მიხეილ სააკაშვილს ვლადიმერ პუტინი სჭირდება და პირიქით - ვლადიმერ პუტინს მიხეილ სააკაშვილი. კარგად თუ ჩავუღმავდებით, ორი მეზობელი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს მართვის სტილით ძალიან ჰგავს. ორივეს ახასიათებს ექსცენტრული გამოხდომები, ორივე ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებშია შემჩნეული, პუტინი ერთი ადგილით უპირებს სააკაშვილს ჩამოკიდებას, სააკაშვილი პუტინს (თავად ახლა ამას უარყოფს, მაგრამ თვითმხილველები არსებობენ) ლილიპუტინს ეძახდა, სხვათა შორის, პუტინიც ზუსტად ისე, უცერემონიოდ და უღირსად ექცევა ოპოზიციას, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებს. პუტინისთვისაც და სააკაშვილისთვისაც ოპოზიცია იმ ცნობილი გამონათქვამის კონტექსტში ჯდება - ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო. მართლაც, პუტინი და სააკაშვილი არაფრად აგდებენ ოპოზიციის მოთხოვნებს, არაფრად მიაჩნიათ მასთან დიალოგი, ოპოზიციის ნაწილს რადიკალებად ნათლავენ და საერთოდ გაგონებაც კი არ სურთ მათი, მაშინ როცა ოპოზიციის მეორე ნაწილი უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობასია, ანუ პუტინს სჭირდება დემოკრატიის იმიჯისთვის ჟირინოვსკი და ზიუგანოვი, სააკაშვილსაც სჭირდება დღეს პარლამენტში მოქმედი ერთკაციანი პარტიები უბრალოდ იმისთვის, რომ დაანახოს მსოფლიოს ოპოზიციის ფიზიკური არსებობის ფაქტი.
პუტინმა შეძლო მედიის სრული კონტროლი, ეს მარტო ტელევიზიებს არ ეხება, პუტინმა დახურა ის პოლიტიკური თოქშოუები, სადაც რაიმე ფორმით სულ ოდნავ მაინც შეიძლებოდა გაპარულიყო განსხვავებული აზრი, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან მოკლე დროში აილაგმა პოლიტიკური თოქშოუები, ეს პირველ რიგში თავის თავზე იწვნია ტელეჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, "იმედის" დარბევის შემდეგ ეს ტელეკომპანია ხელისუფლებას დაექვემდებარა და ახლა სამ ნაციონალურ არხზე თოქშოუების თემა უმთავრესად საზოგადოებრივ და კულტურულ თემებს ეძღვნება. ხოლო საზოგადოებრივი არხი მთლად მიშავიზიის სახელს რომ არ დაუკავშირდეს, აქა-იქ უთმობს ეთერს ე.წ. პოლიტიკურ დებატებს.
პროგრესი მაინც ის არის, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოში (ენამ არ მიყივლოს) არ მოუკლავთ ჟურნალისტები, პუტინის რუსეთში ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა ყველაზე გახმაურებული ტერაქტი იყო, კიდევ არიან მოკლული ჟურნალისტები. პრესას პუტინი არ სწყალობს, არც სააკაშვილს ეხატება გულზე გაზეთის ჟურნალისტებთან ურთიერთობა.
პუტინის რუსეთში მსხვილ ბიზნესს ვერავინ ააწყობს თუ პუტინის მეგობარი არ არის, საქართველოში მსხვილი ბიზნესი სააკაშვილისთვის კუდის აქტიური ქიცინის ფონზე შეიქმნა, პრინციპში, როგორც ჩემი ზოგიერთი კოლეგა მიმტკიცებს, ყველა ქვეყანაში ხელისუფლება აკონტროლებს მსხვილ ბიზნესს, საშუალო და წვრილი ბიზნესი კი ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ვერ ვითარდება. მისი გაკონტროლება უფრო რთულია. ამიტომაც ვერც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაადგა საშველი საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას და პუტინის რუსეთშიც ყველაფერს ძალოვანი ორგანოები აკონტროლებენ.
პუტინი და სააკაშვილი ერთმანეთისადმი ზიზღს ქვეყნების ურთიერთობებს სწირავენ, პირადი ანტიპათია პათოლოგიურ სიძულვილში გადაიზარდა და ერთმანეთის ლანძღვას ბოლო არ უჩანს. ერთ-ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა სწორად შენიშნა, რომ სააკაშვილს სასიცოცხლოდ სჭირდება რუსეთი, როგორც მტრის ხატი, პუტინმაც წინასაარჩევნო კამპანიაში კარგად გამოიყენა საქართველო, როგორც მტრის ხატი, ლამის ის დააბრალა, რომ საქართველო რუსეთის დაშლის შემდეგ ტერიტორიებს ართმევს მას. სააკაშვილის დავალებით შეიქმნა ტელეშედევრი "მოდელირებული ქრონიკა", პუტინის ხელშეწყობით გამოიძერწა ასევე მოდელირებული რუსული ქრონიკა, სადაც საბრალო რუსეთს ამერიკა და საქართველო შლის.
პუტინის ქონებრივი მდგომარეობა მითოლოგიზირებულია, ის ყველაზე მდიდარი ადამიანია რუსეთში, მისი ქონება დაუთვლელია, ბოლომდე ცნობილი არ არის, რა კაპიტალს ფლობს ვლადიმერი, ასევე ბუნდოვანი და დაფარულია სააკაშვილის ქონებრივი მდგომარეობა. მიხეილი მოხერხებულად მალავს თავის სიმდიდრეს, მოხერხებულად და ოსტატურად ინიღბება.
