არჩილ გეგეშიძე -

არჩილ გეგეშიძე - "ის რომ პრივატულ საუბარს ჯონ ბასმა საჯარო განცხადება არჩია, აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციას გამოხატავს"

"აშშ-ს ელჩი ასეთ განცხადებებს ტყუილად არ გააკეთებდა. როგორ ჩანს ბასის ეს განცხადება გადამოწმებულ ფაქტებს ემყარება. შესაბამისად ის, რაც ქვეყანაში ხდება, მისი აზრით, მიუღებელია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით. მთელი მსოფლიო ელოდება, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ყველა სტანდარტით გამართული არჩევნები ჩატარდეს და რა თქმა უნდა, მათ შორის საარჩევნო გარემო უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, თავისუფალი და ამომრჩეველი ყოველგვარი დაშინებისა და ზეწოლის გარეშე უნდა ახდენდეს თავისუფალ არჩევანს", - აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ჩვენ მალე ვნახავთ იმას, რომ ხელისუფლება უკან დაიხევს და შეწყვეტს დაკითხვებს" / როგორ იმოქმედებს აშშ-ის ელჩის მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული განცხადება კონტროლის პალატის გეგმებზე.

"თუკი ამომრჩევლის წინაამდეგ ასეთი უსამართლო ნაბიჯები გადაიდგმება - ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია კონტროლის პალატისგან, - არის შეშფოთების საგანი და სწორედ ეს დამოკიდებულება გამოხატა აშშ-ის ელჩმა. ეს ერთგვარად, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის შეფასებაცაა. ბატონი ბასი თავის ანგარიშებს, საკუთარ მოსაზრებებს ვაშინგტონში აგზავნის, სადაც ამის საფუძველზე ყალიბდება უკვე მოსაზრება და შეფასებები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. აშშ ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია და ვაშინგტონის მხრიდან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბასს შეეძლო თავისი მოსაზრება უშუალოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან პრივატულ საუბრებში გამოეთქვა, მაგრამ მან საჯარო გაცხადება არჩია, რაც, ვფიქრობ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციას გამოხატავს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გეგეშიძე.

"ჩემთვის მისასალმებელია, როცა ელჩმა ასეთი ფორმით არჩია თავისი მოსაზრების გამოხატვა. რაც შეეხება ვახტანგ ბალავაძის მოსაზრებას, რომ "დეტალური ინფორმაციის მიღების შემთხვევაში აშშ-ის ელჩს კონტროლის პალატის ქმედებებთან დაკავშირებით შენიშვნები არ ექნებოდა" - თუკი ბატონი ბალავაძე მოახერხებს იმას, რომ რაც ხდება, იმის საპირისპირო ფაქტები და არგუმენტები მიაწოდოს, შესაძლოა ელჩმა შეცვალოს შეფასება, - მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ბალავაძე ამას მოახერხებს და დაარწმუნებს ელჩს, რომ არასრული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა შეფასება", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ანუ, აშშ მკაცრად აკონტოლებს საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს და შესაძლოა მკვეთრი განცხადებები მომავალშიც ვიხილოთ?" - პასუხობს:

"ეს ასეა. ბასის დღევანდელი განცხადება იმის დასტურია, რომ აშშ უკვე აკვირდება წინასაარჩევნო პროცესებს და ასეთი შეშფოთების გამოთქმით ზემოქმედებასაც ახდენს მასზე. ვიმეორებ, რომ ხელისუფლებას უნდა ეყოს გონიერება და გაითვალისწინოს ბასის შეფასება. სხვა შემთხევვაში სხვა ტონალობით და სხვა დონიდან წამოსული გზავნილები იქნება."