფინანსური, ინტელექტუალური თუ სხვა ტიპის უკანონოდ და ლიმიტირებულად გამოცხადება, შემდეგ კი ასეთი რადიკალური მეთოდებით აღსრულება, თანაც მხოლოდ ერთ რომელიმე კანდიდატთან საბრძოლველად, ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოში არათანაბარი, არაკონკურენტული საარჩევნო გარემოა", - აცხადებს ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ასეთი აგრესიული და გაბრაზებული პრეზიდენტი კარგა ხანია, არ გვინახავს" / "თუ ჩვენ დღეს ჩვენი მოქალაქეების გაშიშვლებაზე რეაქცია არ გვექნება, ხვალ იგივეს ჩვენს შვილებსაც გაუკეთებენ" / "ანომალიურია ქართველი სტუდენტების პასიურობა ბოლო 10 წლის განმავლობაში".
"ხელისუფლების მიზანი ორგვარია: დააშინოს მოსახლეობა და გამორთოს ის საარჩევნო პროცესიდან და მეორე - სრულად გააკონტროლოს ფინანსური რესურსები. ეს არის პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვაზე ორიენტირებული ნაბიჯი. თავისთავად, ეს გარდა იმისა, რომ არის კონკურენტული გარემოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ამავე დროს არის დემოკრატიული ღირებულების, ანუ აქტიური პოლიტიკური მოქალაქეების შეზღუდვისა და მილიტარიზებისკენ გადადგმული რეპრესიული ნაბიჯი. ეს კი უაღრესად სახიფათო მოვლენაა, რადგან ურტყამენ არა მხოლოდ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას, არამედ ეს არის მცდელობა, თვისებრივად მოახდინონ გავლენა მოქალაქეთა პოლიტიკურ აქტივობაზე და მათში იმედგაცრუება და შიში დაბადონ. ეს აქამდეც არაერთხელ უცდიათ - პოლიტიკური ტრენდი ასეთი იყო: "მაინც ყველა ცუდია, ჯობს ისევ მოქმედი ხელისუფლება დარჩეს". მაგრამ ამჯერად მოცემულობა იცვლება, ლაპარაკია იმაზე, რომ შენ უნდა იყო პასიური არა იმიტომ, რომ ყველა ცუდია, ან განა იმიტომ, რომ მაინც არაფერი შეიცვლება. არა, პასიური შიშის გამო უნდა იყო. უნდა გეშინოდეს ნებისმიერი პოლიტიკური აქტიურობისა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილი. "ყოველივე ეს საარჩევნო წელს არა მხოლოდ გაართულებს ვითარებას, არამედ შეაფერხებს დემოკრატიულ პროცესებსაც. ეს ზეგავლენას მოახდენს არჩევნების ლეგიტიმაციაზეც, ხალხის მიერ არჩევნების შედეგების აღიარებასა და ცნობაზეც. ყველა მოქალაქეს წინასწარვე ეცოდინება, რომ ოპოზიციური ძალის მხარდამჭერები საარჩევნო პროცესს დაშინებით გამოთიშეს. ბუნებრივია, ეს გავლენას მოახდენს ქართველი საზოგადოების განვითარებაზე, მის მომავალსა და ისტორიულ დასავლურ ორიენტაციაზე. თუ დავყევით ძალადობას, ბუნებრივია, შედეგსაც შესაბამისს მივიღებთ და იმავე რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, გვინდა თუ არა ამ რეალობის გადაცემა შთამომავლობისთვის. პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ თავზე, უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც სადღაც, პოლიციის შენობაში, ჩვენს თანამოქალაქეებს აშიშვლებენ იმისთვის, რომ ჩვენება ჩამოართვან გაუგებარი მიზნითა და ბრალდებით და ჩვენ რეაქცია არ გვექნება, მომავალშიც ჩვენს შვილებსაც იმავეს გაუკეთებენ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ღირსების აყრა არ არის მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პირის უფლების შელახვა. როდესაც ეს სახელმწიფოებრივ კონტექსტში ითარგმნება, ითარგმნება თაობებში. აი, ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ. მთავარი სიტყვა ქართველმა ხალხმა უნდა თქვას - თანახმაა თუ არა, ეს ჩაგვრა აიტანოს", - მიიჩნევს ფილოსოფოსი "აშშ-ის პოზიცია ისეთი პატარა ქვეყნის საკითხზე, როგორიც საქართველოა, უაღრესად მნიშვნელოვანია. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯონ ბასს ასეთ განცხადების გაკეთების შესაძლებლობასა და უფლებას აძლევს ქართველი საზოგადოების მზაობა, იბრძოლოს დემოკრატიული ღირებულებებისთვის. ასეთი განცხადებები კეთდება ისეთ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობას აქვს უნარი, ეს განცხადება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ეტყობა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხედავენ ახალ ფაქტორსაც - ახალგაჩენილ პოლიტიკურ კოალიციას, რომელიც რეალისტურად მოაზროვნე დასავლელ პარტნიორებს საფუძველს აძლევს გააკეთონ განცხადებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს გვიჩენს მოტივაციას და გვარწმუნებს, რომ ჩვენი უფლებების დაცვისთვის ბრძოლა აუცილებელია, რომ ამას მხარს უჭერს აშშ-ც", - დასძენს გიორგი მარგველაშვილი და შეკითხვას - "არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პრეზიდენტი უფრო და უფრო აგრესიული ხდება, მოსალოდნელი მონობითა და ფეოდალიზმის დაბრუნებით გვაშინებს. ცხადია, ამას თან ახლავს საუბარი რუსეთის აგენტებსა და რუსულ ფულზე", -ასუხობს: "ჩემი აზრით, ეს კამპანია არ არის მიმართული რიგითი ამომრჩევლისკენ, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭიროს მხარი, ივანიშვილს თუ სააკაშვილს. ამ კამპანიის აგრესიულობა მაფიქრებინებს, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" აქტივში მიმდინარე კამპანია. ამ კამპანიაში მონაწილეობს მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ესქატოლოგიურ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც არ არის მიმართული იმ ადამიანებისკენ, რომლებსაც აინტერესებთ, როგორ აარჩიონ ორიდან საუკეთესო. ეს განცხადებები "ნაცმოძრაობის" აქტივის კონსოლიდაციას ისახავს მიზნად". |