პუტინიც და სააკაშვილიც გაყალბების ჩემპიონები არიან, არჩევნები საქართველოსა და რუსეთში კომიკურ ელფერს იძენს არანორმალური პროცენტული მონაცემებისა და ოპოზიციის არაბუნებრივი მარცხის ფონზე. პუტინსაც უყვარს ხანდახან დემოკრატობანას თამაში, იწვევს მედიის დიდ აუდიტორიას და ემასლაათება ამა თუ იმ საკითხზე, თემატიკა ისეა შერჩეული, რომ პუტინს არაფერი ეწყინოს, მიხეილსაც ზუსტად ასე მოსწონს მედიის დიდ აუდიტორიასთან თამაში, ოღონდ სამწუხაროდ, ისე ხდება ხოლმე, რომ პრესის ჟურნალისტებისთვის ეს შეხვედრა მიუწვდომელია ან მწვავე კითხვის მოსმენის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი პირდაპირ ჟურნალისტების შეურაცხყოფაზე გადადის და კითხვა უპასუხოდ რჩება.
არც პუტინს და არც სააკაშვილს არ ახასიათებთ საგარეო პოლიტიკაში ლავირება. პუტინისთვის ამერიკა მტრის ხატია და ბრეჟნევისა და ანდროპოვის მსგავსად, არც პუტინი არღვევს ტრადიციას, სააკაშვილისთვის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთია მტრის ხატი და არა მაგალითად, ალქაიდა და უგო ჩავესი, არც პუტინს უჩნდება სურვილი ამერიკას აჰყვეს გადატვირთვის ამბავში და დაუტკბეს, არც სააკაშვილს უჩნდება იმის სურვილი, რომ საბრძოლო რიტორიკა ცოტა ხნით გვერდზე გადადოს და დიალოგის შესაძლებლობაზე მეტი იფიქროს.
მიხეილი სტუდენტებს ანაკლიაში შეხვდა, პუტინი თუ არ ვცდები - სოჭში. ფონი ზუსტად ერთი ერთზე იყო, შეხვედრა კოცონთან მიმდინარეობდა. სააკაშვილმა ოცნება ცოტა ხნით აისრულა და წარმოიდგინა, რომ მიხეილია, ოღონდ შუმახერი და არა სააკაშვილი, რბოლა მოაწყო. პუტინმაც ანალოგიური სცენა გაითამაშა, პუტინმა და სააკაშვილმა თითქმის ერთდროულად დაიწყეს საავადმყოფოების დალაშქვრა, ორივე მათგანის ამ ვოიაჟებს ამაყად აშუქებდნენ ნაციონალური არხები, პუტინმაც და სააკაშვილმაც მოახდინეს საკუთარი შიშველი (მადლობა ღმერთს ამჯერად გაგვიმართლა და მხოლოდ წელს ზევით შიშველი) სხეულის დემონსტრირება ტელეკამერების თვალწინ, თუმცა მიხეილის ფანებს გული უნდა დავწყვიტო, ამჯერად პუტინმა აშკარად აჯობა მიხეილს. ემჩნევა კაცს, რომ სპორტულად ცხოვრობს და მეტი ჭამის ნაცვლად მეტს ვარჯიშობს. პუტინმაც ჩაყვინთა წყალში და სააკაშვილმაც მოიზომა აკვალანგისტის კოსტუმი, მაგრამ ვერ მოზომა და კინაღამ წერილი წაიღო. მიხეილი ჯერ სვანეთის მთებში სრიალებდა და მერე უცებ წყალში ჩაყვინთა, ეტყობა, წნევის ცვალებადობის გამო გული დაიტვირთა. კარგია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. მიხეილი ტრაქტორზეც ზის, თვითფრინავსაც კი მართავს, პუტინი ცხენს დააჭენებს, მიხეილს ცხენით ჯირითის სწავლაც დასჭირდება.
ერთმანეთს რომ ეჯიბრებიან, ეს მედიამაც შეამჩნია და სტატიებიც მიუძღვნა ამ უცნაურ პაექრობას. მიხეილი უფრო ადრე მიუჯდა კოცონს ანაკლიაში თუ პუტინი სოჭში. ან მიხეილმა უფრო ადრე ჩაყვინთა წყალში თუ ვალოდიამ, ეს მეორეხარისხოვანი ამბავია. მთავარი ის არის, რომ ერთმანეთს ძალიან ჰგვანან მართვის სტილით და აზროვნებით, პუტინი კიდევ ექვსი წელი იქნება რუსეთის პრეზიდენტი, სააკაშვილმაც რომ პრემიერობა მოინდომოს, ეს უკვე მეტისმეტი იქნება, თანაც, თუ პუტინმა ოპოზიცია ისევე სასტიკად დაარბია, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა; დასავლეთს მოუწევს სერიოზულად იმაზე ფიქრი, როგორ გადასინჯოს ურთიერთობა ერთმანეთთანაც და მეორესთანაც. და ბოლოს, ორივეს უხვად ახასიათებთ საომარი რიტორიკა, მილიტარისტული გამონათქვამები, ამიტომ რუსებიც და ქართველებიც, სამწუხაროდ, ისევ მუდმივი ომის მოლოდინში ვართ.